Tuesday, May 3, 2011

„ნოვიტეკმა“ ყველაზე სწრაფი „ალფა რომეო“ შექმნა

Novitec puts 600 horsepower on the Alfa Romeo 8C Spider

3 მაისი

„ალფა რომეო 8C კომპეტიციონე“ ულამაზესი ავტომობილია, საავტომობილო დიზაინის იტალიური შედევრი, თუმცა თურმე, საშინელი სამართავი და კაპრიზული მანქანა ყოფილა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ის 90-იანი წლების „მაზერატის“ პლატფორმაზეა ბაზირებული. ამის გამო, მილანელები შეზღუდულები იყვნენ, როდესაც მასზე დასაყენებელ ძრავს ირჩევდნენ.

რა თქმა უნდა, მათ ამაში ვერავინ გაამტყუნებს - ავტომობილი სერიულად უნდა გამოსულიყო და პლატფორმის და ძრავის შეუსაბამობა დიდ პრობლემას წარმოქმნიდა. თუმცა, ამ გარემოებამ ვერ შეაშინა გერმანული სატუნინგო კომპანია „ნოვიტეკი“, რომელმაც „8C კომპეტიციონეს“ ღია ვერსიის - „8C სპაიდერის“ მოდერნიზება გადაწყვიტა.

პირველ რიგში, გერმანელმა ინჟინრებმა ძრავი გააძლიერეს. მათ 4.7-ლიტრიანი V8 აგრეგატი, რომლის სიმძლავრეც 450 ცხენის ძალა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 470 ნიუტონმეტრია, 600 ცხენის ძალამდე და 588 ნიუტონმეტრამდე გააძლიერეს. ძრავის გასაძლიერებლად, მათ მექანიკური დამჭირხნი და ჩასაბერი ჰაერის შუალედური გამაგრილებელი გამოიყენეს, რომელშიც ჰაერის ჩაბერვის წნევა 0.37 ბარს აღწევს. გარდა ამისა, ძრავს ახალი, რეგულირებადი გამოსაბოლქვი სისტემა დაუყენეს და ელექტრონული მართვის სისტემაც შეუცვალეს.

„ნოვიტეკის“ სპეციალისტების მიერ ჩატარებული მოდერნიზაციის შემდეგ, „8C სპაიდერის“ ტემპერამენტი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარეს ის ახლა უკვე 3.9 წამში ავითარებს (სტანდარტულ ვერსიას ამისათვის 4.2 წამი სჭირდება), მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 305 კმ/სთ-ია, სტანდარტულისაზე 15 კმ/სთ-ით მეტი.

„ნოვიტეკი“ არაფერს ამბობს მუხრუჭებზე. სავარაუდოდ, მოდერნიზაცია ამ საპასუხის,გებლო კვანძსაც უნდა შეხებოდა, რადგან ავტომობილი გაცილებით სწრაფი და ტემპერამენტიანი გახდა. შეცვლილია საკიდარი, ეომელსაც უფრო ხისტი, რეგულირებადი ამორტიზატორები აქვს. ავტომობილის წინა ნაწილი 21-დუიმიან ბოებლებზე დგას, რომლებზეც „პირელის“ 355/30 საბურავებია ჩაცმული. რაც შეეხება უკანა ბორბლებს, მათი ზომა 22 დუიმია, საბურავების ზომა კი - 315/25.

მის მიერ შემუშავებულ პაკეტს, რა ტქმა უნდა დამონტაჟებით, „ნოვიტეკი“ გერმანიაში 19 900 ევროდ გაჰყიდის.

No comments:

Post a Comment