Wednesday, June 22, 2011

„ბუგატი გალიბიერის“ სერიულ ვერსიას „როიალი“ დაერქმევა

Bugatti 16C Galibier Production Car to Be Known as Royale
22 ივნისი
„ბუგატის“ კონცეპტუალური სუპერ სედანი „16C გალიბიერი“ პრეზენტაციამდეც პოპულარული იყო - „ფოლკსვაგენის“ ჯგუფში შემავალმა ფრანგულმა ბრენდმა მის შესახებ, პრემიერამდე უამრავი ფოტო-ტიზერი გამოაქვეყნა. პირველად კი ეს ავტომობილი ძალიან შეზღუდულ წრეს უჩვენა, იმათ, რომელთა შორისაც პოტენციური მყიდველი ეგულებოდა. ბოლოს კი ფართო საზოგადოებას არაერთ გამოგენაზე წარუდგინა.

რა თქმა უნდა, ავტომობილი ყველგან დიდ მოწონებას იმსახურებდა და მის ყოველ გამოჩენაზე, ერთი მთავარი კითხვა ისმოდა - აპირებს თუ არა „ბუგატი“ ამ ავტომობილის წარმოებას. შემდეგ „ფოლკსვაგენმა“ ამ კითხვას დადებითი პასუხი გასცა, თუმცა აქამდე გადაწყვეტილი არ იყო, რა დაერქმეოდა ავტომობილს, რომელმაც სუპერ კუპე „ვეირონი“ უნდა შეცვალოს.
და აი, ახლახანს გადაწყდა - ავტომობილს, რომლის მოძრაობასაც 800 ცხენის ძალა უზრუნველყოფს, „როიალს“ დაარქმევენ! სხვანაირად არც უნდა ყოფილიყო, რადგან ის თავისი გარეგნობითაც და იმიჯითაც, ნამდვილად სამეფო ოჯახების შესაფერისია. მარკეტოლოგებიც ხომ მის ისეთ ფოტოებს გვთავაზობენ, რომლებზეც ჯერ კიდევ „16C გალიბიერად“ წოდებული ავტომობილი მდიდრულ, მეფეების შესაფერის გარემოშია დაფიქსირებული.
სხვათა შორის, ეს სახელი „ბუგატისთვის“ უცხო არაა. 20-იან წლებში, ფრანგულმა (დამოუკიდებელმა!) კომპანიამ უზარმაზარი სედანი „ტაიპ 41“ გამოუშვა. თავისი დიდებული გარეგნობის გამო, ამ ავტომობილს ხშირად „როიალს“ უწოდებდნენ. და როცა ვამბობთ გამოუშვას, სულაც არ იგულისხმება სერიული წარმოება. „ბუგატიმ“ ეს ბორბლებიანი მონუმენტი სულ 6 ცალი დაამზადა, რომელთაგან მხოლოდ სამი გაიყიდა.
რაც შეეხება ახალ „როიალს“, წეღან ვახსენეთ, რომ მის სამსახურში 800 ცხენის ძალა დგას. ამ ძალებს კი 8.0-ლიტრიანი W16 მონსტრი (ოთხ რიგში განლაგებული ცილინდრებით) გამოიმუშავებს. ამ ძრავს „ვეირონიც“ იყენებს, მაგრამ მისთვის აგრეგატს ოთხი ტურბოკომპრესორი ემსახურება, „როიალისთვის“ კი ის შესამჩნევადაა დეფორსირებული (დაახლოებით 200 ცხენის ძალით) და „მხოლოდ“ ორი ტურბოკომპრესორით „გადის ფონს“. სამაგიეროდ, მისი „გული“, რომელიც წინაა განლაგებული, უფრო მეტ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს.
ჯერ ამ ავტომობილის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა ზოგადი ინფორმაცია მაინც ვრცელდება. მაგალითად ის, რომ ავტომობილის წარმოებისას უხვად გამოიყენებენ კარბონის კომპოზიტს. ამ მასალით მხოლოდ კარები (ასეთი ოთხი ექნება) და ფრთები არ დამზადდება. ეს დეტალები ალუმინისა იქნება. ამ ძვირადღირებული მასალების წყალობით, ავტომობილი შედარებით მსუბუქი გამოვა, რაც კარგად აისახება მის დინამიკურ შესაძლებლობებზე.
დაბოლოს, ფასზე ჯერ ლაპარაკი არაა, თუმცა ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, თუ რა ეღირება ავტომობილი, რომელსაც წლიურად მხოლოდ 50 ცალს დაამზადებენ...

No comments:

Post a Comment