Pirelli predicts last-minute pitstops in the German Grand Prix
22 ივლისი
„პირელი“ დარწმუნებულია, რომ გერმანიის დიდი პრიზის გამარჯვებული, რბოლის ბოლო წრეებზე გაირკვევა, პილოტების დიდი ნაწილი კი მედიუმ-სიმყარის საბურავებს რბოლის მიწურულს დააყენებს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ამ ტიპის რეზინით, წრის გავლის საშუალო დრო, დაახლოებით 1.5 წამით უარესი იქნება რბილი საბურავით გავლის დროზე.
„პირელის“ მოტორსპორტის დივიზიონის დირექტორ პოლ ჰემბრის თქმით, მშრალ ამინდში, ყველა ეცდება, რომ რბილ საბურავებზე, რაც შეიძლება, მეტხანს დარჩეს. მისი ვარაუდით, უმეტესობა რბილი რეზინის ორ კომპლექტს გამოიყენებს, მერე კი, რაც შეიძლება, გვიან შევლენ საშუალო სიმყარის საბურავების დასაყენებლად. გამოდის რომ, „სტანდარტული“ ტაქტიკა სამი პიტსტოპი იქნება.
„ჩვენი ვარაუდით, რბილი რეზინით 20 წრის გავლა ნორმალურია, თუმცა ნუ გაგიკვირდებათ, თუ ზოგი 30 წრის გავლასაც მოინდომებს. ეს კი ნიშნავს, რომ ასეთები მაქსიმუმ ორი, მინიმუმ კი ერთი პიტსტოპით ივლიან. არაა გამორიცხული, რომ ბევრმა, ბოლო პიტსტოპი ფინიშამდე 3-4 წრით ადრე შეასრულოს. რბოლის გიჟური დასასრული იქნება, თუ ასე მოხდა. თუმცა, ზოგი ალბათ ეცდება, რომ რბილების პირველი კომპლექტით, რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს ტრასაზე, შემდეგ კი საშუალოზე გადავლენ და ამით დაასრულებენ რბოლას“, - ამბობს ჰემბრი.
ის დასძენს, რომ საშუალო სიმყარის რეზინის დეგრადაცია თითქმის ნულოვანია, რასაც ის ფაქტიც ერთვება, რომ ნურბურგრინგის ასფალტის საფარი და მოსახვევების მახასიათებლები, რეზინისადმი ძალიან მომთხოვნი არაა. ეს კი ნიშნავს, რომ რბილი რეზინით, პირველი პიტსტოპის დაგვიანება შესაძლებელი იქნება.
„საშუალო რეზინი ძალიან ძნელად ცვდება. ჩვენი მონაცემებით, მათ 100 წრის გაძლება შეუძლია. ასე რომ, ამ საბურავით, ორი რბოლის გავლაც შეიძლება. სეზონის დასაწყისში არავის სჯეროდა, რომ ჩვენ ასეთ გამძლე საბურავებს შევქმნიდით, ჩვენ კი ვამბობდით, რომ ეს შეგვეძლო. ამ მხარეში სიცხეები არ იცის, ტრასაც არაა საბურავებისადმი ძალიან მომთხოვნი. გუნდებმა იციან, როგორ მიიღონ ამათუიმ საბურავებისგან მაქსიმალური სარგებელი. საერთოდ, ბოლო რბოლებში, ყველა გუნდი უფრო მეტ გამოუყენებელ საბურავს გვიბრუნებს, ვიდრე სეზონის დასაწყისში. ეს კი ნიშნავს, რომ ისინი მათ გაცილებით რაციონალურად იყენებენ. ასე რომ, ჩვენ უცნაურ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით ხოლმე. მაგალითად, თურქეთში ბევრი შიშობდა, რომ რბოლისას უმეტესობა ოთხ პიტსტოპზე წავიდოდა. ახლა კი უკვე თითიო პიტზე ვლაპარაკობთ. მოკლედ, საბურავები გუნდებისთვის მოძრავ სამიზნესავით იქცა“, - დასძენს ჰემბრი.
No comments:
Post a Comment