Jeep Plans Crossover to Challenge the Mini Countryman
18 ივლისი
ამერიკული გამოცემა „ქარ ენდ დრაივერი“, სანდო წყაროებზე დაყრდნობით გვატყობინებს, რომ „კრაისლერი“, უფრო კონკრეტულად კი, მის ჰგუფში შემავალი „ჯიპი“, სრულიად ახალ, B სეგმენტის უგზოობის ავტომობილს ამზადებს, რომლითაც კონკურენცია „მინი ქანთრიმენს“ უნდა გაუწიოს.
შესაბამისად, ახალი „ჯიპი“, რომელსაც ჯერჯერობით კომპანიაში SS-ის სახელით (სუპერ სმოლ) მოიხსენიებენ, ზომებით ახლოს იქნება „ქანთრიმენთან“, თუმცა გზის საფართან უფრო დიდი დაშორება ექნება და შესაბამისად, უგზოობის პირობებშიც უკეთ იგრძნობს თავს. ახალმა ავტომობილმა ერთდროულად ორი მოდელი - „პეტრიოტი“ და „კომპასი“ (ფოტოზე) უნდა ჩაანაცვლოს. სავარაუდოდ, პატარა „ჯიპი“ „ფიატის“ კომპაქტურ პლატფორმაზე აიგება.
„ქარ ენდ დრაივერის“ ინფორმაციით, ამ ეტაპზე, უკვე შემუშავებულია ახალი ავტომობილის დიზაინის ორი ვარიანტი, რომლებსაც სავარაუდოდ, ფრანკფურტის გამოფენაზე გვიჩვენებენ. ამათგან ერთი ვარიანტი უხეში ფორმებით (ვრანგლერის სტილში) გამოირჩევა და ის აშკარად მიანიშნებს ავტომობილის უგზოობის ექსპერტობაზე. მეორე კი შედარებით რბილი ფორმებითაა და ის უშუალოდ „მინი ქანთრიმენის“ კონკურენტად მოიაზრება.
ახალი ავტომობილი ორი ტიპის, წინაამძრავიანი და სრულამძრავიანი ტრანსმისიით აღიჭურვება. მათგან პირველი, მუხრუჭების სისტემაზე ბაზირებული მოწყობილობით აღიჭურვება, რომლის მეშვეობითაც, ბორბლის მოსრიალების დროს, დიფერენციალი უკეთესი ჩაჭიდების მქონე ბორბალს მეტად დატვირთავს და ამგვარად, მის გამავლობასაც გააუმჯობესებს. წინაამძრავიანი ვერსია უფრო იაფი, ტორსიონული უკანა საკიდარით აღიჭურვება. სრულამძრავიან ვერსიაზე კი მრავალსაწევარიან სისტემას დააყენებენ.
სავარაუდოდ, პატარა „ჯიპს“ იტალიური წარმოების, 1.4-ლიტრიანი ოტხცილინდრიანი „მულტიეარ“ ძრავით აღჭურვავენ, რომელიც ტურბოკომპრესორის დახმარებით, 130-170 ცხენის ძალას განავითარებს. არაა გამორიცხული, რომ ევროპისა და განვითარებადი ქვეყნებისთვის განკუთვნილი ავტომობილები, „ფიატის“ წარმოების ორცილინდრიანი 0.875-ლიტრიანი ძრავიტაც აღიჭურვოს, რომლის სიმძლავრეც მხოლოდ 100 ცხენის ძალა იქნება.
ამერიკული ჟურნალის ვარაუდით, უგზოობის სუბკომპაქტური მოდელი ორ წელიწადში გამოჩნდება და მას „კრაისლერის“ მექსიკური ქარხანა გამოუშვებს. მის გარდა, ამერიკული კომპანია მალე კიდევ ორი ახალი ავტომობილის წარმოებას დაიწყებს. მათგან ერთი „ჩეროკის“ შემცვლელი იქნება, მეორე კი უგზოობის მოდელი, რომლის ბაზაზეც შემდგომში მსგავს ავტომობილს „ალფა რომეოც“ გამოუშვებს. „ჩეროკის“ ამერიკაში დაამზადებენ, მეორე ავტომობილს კი (მისი სახელი ჯერ უცნობია) „ფიატის“ მირაფიორის ქარხანაში.
No comments:
Post a Comment