Monday, June 20, 2011

„ჰიუნდაი“ ევროპაში გაყიდვების 40 პროცენტით ზრდას გეგმავს

Hyundai wants to boost European new-car sales 40% by 2013
20 ივნისი
ჰიუნდაი i35
„ჰიუნდაის“ ევროპულ ბაზარზე ამბიციური გეგმები აქვს - კომპანიის ევროპული შტოს მთავარი აღმასრულებელი ალან რაშფორტი აცხადებს, რომ უახლოეს ორ წელიწადში მისი კომპანია ძველ კონტინენტზე გაყიდვებს 500 000-მდე აიყვანს, რაც შარშანდელ მაჩვენებლებზე (358 284 ცალი) დაახლოებით 40 პროცენტით მეტია.

„ჩვენი უახლოესი მიზანი, წელს ევროპული ბაზრის 3 პროცენტის დაკავებაა. შარშან ჩვენი მაჩვენებელი 2.6 პროცენტი იყო, შარშანწინ - 2.4 პროცენტი, 2008 წელს კი - 1.8 პროცენტი. საერთო ჯამში, ევროპული ბაზრის მოცულობა შარშანდელთან შედარებით, 2.7 პროცენტით 13.4 მილიონ გაყიდულ ავტომობილამდე) მოიკლებს, რაც ნიშნავს, რომ დასახული მიზნის მისაღწევად, წელს 400 000-იანი ზღვარის გადალახვა მოგვიწევს. ჩვენი საშუალო პერიოდის მიზანი, ნახევარმილიონიანი ზღვარის გადალახვაა, ამის შემდეგ კი, 2015 წლამდე ევროპული ბაზრის 5 პროცენტის დაუფლებას ვეცდებით“, - გამოცემა „ავტომოტივ ნიუს იუროპთან“ საუბრისას განაცხადა რაშფორტმა.
ჰიუნდაი i40
უფრო მეტიც, ის დასძენს, რომ მისი კომპანიის მთავარი ევროპული მიზანი, ძველი კონტინენტის ბაზარზე, მოწინავე ხუთეულში შესვლაა. ოღონდ, არ დაუზუსტებია, როდისთვის იგეგმება ამ მიზნის მიღწევა. ცნობისათვის, შარშან ევროპაში ახალი ავტომობილების რეალიზაციის მოცულობის მხრივ, კორეულ კომპანიას მე-14 ადგილი ეკავა.
რაშფორტი თავის თავდაჯერებულობას ორი ძირითადი ფაქტორით ხსნის: ჯერ ერთი, „ჰიუნდაი“ ინტენსიურად აფართოებს თავის სამოდელო გამას და მისთვის ახალ სეგმენტებსაც ითვისებს. პარალელურად, კომპანია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მისი ავტომობილები უფრო ცნობადი, ხარისხიანი და რაც მთავარია, მომგებიანი იყოს.
როცა ცნობადობაზე ლაპარაკობს, ის ამბობს, რომ „ტოიოტას“ ამ მხრივ, ევროპაში მის კომპანიაზე ორჯერ უკეთესი მაჩვენებელი აქვს. ამიტომ, თვლის, რომ ამ მიმართულებით ზრდის სერიოზული პოტენციალი არსებობს, რაც აყალიბებს კიდეც „ჰიუნდაის“ მარკეტოლოგთა სტრატეგიას. რაშფორტის თქმით, ცნობადობის 3-4 პროცენტით ზრდა, გაყიდვების მნიშვნელოვან მომატებას გამოიწვევს.
რაშფორტი ამბობს, რომ „ჰიუნდაის“ ევროპულ შტოს, ერთი წელია, დაწყებული აქვს განვითარების აგრესიული პროგრამა, რომელიც ბაზარზე 11 ახალი პროდუქტის გამოშვებას ითვალისწინებს. ასეთ აგრესიულობას კი შესანიშნავი შედეგი მოაქვს. მაგალითად, ევროპულმა ბაზარმა კარგად მიიღო საშუალო ზომის უგზოობის ix35, რომელზეც უკვე 100 000 შეკვეთაა მიღებული. არადა, თავიდან იგეგმებოდა, რომ მხოლოდ 30 000 ცალი გაიყიდებოდა. მომდევნო სიახლე არის i40-ის ოჯახი, რომლიდანაც საზოგადოების წინაშე პირველი უნივერსალი წარსდგა (ჟენევის ავტო შოუზე). წლის ბოლოს, მას სედანი მოჰყვება. კომპანია მომავალ წელს სულ 60 000 ცალი i40-ის (ყველანაირის) გაყიდვას გეგმავს.
რაშფორტი „ჰიუნდაის“ კონკურენტებად არ მიიჩნევს „შევროლესა“ და „შკოდას“. მისი თქმით, კონკურენტად უფრო „ოპელს“ მოიაზრებს, თუმცა თვლის, რომ ამ ეტაპზე, სამიზნედ უფრო „ტოიოტა“ გამოადგება, როგორც აზიურ კომპანიებს შორის ყველაზე ძლიერი. რაშფორტის აზრით, ევროპაში „ჰიუნდაის“ წარმატების ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ გაყიდვებში იზრდება ევროპაში წარმოებული ავტომობილების წილი. კერძოდ, შარშან ევროპაში გაყიდული ავტომობილების 50 პროცენტი ევროპაშია გამოშვებული, 20 პროცენტი კორეაში და დარჩენილი 30 პროცენტი კი - თურქეთსა და ინდოეთში.
დაბოლოს, ევროპული გეგმების განსახორციელებლად, „ჰიუნდაი“ თავისი ჩეხური (ქალაქი ნოსოვიცე) ქარხნის განვითარებას აპირებს. კერძოდ, ეს ქარხანა მალე მესამე ცვლაში მუშაობას დაიწყებს, რის გამოც, მასში დასაქმებულთა რიცხვი 1 000-ით გაიზრდება. და თუ დრეს ნოსოვოცეში წლიურად 200 000 ავტომობილს ამზადებენ, მესამე ცვლის დამატების შემდეგ, მისი წარმადობა 300 000-მდე გაიზრდება.

No comments:

Post a Comment