Saturday, April 23, 2011

სუბარუ XV“ – „იმპრეზა“ ქროსოვერის ფორმაში

Subaru XV Concept is a High-Riding Impreza Crossover

24 აპრილი

ნიუ იორკისა და შანჰაის საავტომობილო შოუზე, რომლებიც პრაქტიკულად ერთდროულად ჩატარდა, „სუბარუმ“ თავისი ორი სიახლე - შესაბამისად, ახალი „იმპრეზა“ და ამავე ავტომობილის ბაზაზე დამზადებული კონცეპტუალური ქროსოვერი XV წარადგინა. სხვათა შორის, ამ აბრევიატურით, იაპონური კომპანია, ზოგიერთი ბაზრისთვის, მათ შორის იაპონიისთვისაც, მაღალი გამავლობის „იმპრეზას“ აწარმოებს (იგივე ავტომობილი ამერიკაში იმპრეზა აუტბექ სპორტის სახელით იყიდება). და როგორც ჩანს, მალე ამ ავტომობილს სხვა ბაზრებზეც შეიტანს, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი ჩინეთი იქნება.

რა თქმა უნდა, მწვანე ფოსფორისფერში გამოწყობილი ავტომობილი სრულამძრავიანი ტრანსმისიითაა აღჭურვილი, რომელიც „იმპრეზასგან“ მიიღო. ამასთან, ის გზის საფარიდან უფრო მეტადაცაა დაშორებული, რაც მას ქროსოვერად წარმოგვიდგენს. მის ამ თვისებას, ოდნავ უხეში დიზაინი და ბორბლებიც უსვამს ხაზს.

“სუბარუ XV-ს“ გაბარიტებია: სიგრძე 4 450 მილიმეტრი, სიგანე 1 800 მილიმეტრი, სიმაღლე 1 620 მილიმეტრი, ბორბლებს შორის ბაზა კი 2 635 მილიმეტრი. ამგვარად, ის 20 მილიმეტრით გრძელი, 30 მილიმეტრით განიერი და 50 მილიმეტრით მაღალია ამავე სახელწოდების კონცეპტუალურ ავტომობილზე, რომელიც „სუბარუმ“ შარშან, ჟენევის ავტო შოუზე გვიჩვენა.

კონცეპტუალური ავტომობილი 2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომლის ცილინდრებსაც ოპოზიტური განლაგება აქვს. ძრავთან უსაფეხურო ვარიატორია შეწყვილებული. სუბარუ XV“ 19-დუიმიან ბორბლებზე დგას, რომლებზეც 245/45 R19 საბურავებია ჩაცმული.

როგორც ჩანს, კონცეპტუალური ავტომობილი „სუბარუს“ ახალი კორპორატიული სტილის პიონერიცაა. და თუ ასეა, აშკარაა, რომ იაპონური კომპანია არჩევანს უფრო უხეშ ფორმებზე აკეთებს. მაგრამ ეს ავტომობილი ამ სახით ბაზარზე გამოჩნდება თუ არა, ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

No comments:

Post a Comment