Monday, May 16, 2011

„მაკლარენი“ „ვეირონის“ კონკურენტ „მეგა მაკს“ ამზადებს

'Mega Mac' to eclipse Veyron

16 მაისი

„მაკლარენს“ ჯერ თავისი პირველი სუპერ ავტომობილის - MP4-12C-ს წარმოება არ დაუწყია, თუმცა როგორც ბრიტანული გამოცემა „ავტოქარი“ გვამცნობს, მისი ინჟინრები უკვე მუშაობენ კიდევ ერთი მოდელის შემუშავებაზე, რომელმაც ინგლისური კომპანიის ფლაგმანის როლი უნდა შეასრულოს და რომლითაც, „მაკლარენი“ კონკურენციას თვით „ბუგატი ვეირონს“ გაუწევს.

„ავტოქარის“ მონაცემებით, ახალი ავტომობილი, რომელსაც „მეგა მაკის“ სახელით მოიხსენიებს, შესანიშნავი ტექნიკურ-დინამიკური მახასიათებლებით გამორჩეული და ყოველდღიური მოხმარებისთვისაც მოსახერხებელი იქნება. „მაკლარენი“ ამ ავტომობილს მხოლოდ 500 ცალს დაამზადებს და თითოეულს 350-400 ათას გირვანქა სტერლინგად გაჰყიდის. შედარებისთვის, „ფერარიმაც“ სწორედ 500 ცალი „ენცო“ დაამზადა, „ბუგატიმ“ კი 300 ერთეულ „ვეირონს“ დასჯერდა.

„ავტოქარის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ახალი ავტომობილის სტილი, MP4-12C-სთან შედარებით, უფრო „ბრაზიანი და ფუნქციური“ იქნება. თავისი გაბარიტებით, ის MP4-12C-ზე დიდი უნდა იყოს, გარეგნობით კი ერთდროულად მასაც და ძველ F1-საც მოგაგონებთ.

ახალი ავტომობილი აქტიური აეროდინამიკური ელემენტებით აღიჭურვება. ეს იქნება წინა და უკანა რეგულირებადი სპოილერები, რომლებიც ავტომობილის მოძრაობის სიჩქარის შესაბამისად შეიცვლიან პოზიციას. მსგავსი უკანა სპოილერი „მაკლარენმა“ MP4-12C-ზეც გამოიყენა. ამ სპოილერების დანიშნულება ისაა, რომ მაღალი სიჩქარით მოძრაობისას, მათ ჰაერის შემხვედრ ნაკადს მცირე წინააღმდეგობა შეუქმნან და პირიქით, სიჩქარის მკვეთრი დაგდებისას და შედარებით დაბალი სიჩქარით მოსახვევების გავლისას, რაც შეიძლება მეტი წინააღმდეგობა შექმნან.

ავტომობილის შიგნით, აქცენტი ფუნქციურობაზე გაკეთდება, კომფორტი კი მეორეხარისხოვანი იქნება. ავტომობილს საბარგულიც პატარა ექნება და ის სავარძლების უკან მოთავსდება. სალონშივე მოთავსდება ტელემეტრიული მონიტორი, რომელზეც ავტომობილის მოძრაობის დინამიკის მონაცემების ჩაწერა იქნება შესაძლებელი. ამ სისტემასთან უნისონში იმუშავებს ვიდეოკამერაც, რომლის ჩანაწერსაც ასევე ტელემეტრიული სისტემა დაიმახსოვრებს.

რა თქმა უნდა, ახალი ავტომობილის მთავარი ნაწილი და მისი სიამაყე ძრავია. ესაა 5.0-ლიტრიანი V8, რომელიც „მაკლარენმა“ და ბრიტანულ კომპანია „რიკარდოსთან“ ერთად შეიმუშავებს (ისევე როგორც MP4-12C-ს ძრავი). ჯერჯერობით უცნობია, ამ აგრეგატს ტურბოკომპრესორი ექნება თუ არა. სამაგიეროდ, ცნობილია მისი მაქსიმალური სიმძლავრე - 799 ცხენის ძალა (7 500 ბრ/წთ-ზე). ეს ნიშნავს, რომ აგრეგატის ყოველი ლიტრი მუშა მოცულობა 160 ცხენის ძალას იძლევა. გარდა ამისა, ძრავის მაქსიმალური მაბრუნი მომენტი 799 ნიუტონმეტრი (3 500-6 800 ბრ/წთ-ზე) იქნება.

ძრავს ორდიკოიანი ქუროს მეშვეობით, იტალიურ კომპანია „გრაციანო“ წარმოების 7-საფეხურიანი სეკვენტალური გადაცემათა კოლოფი დაუკავშირდება. ჯერჯერობით უცნობია ახალი სუპერ ავტომობილის დინამიკური მონაცემები და ტემპერამენტი. „აუტოქარის“ ვარაუდით“, ადგილიდან 100 კმ/სთ-ის ასაკრეფად, მას 2.8 წამი ეყოფა, ადგილიდან 160 კმ/სთ-მდე 5.5 წამი იქნება საკმარისი, ადგილიდან 320 კმ/სთ-მდე კი - 20 წამი. სხვათა შორის, 0-100 კმ/სთ აჩქარებისთვის „ბუგატი ვეირონ სუპერ სპორტს“ ოდნავ“ ნაკლები დრო სჭირდება. სამაგიეროდ, 320 კმ/სთ-ს ეს მონსტრი ორი წამით გვიან ავითარებს.

ისევე როგორც MP4-12C, „მეგა მაკიც“ კარბონის კომპოზიტისგან დამზადებული მონოკოკზე აიგება. ახალ ავტომობილსაც ალუმინის საკიდარი ექნება, თუმცა მისი გეომეტრია და დრეკადი ელემენტების სიხისტეც შეიცვლება. ამორტიზატორები ადაპტირებად იქნება, ავტომობილის ამოყირავებას კი სპეციალური ჰიდრავლიკური სისტემა შეეწინააღმდეგება. პილოტის ცდომილებების გასწორებას კი 5-საფეხურიანი ტრექშნ კონტროლი ეცდება. სტანდარტულ აღჭურვილობაში შევა იტალიურ კომპანია „ბრემბოს“ კარბონ-კერამიკული მუხრუჭები და სამუხრუჭო ძალის გამანაწილებელი ელექტრონული სისტემა.

რაც შეეხება სახელ, „მეგა მაკი“ არ დარჩება. ამასთან, ავტომობილისს ახელწოდებაში ალბათ შევა რიცხვი 799. ავტომობილებს „მაკლარენის“ ძველ საწარმოში დაამზადებენ, იმავე შენობაში, სადაც ფორმულა ერთის ბოლიდები მზადდება. წარმოება დაახლოებით 5 წელი გაგრძელდება, თითო ავტომობილის აწყობას კი სამ კვირამდე დასჭირდება.

No comments:

Post a Comment