Saturday, April 30, 2011

„ფოლკსვაგენი“ ჩინეთში იაფფასიან ბრენდს ქმნის

Volkswagen Intends to Introduce a Low Cost Brand for China

30 აპრილი

„ფოლკსვაგენი“ ჩინური ბაზრის ლიდერია. ახლახანს გერმანულმა ჯგუფმა, ცისქვეშეთში თსვისი ესპანური ბრენდი სეატი წარადგინა, თუმცა ამით დაკმაყოფილებას არ აპირებს და იქვე კიდევ ერთი, სრულიად ახალი და რაც მთავარია, ჩინური ბრენდის დაფუძნებას განიხილავს.

„ამჟამად, ჩვენს პარტნიორ „ფირსტ აუტო უორკსთან“ (FAW) ერთად, ახალი ადგილობრივი ბრენდის მიზანშეწონილობას განვიხილავთ. ამ ბრენდით, ადგილობრივი ბაზრის იაფფასიანი ავტომობილების სეგმენტში ვიმუშავებთ“, - ამბობს „ფოლკსვაგენის“ ჩინური ფრთის გაყიდვებისა და მარკეტინგის აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი სოჰ ვეიმინი.

გერმანულმა გიგანტმა ჩინური იაფფასიანი ბრენდის შექმნაზე მას შემდეგ დაიწყო ფიქრი, რაც რამდენიმე კონკურენტმა ასეთი ნაბიჯი გადადგა. მათ შორის არიან „ჯენერალ მოტორსი“, „ჰონდა“ და „ნისანი“. სხვათა შორის, ჩინეთის მთავრობა ყველაფერს ცდილობს იმისათვის, რომ უცხოურ კომპანიებს, ადგილობრივებთან ერთობლივი კომპანიების შექმნა აიძულოს, რაც ჩინელ ავტომწარმოებლებს გამოცდილების შეძენის და ახალი ტექნოლოგიების ათვისების საშუალებას მისცემს.

სოჰი ამბობს, რომ ჩინური ავტობაზრის დაახლოებით 20 პროცენტი სწორედ დაბალფასიანი ავტომობილებისაა და დიდი შეცდომა იქნება, რომ „ფოლკსვაგენს“ ასეთ დიდ სეგმენტში საკუთარი ინტერესი არ ჰქონდეს. თუმცა, იმაშიც დარწმუნებულია, რომ სანამ შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ, გერმანული ჯგუფის ხელმძღვანელებმა ეს საკითხი დაწვრილებით უნდა შეისწავლონ.

დაამატებს თუ არა ახალ ბრენდს, „ფოლკსვაგენს“ მაინც გადაწყვეტილი აქვს, რომ 2018 წელს ჩინეთში მისი წარმოების მოცულობა 4 მილიონამდე გაიზარდოს, რაც წარმოების ახლანდელ მოცულობაზე თითქმის ორჯერ მეტია. დღეისათვის ვოლფსბურგელებს ჩინეთში 7 ქარხანა აქვთ და კიდევ ორს აშენებენ. ამასთან, შვიდივე მოქმედ ქარხანაში, წარმოების გაზრდას აპირებენ. რაც შეეხება ახალ ქარხნებს, მათი წლიური წარმადობა თავიდან 300 000 ავტომობილი იქნება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, მათში წარმოების გაორმაგებაც შესაძლებელი იქნება.

შარშან „ფოლკსვაგენის“ ექვსმა ბრენდმა ჩინეთში 1.9 მილიონი ავტომობილი გაჰყიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 37 პროცენტით მეტია. სოჰი ვარაუდობს, რომ წელს გაყიდვები 2 მილიონს გასცდება.

No comments:

Post a Comment