Tuesday, May 3, 2011

ნიუ იორკმა ახალი ტაქსი აირჩია

Nissan wins bid to be next New York City taxi

3 მაისი

მალე ნიუ იორკი თავის ცნობილ ყვითელ ტაქსებს გამოცვლის და ამ დანიშნულებით, „ნისანის“ მინივენებს გამოიყენებს. სწორედ იაპონურმა კომპანიამ მოიგო ქალაქის ტაქსისა და ლიმუზინების კომისიის მიერ ორგანიზებული კონკუსი, რომელშიც მის გარდა თურქული „კარსან ოტომოტივი“ და „ფორდი“ მონაწილეობდა.

აღსანიშნავია, რომ კონკურსის ბოლო ეტაპის წინ, ფავორიტად თურქული კომპანია იყო მიჩნეული, რომელიც პირობას დებდა, რომ თავის ავტომობილებს ნიუ იორკშივე (ბრუკლინში) დაამზადებდა და მათ წარმოებაში, 800 ადამიანს დაასაქმებდა. მაგრამ საბოლოოდ, 10-წლიანი კონტრაქტი, რომელიც 1 მილიარდ დოლარადაა შეფასებული და რომელიც ნიუ იორკისთვის 13 000 ავტომობილის მიწოდებას ითვალისწინებს, „ნისანის“ ნადავლი გახდა.

ამჟამად, „დიდი ვაშლის“ ტაქსომოტორებში სულ 16 განსხვავებული ავტომობილი მუშაობს. „ნისანს“ ყველა მათგანის შეცვლა დაევალება. ავტომობილი, რომელიც მალე ყვითელ ფორმაში გამოეწყობა, მინივენ „ნისან NV200-ზე“ იქნება ბაზირებული. იაპონური კომპანია მის მიწოდებას 2013 წელს დაიწყებს.

ავტომობილი, რომელსაც „ნისანი“ ნიუ იორკის ტაქსისთვის დაამზადებს, ბენზინის 2.0-ლიტრიანი ძრავით, შუშის დამუქებული სახურავით, მგზავრების კაბინის კონდიცირების სისტემით, მობილურის დასამუხტი წერტილით და ორი USB-პორტით აღიჭურვება. მანქანას გვერდზე გასაწევი კარი ექნება, რომელზეც გაღებისას სპეციალური შუქ-სიგნალები აინთება, რათა გზაზე მოძრავი ავტომობილების მძღოლებმა სიფრთხილე გამოიჩინონ.

ნიუ იორკისთვის განკუთვნილ ავტომობილებს „ნისანი“ თავის მექსიკურ (კუერნავაკაში) ქარხანაში ააწყობს. წინასწარი ინფორმაციით, თითოეული ავტომობილის ფასი 29 000 დოლარი იქნება.

No comments:

Post a Comment