Tuesday, April 26, 2011

„მაკლარენი“ მომავალში ელექტრულ ავტომობილსაც გამოუშვებს

McLaren Plans Battery-Based Model for the Future

26 აპრილი

„მაკლარენს“ თავის უახლეს სუპერ ავტომობილ MP4-12C-ს მიწოდება ჯერ არ დაუწყია, თუმცა აცხადებს, რომ ყოველწლიურად, ბაზარზე თითო ახალ ავტომობილს გამოუშვებს. უფრო მეტიც, იგეგმება ისეთი ავტომობილის გამოშვებაც, რომელიც მთლიანად, ან ნაწილობრივ, აკუმულატორებში დაგროვილი ენერგიით იმუშავებს.

ამ ნაბიჯისკენ კი ინგლისურ კომპანიას საწვავის ეკონომიის და გამონაბოლქვის ახალი, გამკაცრებული სტანდარტები უბიძგებს, რომელთა მოთხოვნითაც, ავტომწარმოებელს ევალება, რომ მის მიერ წარმოებული ავტომობილების გასაშუალებული მონაცემები ამ სტანდარტებს შეესაბამებოდეს.

„მაკლარენის“ მმართველ დირექტორ ენტონი შერიფის განცხადეით, მისი კომპანია მომავალშიც მხოლოდ ორადგილიან სუპერ ავტომობილებს გამოუშვებს და მათი წარმოებისას, უხვად გამოიყენებს ფორმულა ერთში შემუშავებულ ტექნოლოგიებს. ამ ტექნოლოგიათაგან ერთ-ერთი გამორჩეული, კარბონის კომპოზიტისგან შასის ცალკეული ელემენტების და მთლიანად, მონოკოკური შასის წარმოებაა, რაშიც უოკინგელებს უკვე 30-წლიანი გამოცდილება დაუგროვდათ.

შერიფის თქმით, MP4-12C-ს ისეთი ტემპერამენტი აქვს, რომ აჩქარებისას, „სახეზე კანს გაგაძრობთ“. ასეთი შედარება გასაკვირი არ იქნება, თუ გავითვალისწინებთ, რომ ავტომობლი აღჭურვილია საკუთარი წარმოების 3.8-ლიტრიანი V8, წყვილტურბოიანი ძრავით, რომელიც 600 ცხენის ძალას იძლევა.

შერიფს კარგად ესმის, რომ მისი კომპანიის ავტომობილების ეკონომიურობისა და გამონაბოლქვის ახალი სტანდარტების ჩარჩოში მოქცევა ძალიან ძნელი იქნება. თუმცა დასძენს, რომ ისეთი მცირე ზომის კომპანიები, როგორიც „მაკლარენია“, ამ მხრივ, მცირე შეღავათებით ისარგებლებენ. და მაინც, ინგლისური კომპანია უკვე მუშაობს იმაზე, რომ მისმა ავტომობილებმა გარემო ნაკლებად დააბინძუროს.

ავტომობილების ეკონომიურობის გასაუმჯობესებლად საუკეთესო გზა, ავტომობილების წონის შემცირება და ტურბოკომპრესორიანი ძრავების შემუშავება-დახვეწაა. პარალელურად, აუცილებელი იქნება ჰიბრიდული და ელექტრული ტექნოლოგიების დანერგვა.

„ახალ კანონს არ აღვიქვამთ, როგორც საშიშროებას. ის ჩვენთვის უფრო გამოწვევაა, რომელსაც სიამოვნებით მივიღებთ და ენთუზიაზმით მოვეკიდებით“, - დასძენს შერიფი.

No comments:

Post a Comment