Saturday, April 30, 2011

„ფერარი“ შვიდწლიან გარანტიას გთავაზობთ

Ferrari Warranty

30 აპრილი

სუპერ ავტომობილების მწარმოებელმა იტალიურმა კომპანია „ფერარიმ“, თავისი ახალი ავტომობილების მყიდველს, შვიდწლიანი საგარანტიო მომსახურება შესთავაზა. ლაპარაკია სამ მოდელზე - „კალიფორნიაზე“, „458 იტალიასა“ და FF-ზე, რომლებიც მყიდველებს 15 მარტის შემდეგ მიაწოდეს.

საგარანტიო პროგრამაში შესულია ყველა ის სტანდარტული სამუშაო, რომლებიც გეგმიური ტექმომსახურებითაა გათვალისწინებული. გარდა ამისა, ამავე პროგრამით, კომპანია ყველანაირ სითხეს - ძრავის ზეთს და მუხრუჭების სითხესაც უფასოდ ცვლის.

„ფერარის“ განცხადებით, მომსახურების გაფართოებული პროგრამა, წელიწადში ერთ უფასო მომსახურებას ითვალისწინებს. თუმცა, თუ ავტომობილი სერვისებს შორის 20 000 კილომეტრზე მეტს გაივლის, მას წელიწადში უფრო მეტჯერაც (ყოველ 20 000 კილომეტრზე ერთხელ) მოემსახურებიან. თანაც, ახალი პროგრამა ძალაში იმ შემთხვევაშიცაა, როცა ავტომობილს მფლობელი გამოეცვლება.

ცნობისათვის, დასახელებულ სამ მოდელს შორის, „ფერარიმ“ ბოლოს FF გამოუშვა, რომლის მსოფლიო პრემიერაც დეტროიტის საერთაშორისო ავტო შოუზე შედგა. ეს იტალიური კომპანიის ისტორიაში პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი სრულამძრავიანი ავტომობილია, რომლითაც მარანელოელებმა „612 სკალიეტი“ შეცვალეს.

„ფერარი FF“ 6.262-ლიტრიანი V12 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 660 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ამ ძრავით, ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ-ის აკრეფა 3.7 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 335 კმ/სთ-ს აღწევს.

No comments:

Post a Comment