Friday, June 17, 2011

„ფოლკსვაგენმა“ ხუთ თვეში 3 მილიონზე მეტი ავტომობილი გაყიდა

Volkswagen Group's Deliveries Top 3 Million in Five Months
17 ივნისი

მიმდინარე წელი მეტად წარმატებულია „ფოლკსვაგენისა“ და მისი ჯგუფისთვის. ვოლფსბურგულმა კომპანიამ ხუთ თვეში უკვე 2 მილიონზე მეტი ავტომობილის გაყიდვა მოასწრო, მისი ჯგუფის გაყიდვები კი 3 მილიონს გასცდა. მიუხედავად იმისა, რომ მაისში გაყიდვების ზრდის ტემპი შემცირდა, ჯგუფის მიერ რეალიზებული ავტომობილების რაოდენობა (წინა წლის პირველი ხუთი თვის მონაცემებთან შედარებით) მაინც 14.6 პროცენტითაა გაზრდილი. კონკრეტულად, ვოლფსბურგულმა გიგანტმა და მის ჯგუფში შემავალმა კომპანიებმა სულ 3.37 მილიონი ავტომობილი გაყიდეს.

ამ რიცხვიდან, 1.56 მილიონი რეალიზებული ავტომობილი ევროპაზე მოდის, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 9.6 პროცენტით მეტია. აქედან დასავლეთ ევროპაზე (გერმანიის ჩაუთვლელად) 882 000 მოდის, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაზე - 202 300, გერმანიაზე კი - 475 100. ევროპულ ბაზარზე, გაყიდვების ყველაზე სოლიდური ზრდა აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში დაფიქსირდა - 30 პროცენტი. გერმანიაში ზრდამ 8.7 პროცენტი შეადგინა.
ჯგუფის გაყიდვები მაღალი ტემპით იზრდება ჩრდილოეთ ამერიკაშიც, სადაც აღნიშნულ პერიოდში 261 000 ავტომობილია (წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 19.7 პროცენტით მეტი) გაყიდული. აქედან მარტო აშშ-ზე 172 400 რეალიზებული ავტომობილი მოდის. აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში გაყიდვების ზრდამ 21 პროცენტი შეადგინა. ჩინეთში, მსოფლიოს უდიდეს ბაზარზე, ზრდა 18.4 პროცენტია. გაყიდვების ყველაზე სოლიდური ზრდა ინდურ ბაზარზეა დაფიქსირებული, სადაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 242 პროცენტით მეტი, (მხოლოდ) 46 200 ავტომობილია რეალიზებული.

No comments:

Post a Comment