Tuesday, May 3, 2011

„კრაისლერმა“ დიდი, ძალიან დიდი პიკაპი დაამზადა

Ram Goes Big, Really Big with New Long-Hauler Concept Truck

3 მაისი

„კრაისლერი“ იქადნის, რომ „ისინი (კონკურენტები) მის ახალ ქმნილებაზე დიდს ვერაფერს შექმნიან“. ამ ქმნილებას კი კონცეპტუალური „რემ ლონგ ჰაულერ“ ჰქვია. ფოტოს ნახვისას უკვე მიხვდებოდით - ეს წარმოუდგენლად დიდი მანქანა პიკაპია. ასეთებზე ამერიკაში აბოდებთ, ასეთი მანქანები იქ ყველაზე პოპულარულია, სედანებზეც კი. მაგრამ ის დრო წავიდა, როდესაც ამერიკული კომპანიები ერთმანეთს გიგანტების შექმნაში ეჯიბრებოდნენ.

ახლა „ჯენერალ მოტორსიც“ კი იმაზე ზრუნავს, რომ ეკონომიური ავტომობილების მწარმოებლის იმიჯი მოირგოს. და ამიტომ, ის ასეთ დიდ მანქანებს აღარ გამოუშვებს. ასე რომ სდომოდათ, „გენერლები“ „ჰამერს“ ტავიდან არ მოიშორებდნენ. „ფორდი“ ხომ ისედაც, ყველაზე ეკონომიური ავტომობილების მწარმოებელი ამერიკული კომპანია იყო. მოკლედ, კონკურენტებს „ამაზე დიდი პიკაპის“ შექმნას არც ეცდებიან.

„ლონგ ჰაულერი“ მე-5 კლასის პიკაპ „რემ 5500-ის“ შასიზეა ბაზირებული, თუმცა პლატფორმა საგრძნობლადაა დაგრძელებული. ავტომობილის სიგრძე 7.3 მეტრია, ბორბლებს შორის ბაზა კი - 5.014 მეტრი. ამ ბაზაში E კლასის „მერსედეს ბენციც“ კი ჩაეტევა! მონსტრი კონცეპტუალური პიკაპის სიმაღლე ორ მეტრზე მეტია, ის 4.2 ტონას იწონის, სრულად დატვირთვის შემდეგ კი მისი წონა 16.7 ტონამდე შეიძლება გაიზარდოს. ამ ავტომობილის წონა თითქმის 2.5-ჯერ მეტია „მერსედეს ბენცის“ სედან E350-ზე.

ავტომობილი აღჭურვილია კომპანია „ქამინზის“ 6.7-ლიტრიანი ტურბოდიზელით, რომელსაც ერთ რიგში განლაგებული 6 ცილინდრი აქვს. ამ აგრეგატის სიმძლავრეს „კრაისლერი“ არ აქვეყნებს. სამაგიეროდ, სიამაყით გვამცნობს, რომ მისი მაბრუნი მომენტი 1083 ნიუტონმეტრს აღწევს. მასთან შეწყვილებულია 6-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი, რომლიდანაც გადამუშავებული მაბრუნი მომენტი ოთხივე წამყვან ბორბალს (უკანები შეწყვილებულია) გადაეცემა.

ავტომობილი სამი უზარმაზარი ავზითაა აღჭურვილი, რომელთა საერთო ტევადობაც 643 ლიტრია. ეს კი საკმარისია იმისათვის, რომ მათი სრულად ავსებით, ავტომობილმა 2.5 ათასი კილომეტრი გაიაროს. საწვავზე ამერიკული ფასების გათვალისწინებით, ამდენი საწვავი დაახლოებით 750 დლარი ღირს.

გიგანტური ავტომობილი ალუმინის შენადნობისგან დამზადებულ 19.5-დუიმიან ბორბლებზე დგას, მისი საკიდარი პნევმატურია. უკანა ხედვას კი ვიდეოკამერა უზრუნველყოფს. სალონი აღჭურვილია დივიდი პლეიერით, მაცივრით და ინტერნეტის უკაბელო არხით. მაცივარი უკანა სავარძლებს შორის არსებულ უზარმაზარ ცენტრალურ კონსოლშია მოტავსებული.

„კრაისლერი“ აცხადებს, რომ „ლონგ ჰაულერი“ ჯერჯერობით მხოლოდ კონცეპტუალური ავტომობილია და მას კომპანია ამერიკაში დაგეგმილ 8 გამოფენაზე წარადგენს. ამ გამოფენებზე მიღებული გამოხმაურებების გაანალიზების შემდეგ კი მისი წარმოების საკითხიც განიხილება.

No comments:

Post a Comment