Monday, July 18, 2011

„მერსედეს ბენცმა“ ახალი B-კლასის ტიზერების გავრცელება დაიწყო

Mercedes-Benz Outlines the New 2012 B-Class Small MPV
17 ივლისი
ცოტაც და, „მერსედეს ბენცი“ თავის ახალ B-კლასის ჰეჩბეკს გაგვაცნობს, თუმცა ფრანკფურტის ავტო შოუმდე, სადაც მისი მსოფლიო პრემიერა გაიმართება, სამქიმიანები ამ ავტომობილისადმი ინტერესს იმით აღვივებენ, რომ მის შესახებ ინფორმაციებს მცირე ულუფებად, ასევე ჯერ არაფრის მთქმელ ფოტო ტიზერებს ავრცელებენ.

მათი მონდომება გასაგებია - სტარტზე დგას ავტომობილი, რომელმაც შტუტგარტული ავტოგიგანტის მომავალი კეთილდღეობა უნდა უზრუნველყოს. ავტომობილი, რომლის წყალობითაც, „მერსედეს ბენცი“ გაყიდვების მოცულობის მნიშვნელოვან ზრდას იმედოვნებს.
ერთ ტიზერზე მხოლოდ ავტომობილის სილუეტი ჩანს, რომლის მიხედვითაც ადვილად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ მხრივ, ის ახლანდელ ახალ B-კლასს უნდა ჰგავდეს. ამ მოსაზრებას უფრო გვიან გამოქვეყნებული ტიზერი აძლიერებს. ამ ფოტოზე ახალი ავტომობილის სილუეტი C-კლასის კუპესა და ერთ-ერთ კონცეპტუალურ მოდელს შორისაა მოქცეული.
მაგრამ „მერსედესის“ მმართველი საბჭოს ერთ-ერთი წევრი, დოქტორი თომას ვებერი საპირისპიროში გვარწმუნებს. ადამიანი, ვინც კომპანიის კვლევებისა და განვითარების განყოფილებას კურირებს, ამბობს, რომ ამდენი ცვლილება ადრე არცერთ სხვა მოდელს არ განუცდია.
ჯერ ერთი, ახალი ჰეჩბეკი ძველზე გრძელი (4359 მმ, +86 მმ), განიერი (1786 მმ, +9 მმ), დაბალია (1557 მმ, -43 მმ). რაც ყველაზე გასაოცარია, ავტომობილს ძალიან დაბალი წინააღმდეგობის კოეფიციენტი აქვს - სულ რაღაც 0.26. უფრო მეტიც, სპეციალური, ეკო ტექნოლოგიით აღჭურვის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 0.24-მდე მცირდება. ოღონდ, ამ აღჭურვილობას მყიდველს ცოტა მოგვიანებით შესთავაზებენ. შედარებისთვის, ახლანდელი „ტოიოტას პრიუსის“ წინააღმდეგობის კოეფიციენტი 0.25-ია.
ახალი B-კლასისთვის ჰეჩბეკს ბენზინის და დიზელის რამდენიმე აგრეგატი, ასევე მექანიკური და ავტომატური ტრანსმისიები მოემსახურება. მათგან საბაზო B180 ვერსია, ბენზინის ოთხცილინდრიანი 1.6-ლიტრიანი აგრეგატით აღიჭურვება, რომელიც 122 ცხენის ძალას და 200 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. მეორე ძრავიც (ავტომობილის ინდექსია B200) 1.6-ლიტრიანია, ოღონდ ის 156 ცხენის ძალას და 250 ნიუტონმეტრს იძლევა. ორივე ძრავი, საწვავის უშუალოდ წვის კამერაში მიწოდების სისტემითაა აღჭურვილი.
ასევე ოთხცილინდრიანი დიზელის აგრეგატის მუშა მოცულობა 1.8 ლიტრია. ის საწვავის უშუალოდ წვის კამერაში მიწოდების მესამე თაობის სისტემითაა აღჭურვილი და B180 CDI ვერსიისთვის, 109 ცხენის ძალას და 250 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს, B200 CDI ვერსიისთვის, კი - 136 ცხენის ძალას და 300 ნიუტონმეტრს. ძრავთან ორივე ტიპის გადაცემათა კოლოფს ორდისკოიანი გადაბმის ქურო აკავშირებს.
ახალ B-კლასს რადიკალურად შეცვლილი შასი აქვს, რომელსაც დიდი ალბათობით, ახალ A-კლასის მოდელსაც გაუზიარებს. მწარმოებელი ირწმუნება, რომ სენდვიჩის ტიპის ძირზე უარის თქმის წყალობით, დაბლა დაიწია მანქანის სიმძიმის ცენტრმა, რაც მის მანევრულობას გამოადგება. ამასთან, ეს ავტომობილის კომფორტზე უარყოფითად არანაირად არ აისახება. ძირეული მოდიფიკაცია ჩაუტარდა ელექტრონული სტაბილურობის კონტროლსა და საჭის ელექტრომექანიკურ გამაძლიერებელს. მყიდველს ასევე შესთავაზებენ სპორტულ პაკეტს, რომელშიც 20 მილიმეტრით დადაბლებული საკიდარი და უფრო ხისტი ამორტიზატორები შევა. ამასთან, ამორტიზატორის მოქმედების ამპლიტუდა ცვალებადი იქნება.
ტექნოლოგიურ სიახლეთაგან ასევე მნიშვნელოვანია რადარზე ბაზირებული, შეჰახების გამაფრთხილებელი სისტემა და მუხრუჭების ადაპტირებადი დამხმარე სისტემა, რომელიც ყველა მოდიფიკაციის საბაზო პაკეტში შევა.

No comments:

Post a Comment