Monday, June 20, 2011

სამწლიანი რიგები „მაკლარენ MP4-12C-ზე“

McLaren Says MP4-12C Is Sold Out for the Next 3 Years
20 ივნისი
ორი წლის წინ, როდესაც „მაკლარენმა“ თავისი უახლესი სუპერ ავტომობილი MP4-12C გაგვაცნო, მასზე სპეციალისტების და ავტომოყვარულებისგან საუკეთესო გამოხმაურებები მიიღო, თუმცა ასეთ წარმატებას ალბათ მაინც არ ელოდა: ინგლისურ კომპანიას ჯერ ამ ავტომობილის მიწოდება არ დაუწყია და უკვე იმდენი შეკვეთა მიიღო, რომ სამი წლი მოუნდება მათს დაკმაყოფილებას.

მაგრამ ამის მიუხედავად, „მაკლარენი“ წარმოების მოცულობის გაზრდას არ აპირებს. და ამას ლოგიკური მიზეზი აქვს - დეფიციტი დილერებს ავტომობილების დიდი მარჟით გაყიდვის საშუალებას მისცემს. ამასთან, დეფიციტში მყოფი ავტომობილები უფრო დაფასდება, რაც ბრენდს კიდევ უფრო სასურველს გახდის. სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ ინგლისური კომპანია წელიწადში მხოლოდ 1000 ცალი MP4-12C-ის წარმოებას აპირებს და ამ რიცხვს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში თუ გაზრდის.
„ჩვენთვის მთავარია, რომ ჩვენს სადილერო ქსელში შემავალ კომპანიებს მომგებიანი ბიზნესი ჰქონდეს. ჩვენ მოთხოვნაზე ნაკლებ ავტომობილს ვაწარმოებთ და ეს იმის გამო გაკეთდება, რომ მომგებიანი ბიზნესი ვაწარმოოთ“, - ამბობს „მაკლარენ ავტომოტივის“ რეგიონული დირექტორი იან გორსუხი.
შეგახსენებთ, რომ MP4-12C 3.8-ლიტრიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 592 ცხენის ძალას (7 000 ბრ/წთ-ზე) და 600 ნიუტონმეტრს (3 000-7 000 ბრ/წთ-ზე) გამოიმუშავებს. ეს მაჩვენებლები საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარე 3.3 წამში აკრიფოს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 370 კმ/სთ-ს აღწევს. ავტომობილის ღირებულება 231 400 დოლარია.
სხვათა შორის, „მაკლარენმა“ საკუთარი სადილერო ქსელის შექმნა ახლახანს დაიწყო - პირველი შოურუმი ლონდონში, ჰაიდ პარკში დღეს უნდა გახსნას. ბრიტანეთში, კომპანიის შოურუმები ასევე მანჩესტერსა და ბირმინგემში გაიხსნება. სულ კი კომპანია 19 ქვეყანაში აპირებს სადილერო ქსელის შექმნას. მათ შორისაა გერმანია (დიუსელდორფი, ჰამბურგი, ფრანკფურტი და მიუნხენი), ბენილუქსი (ბრიუსელი), საფრანგეთი (პარიზი, მონაკო), იტალია (მილანი), ესპანეთი (მადრიდი) და შვეიცარია (ციურიხი).
რა თქმა უნდა, „მაკლარენი“ თავის ავტომობილებს ამერიკასა და ჩინეთშიც გაჰყიდის. გარდა ამისა, ბრიტანული სუპერ ავტომობილების შეძენა შესაძლებელი იქნება კანადაში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, ბაჰრეინში, ყატარსა და საუდის არაბეთში, ასევე სამხრეთ აფრიკაში, ჰონ კონგში, სინგაპურში, ავსტრალიაში და იაპონიაში.
რაც მთავარია, დილერები თავიანთ კლიენტს სწრაფსა და ხარისხიან სერვისს შესთავაზებენ. სხვათა შორის, მომსახურების ახალ კონცეპციას „მაკლარენში“ „პიტ სტოპი“ უწოდეს. სიმბოლურად ეს იმას ნიშნავს, რომ მომსახურება ისევე სწრაფად შესრულდება, როგორც პიტ სტოპზე ფორმულა ერთის ავტომობილის შესვლისას.

No comments:

Post a Comment