Alonso urges Ferrari to start taking risks
22 ივლისი
ფერნანდო ალონსო თვლის, რომ კარგი იქნება, თუ „ფერარი“ მანქანის მოდერნიზაციის პროცესში, გაბედულ რისკზე წავა და ისეთ სიახლეებს დანერგავს, რომლებისგანაც შესაძლოა, სხვა დროს თავი შეეკავებინა. მხოლოდ ასე იქნება შესაძლებელი დაწინაურებული „რედ ბულის“ და სებასტიან ფეტელის დაწევა.
ორი კვირის წინ, სილვერსტოუნზე გამარჯვების შემდეგ, ალონსოს და „ფერარის“ იმედი გაუჩნდათ, რომ ჩემპიონატის მეორე ნახევარში, ისინი ინიციატივის აღებას და ჩემპიონობისთვის ბრძოლაში დაბრუნებას შეძლებენ. გერმანიის დიდი პრიზის თავისუფალმა პრაქტიკებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ იტალიური საჯინიბო განვითარების სწორ გზას ადგას და რომ, მარანელოელები პრაქტიკულად დაეწიენ ჩემპიონატის ლიდერებს.
მაგრამ ალონსო თვლის, რომ ეს საკმარისი არაა და რომ რბოლების დროს, ტაქტიკური რისკიც საჭირო იქნება: „ჩვენ სტრატეგიის მომზადების დროსაც აგრესიულობა დაგვჭირდება. უფრო მეტიც, ჩვენი სტრატეგიები მეტოქეებისგან განსხვავებული უნდა იყოს. უნდა დავაკვირდეთ, ვინ რა საბურავებს გამოიყენებს კვალიფიკაციის პირველ ორ ნაწილში. პირველ ნაწილში, საბურავებს უნდა გავუფრთხილდეთ, რომ მესამეში პოულისთვის ბრძოლის საშუალება მოგვეცეს. მაგრამ არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ მყარი რეზინით პირველი ნაწილის გავლის სურვილმა შეიძლება საპირისპირო შედეგი მოგვიტანოს და მესამე სექციამდე ვერც მივაღწიოთ. თუმცა, ასეთი რისკების გარეშე, სასურველ შედეგს ვერ მივაღწევთ. არაა გამორიცხული, რომ ამის გამო, ერთხელაც კვალიფიკაცია მე-18 ადგილზე დავასრულოთ და თუ ასე მოხდა, იცოდეთ, რომ ეს რისკის შედეგია. დღეს ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს. მთავარია, ყოველი რბოლის პირველ მსოახვევში, პირველი ჩვენი მანქანა შევიდეს“.
მაგრამ საკმარისი არც ეს იქნება. აუცილებელია, რომ „მაკლარენმაც“ გააუმჯობესოს თავისი შედეგები, რათა ფეტელს ქულების დაკარგვაში „დაეხმაროს“. მოკლედ, ესპანელი თვლის, რომ მეტოქე გუნდის გარეშე, „რედ ბულის“ დამარცხება მაინც ძალიან ძნელი იქნება:
„ამ ეტაპზე, ჩვენთვის აუცილებელია, დავრწმუნდეთ იმაში, რომ „მაკლარენზე“ სწრაფები ვართ. ასე იყო სილვერსტოუნზე. ჯერ არ ვიცით, აქ როგორ იქნება. მათს დღევანდელ შედეგებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ. შესაძლოა, მათი მიზანი ახალი ნაწილების გამოცდა იყო. კვალიფიკაციაზე მათი შესაძლებჰლობები უკეთ გამოჩნდება“.
„იმისათვის, რომ ფეტელის დამარცხება შევძლოთ, ბევრი გარემოების დამთხვევა იქნება საჭირო. ფეტელს მარტო მე და „ფერარო“ ვერ დავამარცხებთ. ამისათვის ძალიან ძლიერი „მაკლარენიც“ დაგვჭირდება. მოკლედ, ექვსი-შვიდი თანაგუნდელი დამჭირდება ფეტელის დასამარცხებლად, ეს კი ძალიან ძნელი იქნება“.
დაბოლოს, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი იმედოვნებს, რომ რბოლის დროს არ გაწვიმდება, რადგან მისი მანქანა უკეთ მშრალ ამინდში „დგას“, ვიდრე წვიმაში: „ვფიქრობ, ჩვენს მტავარ მეტოქეებთან შედარებით, სველ ტრასაზე ჩვენ ყველაზე სუსტად გამოვიყურებით. ამ დროს, ჩვენი საბურავები გვიან ხურდება და სწრაფად ცვდება. საერთოდ, საბურავების გამოცვლიდან პირველი 5-6 წრე ჩვენთვის ყოველთვის რთულია. მერე კი, საბურავების ბოლომდე გაცვეთამდე, ყველაფერი კარგად მუშაობს. სილვერსტოუნზე აშკარად გამოჩნდა, რომ სველ ტრასაზე „რედ ბული“ ჩვენზე გაცილებით სწრაფი იყო, მაგრამ როგორც კი ტრასა გაშრა, მათი უპირატესობაც მიილია. იგივე შემიძლია ვთქვა „მაკლარენთან“ დაკავშირებითაც“.
No comments:
Post a Comment