Saturday, April 23, 2011

„ჰიუნდაი“ მსოფლიოს მეოთხე უდიდესი ავტომწარმოებლის სტატუსს უმიზნებს

Hyundai Wants World's Fourth Largest Carmaker Spot

23 აპრილი

ბოლო რამდენიმე თვეა, „ჰიუნდაისა“ და მის ჯგუფში შემავალი „კიას“ გაყიდვები განუხრელად იზრდება, რამაც კორეულ კონგლომერატს იმის საფუძველი მისცა, რომ მსოფლიოს მეოთხე უდიდესი ავტომწარმოებლის სტატუსის მოპოვებაზე იფიქროს.

„ჰიუნდაი“ იმედოვნებს, რომ წელს 5.7 მილიონი ავტომობილის გაყიდვას შეძლებს. ამ იმედს ის ფაქტორიც აძლიერებს, რომ ბოლო 11 თვეში, ამ ორი კომპანიის მიერ უკვე 5.2 მილიონი ავტომობილია გაყიდული. გაყიდული ავტომობილებიდან 3.3 მილიონი „ჰიუნდაია“, 1.91 მილიონი კი - „კია“. რაც მთავარია, ეს მაჩვენებელი წინა თვის შესაბამის მაჩვენებელზე თითქმის 21 პროცენტით მეტია.

„ჰიუნდაის“ მომდევნო წლისთვის გაცილებით ოპტიმისტური მიზნები აქვს, თუმცა მაინც აცნობიერებს, რომ მსოფლიოს მეოთხე უდიდესის სახელის მიწვდომა მაინც ძალიან ძნელი იქნება. გაყიდვების მაჩვენებლით მეოთხე ადგილი ამჟამად „რენოსა“ და „ნისანის“ ალიანსს უკავია, რომელსაც ბოლო 11 თვეში 6 მილიონზე მეტი ავტომობილი აქვს გაყიდული.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის მაჩვენებლებით, პირველი ადგილი „ტოიოტას“ უკავია, რომელმაც 8.42 მილიონი ავტომობილი გაჰყიდა. „ჯენერალ მოტორსი“ მას მცირედით (8.39 მილიონი) ჩამორჩა. მესამე ადგილი კი „ფოლკსვაგენის“ ჯგუფს (7.14 მილიონი) უკავია.

სხვათა შორის, მეოთხე ადგილს „ჰიუნდაის“ გარდა კიდევ ერთი კომპანია - „ფორდი“ უმიზნებს, რომლის უპირველესი მიზანიც ისაა, რომ ამერიკაში მეორე უდიდესი ავტომწარმოებლის წოდება დაიბრუნოს. ეს ადგილი მას არცთუ დიდი ხნის წინ, „ტოიოტამ“ ჩამოართვა. პირველი კი, რა თქმა უნდა, „ჯენერალ მოტორსია“.

„ჰიუნდაის“ ამბიციური მიზნის მიღწევაში შეიძლება იაპონიაში მომხდარი მიწისძვრა და ცუნამი დაეხმაროს. საქმე ისაა, რომ ამის გამო, „ტოიოტას“ კარგა ხანს გაჩერებული ჰქონდა იაპონური ამწყობი ქარხნები, ამერიკულებში კი წარმოების ტემპები შეანელა, რადგან მაკომპლექტებლების დეფიციტს განიცდიდა. გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, „ჰიუნდაის“ და „კიას“ ამერიკული ქარხნები სრული დატვირთვით მუშაობს.

„ჰიუნდაის“ მონტგომერის (შტატი ალაბამა) ქარხნის წლიური წარმადობა 300 000 ავტომობილია, თუმცა ის ახლა იმ რეჟიმში მუშაობს, რომ 10 პროცენტით მეტი გამოუშვას. მსგავსი სიტუაციაა ამ ქარხნიდან აღმოსავლეთით, 80 კილომეტრში მდებარე „კიას“ უესტ პოინტის (შტატი ჯორჯია), ამწყობ ქარხანაში, რომელიც სამ ცვლაში, შაბათობითაც კი მუშაობს. უფრო მეტიც, კომპანიის ხელმძღვანელობა უახლოეს მომავალში ამ რეჟიმის შეცვლას არც აპირებს.

No comments:

Post a Comment