Tuesday, July 19, 2011

ფ1-ის უსაფრთხოებას სამხედრო თვითმფრინავის სანთელი დასჭირდება (ვიდეო)

FIA Investigates Jet Fighter Canopies for Improving F1 Drivers’ Safety
19 ივლისი
კოკპიტის სანთლის ტესტირება
1994 წლის 1 მაისი, იმოლა, სან მარინოს დიდი პრიზი. სპორტული სამყარო შოკირებულია ფორმულა ერთის ცოცხალი ლეგენდის, მისი ალბათ ყველაზე ქარიზმატული პილოტის დაღუპვით. სენა მოსახვევ ტამბურელოში განცდილი კატასტროფის შემდეგ, თავის ქალაზე მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა...
ერთი დღით ადრე, იმავე ტრასაზე, კვალიფიკაციის დროს, ავსტრიელი როლანდ რატცენბერგერი დაიღუპა. ჟილ ვილნევის სახელობის მოსახვევში, მის მანქანას (სიმტეკი) ფრთა მოსტყდა, მყისიერად უმართავი გახდა და 315 კმ/სთ სიჩქარით შეასკდა ბეტონის კედელს. ეს იყო ბოლო 12 წლის განმავლობაში, პირველი შემთხვევა, როცა ფ1-ში ავარია ფატალური შედეგით დასრულდა. მიზეზი ამ შემთხვევაშიც თავის ტრავმა იყო...
დაახლოებით ასეთი კოკპიტი შეიძლება
ჰქონდეს მომავლის ფ1-ის მანქანებს
2009 წლის უნგრეთის დიდი პრიზის კვალიფიკაცია ალბათ გახსოვთ: რუბენს ბარიკელოს „მერსედესს“ ზამბარა მოსძვრა და უკან მიმავალ ფელიპე მასას თავში მოხვდა. კიდევ კარგი, ჩაფხუტის ვიზორს ასცდა, თუმცა მისი სტრუქტურა მაინც დააზიანა და ბრაზილიელ პილოტს მარცხენა საფეთქლის ძვალი დაუმტვრია. საბედნიეროდ, მასა გადარჩა, მალევე გამოჯანმრთელდა და ფ1-ს დაუბრუნდა. იმავე სეზონში, ბრიტანეთის ბრენდს ჰეტჩზე, ფორმულა 2-ის სერიის რბოლისას, თავში მოხვედრილმა საბურავმა მოკლა ჰენრი სარტისი, მსოფლიოს 1964 წლის ჩემპიონ ჯონ სარტისის 18 წლის შვილი. სამივე შემთხვევაში, პილოტებმა თავის ქალის მძიმე ტრავმა მიიღეს. მართალია, ასეთი შემთხვევები ძალიან იშვიათია, მაგრამ პერიოდულად მაინც ხდება და ძალიან მძიმე შედეგით მთავრდება.
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია (FIA) მუდმივად ცდილობს უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას, რომელთა შედეგადაც, ფატალური შედეგები მნიშვნელოვნად კლებულობს. პილოტების თავების დასაცავად, რამდენიმე გადამჭრელი ზომა მიიღეს. კერძოდ, ამაღლდა ბოლიდის (ყველა კლასის) კოკპიტის კიდეები, ბორბლები სპეციალური გვარლითაა მიმაგრებული შასიზე, ჩაფხუტს და მისი ვიზორის შუშას უფრო მტკიცე მასალისგან ამზადებენ. მასას ავარიის შემდეგ კი დღის წესრიგში, კოკპიტების გამჭვირვალე მასალით დახურვის საკითხი დადგა.
კაპარო T1 - მისაბაძი მაგალითი ფ1-სთვის
მართალია, ასეთ კონსტრუქციულ სიახლეს პილოტებიც და გუნდებიც ეწინააღმდეგებიან, მაგრამ ფედერაციის კვლევითი უნსტიტუტი მაინც მუშაობს ამ საკითხზე და ექსპერიმენტებსაც ატარებს. ამჯერად ექსპერიმენტი ჩატარდა სამხედრო თვითმფრინავის ტიპის სანთელზე, რომელმაც აჩვენა, რომ ამ ტიპის კონსტრუქციას, მძლავრი დარტყმის გაძლება შეუძლია და ბუნებრივია, ის პილოტის თავსაც ეფექტურად დაიცავს.
პილოტების არგუმენტი ისაა, რომ კოკპიტის დახურვის შემთხვევაში, ისინი მანქანიდან სწრაფად გადმოსვლას ვეღარ შეძლებენ, რაც ხანძრისას ძალიან საშიში შეიძლება იყოს. ასევე ძნელი იქნება გადაყირავებული მანქანის დატოვება...


ვიდეო
ფიას კვლევითი ინსტიტუტის ექსპერიმენტი

No comments:

Post a Comment