Tuesday, April 26, 2011

ელექტრომობილი პაიკს პიკს შეუტევს

Unmodified Nissan Leaf entered in Pikes Peak Hill Climb

26 აპრილი

ელექტრომობილი „ნისან ლიფი“, რომელმაც ევროპისა და მსოფლიოს წლის საუკეთესო ავტომობილის წოდებები მიიღო, ლეგენდარულ ამერიკულ რბოლაში - პაიკს პიკზე ასვლაში მიიღებს მონაწილეობას. ოღონდ, სამთო რბოლის მონაწილეთაგან განსხვავებით, ის ყოველგვარი მოდიფიკაციის გარეშე დადგება სტარტზე.

როგორც წესი, პაიკს პიკის მონაწილე მანქანები რადიკალურადაა ხოლმე შეცვლილი. იმდენად, რომ საბაზო ვერსიასთან საერთო პრაქტიკულად არაფერი აქვთ ხოლმე. თუმცა, ეს იმისათვის კეთდება, რომ რბოლისას მაქსიმალურად უკეთესი შედეგი დააფიქსირონ. „ნისან ლიფის“ შემთხვევაში კი, მთავარი მიღწევა, უმძიმეს რბოლაში მონაწილეობა იქნება.

პაიკს პიკზე ელექტრომობილის საჭეს მსგავს რბოლებში გამოცდილი პილოტი, ჩად ჰორდი მიუჯდება, რომელიც ამერიკაში მეტად პოპულარულ სერია TORC-ში (პიკაპის კლასის ავტომობილებით ქროსი) მონაწილეობს.

ცნობისათვის, ელექტრომობილი „ნისან ლიფი“ 109-ცხენისძალიანი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომელიც ენერგიას ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკისგან ღებულობს. მათი ტევადობა საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა ერთი სრული დამუხტვით, 160 კილომეტრი გაიაროს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 145 კმ/სთ-ია.

სხვათა შორის, „ნისან ლიფი“ ერთადერთი ელექტრომობილი არაა, რომელსაც პაიკს პიკის ურთულესი აღმართი აუვლია. ელექტრული ძრავით აღჭურვილი ავტომობილები ამ რბოლაში ბოლო წლებში მუდმივად ასპარეზობენ. შარშან ბაგის ტიპის 268-ცხენისძალიანი ელექტროპროტოტიპით, იაპონელმა უკიო ჰანავამ 20-კილომეტრიანი დისტანცია 13 წუთსა და 17.575 წამში გაიარა. ეს კი წინა წლის მაჩვენებელზე დაახლოებით 93 წამით, ელექტრომობილების წინა რეკორდზე კი (რომელიც 2003 წელს ჯერი ანსერმა დაამყარა) 65 წამით უკეთესი შედეგია.

პაიკს პიკის რბოლა მეორე უძველესია ამერიკაში (მასზე ძველი მხოლოდ ინდი 500-ია). ის პირველად 1916 წელს ჩატარდა. რბოლის დისტანცია 19.99 კილომეტრია, სტარტსა და ფინიშს შორის სიმაღლეთა სხვაობა 1 423 მეტრს აღწევს. სულ კი 156 მოსახვევია გასავლელი.

ბოლო წლებში, პაიკს პიკზე ბადალი არ ჰყავს იაპონელ ნობუჰირო ტაძიმას, ვინც რბოლას სულ სხვადასხვა მარკის ავტომობილებით იგებს. შარშან მან ეს „სუძუკის“ წარმოების პროტოტიპით შეძლო და დისტანცია 10 წუთსა და 11.490 წამში გაიარა. მეორე შედეგი, საკუთარი ფორმულით მოასპარეზე პოლ დალენბახს ჰქონდა, მესამეზე კი „ჰიუნდაის“ პროტოტიპით მოასპარეზე რის მილენი გავიდა.

No comments:

Post a Comment