Tuesday, April 26, 2011

როლს როისმა ჩინელებს დაგრძელებული გოსტი უჩვენა

Rolls-Royce Ghost gets on the Procrustean Bed: LWB Model Revealed in Shanghai

26 აპრილი

შანჰაის საავტომობილო შოუზე შედგა „როლს როისის „პატარა“ მოდელ გოსტის გრძელბაზიანი ვერსიის პრემიერა, ავტომობილისა, რომელზეც ინგლისური კომპანია ჩინეთის ბაზარზე დიდ იმედებს ამყარებს. მის წარმოებას როლსი წელსვე დაიწყებს და მას საბაზო გოსტზე დაახლოებით 20 პროცენტით ძვირად გაჰყიდის. სხვათა შორის, როლს როისის ისტორიაში, ეს პირველი ავტომობილია, რომლის პრემიერაც აზიაში ჩატარდა.

მწარმოებლის განცხადებით, ესაა ავტომობილი, რომელიც „იმ მყიდველისთვისაა განკუთვნილი, რომელსაც ფართე და კომფორტული ავტომობილი სჭირდება, თუმცა არც საბაზო გოსტის დინამიზმის უნიკალური ბალანსი და ზომიერება ეთმობა“. ამ ავტომობილს წელს შეზღუდული რაოდენობით დაამზადებენ, მერმისიდან კი მისი წარმოება სრული ტემპით დაიწყება.

გრძელბაზიანი ვერსიის ბორბლებს შორის ბაზა 170 მილიმეტრით დაგრძელდა, რისი წყალობითაც, უკანა სავარძლებზე მჯდარ მგზავრთა ფეხებისთვის ადგილი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. გარდა ამისა, ავტომობილს პანორამული გამჭვირვალე სახურავიც აქვს. საერთო ჯამში, გრძელიგოსტის სიგრძემ 5.40 მეტრს მიაღწია და ამგვარად, ის მოკლებაზიანი ფანტომისას დაუახლოვდა. ვიზუალურად, დაგრძელება უფრო დიდი ზომის უკანა კარებს დაეტყო.

კაპოტქვეშ ისევ 6.6-ლიტრიანი V12 ტურბოძრავია განლაგებული, რომელიც სტანდარტულ გოსტზე და რომელიც 570 ცხენის ძალას და 780 ნიუტონმეტრს იძლევა. ამასთან, მაბრუნი მომენტის მაქსიმუმს, ეს აგრეგატი მუხლა ლილვის სულ რაღაც, 1 500 ბრ/წთ-ზე ავითარებს. როლს როისის მონაცემებით, დაგრძელებულ გოსტს ადგილიდან 100 კმ/სთ-ის აკრეფა 5 წამში შეუძლია.

გრძელბაზიანი გოსტი საზრიან საკიდარზე დგას, რომელიც ოთხივე ბორბალს დამოუკიდებლად აკონტროლებს და მუდმივად ახერხებს მართვადობასა და კომფორტს შორის ბალანსის დაცვას. საკიდარის ელექტრონულ სისტემას მრავალი სენსორი ემსახურება, რომლებიც საგზაო პირობებს, გადაადგილების სიჩქარეს და სხვა პარამეტრებს აკონტროლებენ.

ეს ავტომობილი, პირველ რიგში, აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებისთვისაა განკუთვნილი, სადაც გრძელბაზიან ავტომობილებზე დიდი მოთხოვნაა. განსაკუთრებული აქცენტი კი ჩინეთზე კეთდება, რომელიც უკვე მსოფლიოს უდიდესი საავტომობილო ბაზარია და სადაც თითქმის ყველა დიდ ავტოკომპანიას უფრო მეტი ავტომობილი ეყიდება, ვიდრე შინაურ ბაზარზე. ჩინეთში დაგრძელებული გოსტი 5.118 მილიონი იუანი „ეღირება, რაც 548 000 ევროსა და 784 000 დოლარის ტოლფასია.

No comments:

Post a Comment