Thursday, June 23, 2011

„მერსედეს ბენცი“ სპორტულ ქროსოვერს ამზადებს

Mercedes-Benz working on GLS crossover to challenge BMW X6
22 ივნისი
„ბეემვეს“ კუპე/ქროსოვერი X6 ეფექტური გარეგნობით გამოირჩევა, მაგრამ უგზოობის ავტომობილის თვისებები პრაქტიკულად არ აქვს. ამასთან, მის უკანა სავარძელზე, ზრდასრულ ადამიანს კომფორტულად დაჯდომა გაუჭირდება, თუმცა ამის მიუხედავად, ეს ავტომობილი მაინც ძალიან პოპულარულია. იმდენად პოპულარული, რომ ამ ტიპის ავტომობილების წარმოებას ახლა უკვე მისი უშუალო კონკურენტები - „მერსედეს ბენცი“ და „აუდიც“ ცდილობენ.

ბრიტანულ გამოცემა „ავტოქარის“ ცნობით, „მერსედეს ბენცი“ ასეთ ავტომობილს მალე გამოუშვებს, მისი სახელი კი GLS იქნება, რაც აბრევიატურით ოთხკარიან კუპე CLS-ს ჰგავს და მასთან სხვაც ბევრი ექნება საერთო. ბაზარზე თავისი გამოჩენით კი შტუტგარტელებს კუპე-ქროსოვერების კლასში პირველ ნაბიჯს გადაადგმევინებს. ამ ავტომობილების გაყიდვა 2014 წელს დაიწყება და ის „მერსედესისვე“ უგზოობის M-კლასის (ფოტოზე) პლატფორმაზე იქნება დაფუძნებული.
„გაყიდვების ტრენდის დაწვრილებითი ანალიზის შემდეგ, იმ დასკვნამდე მივედით, რომ უგზოობის ავტომობილების კლასში, M-კლასზე უფრო სპორტული მოდელის წარმოებას პერსპექტივა აქვს“, - შტუტგარტული კომპანიის ინკოგნიტო წარმომადგენელმა განუცხადა „აუტოქარს“.
ბავარიულმა კომპანიამ X6-ის წარმოება ორი წლის წინ დაიწყო და მას შემდეგ, 120 000 ავტომობილი გაჰყიდა. ამიტომ, სულაც არაა გასაკვირი, რომ შტუტგარტელებმა ბაზრის ამ სეგმენტში საკუთარი წილის მოპოვება განიზრახეს. თუმცა, სანამ მათი GLS ბაზარზე გამოვა, იმ დროისთვის, მსგავსი ავტომობილების გაყიდვა, ალბათ „აუდის“ და „ლენდ როვერსაც“ ექნებათ დაწყებული.
რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე, ახალი ავტომობილის შესახებ, კონკრეტული ინფორმაცია არ ვრცელდება. თუმცა, ვარაუდით შეიძლება გამოცნობა, რომ ძრავების გამაში, 3.5-ლიტრიანი V6 (306 ცხ.ძ) და 4.8-ლიტრიანი V8 (435 ცხ.ძ) ბენზინის ძრავები შევა. რა თქმა უნდა, ავტომობილს დიზელის ძრავით და აუცილებლად, ჰიბრუდული სისტემითაც აღჭურვავენ. ასეთი სისტემით შტუტგარტელებმა E-კლასის სედანი აღჭურვეს და მას პირველად ფრანკფურტის ავტო შოუზე გვიჩვენებენ. ამ სისტემაში, დიზელ-ელექტრული წყვილი შევა. და ისე როგორ იქნება, რომ სამქიმიანებმა კუპე-ქროსოვერზე AMG-ს 5.5-ლიტრიანი მონსტრი არ დააყენონ...

No comments:

Post a Comment