VW Reportedly Made an Offer for Opel After Hyundai Manifested Interest
22 ივლისი
მნიშვნელოვანი ტექნოლოგია, რომელიც "ოპელში" "ჯენერალ მოტორსს" აინტერესებს, "ვოლტეკია", რომელსაც რიუსელსჰაიმელები თავიანთ ჰიბრიდ "ამპერაზე" იყენებენ |
„ფოლკსვაგენი“ ირწმუნება, რომ „ოპელის“ უკეთ მართვა შეუძლია, ვიდრე „ჯენერალ მოტორსს“, თუმცა ამერიკული კომპანია საპირისპიროს ამტკიცებს და აცხადებს, რომ თავისი ევროპული შტოს გაყიდვას არ აპირებს, რადგან „ოპელის“ ტექნოლოგიებს მისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
ბოლო რამდენიმე თვეა, პრესაში არ წყდება იმაზე ლაპარაკი, რომ ვოლფსბურგელებს მეზობელი კომპანიის შეძენა სურთ. გერმანულმა ჟურნალმა „მენეჯერ მეგზინმა“ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ „ოპელის“ საბაზრო მდგომარეობის შესწავლის შემდეგ, „ფოლკსვაგენმა“ მისი შეძენის შეთავაზებით, „ჯენერალ მოტორსს“ მიმართა, თუმცა კონკრეტულ ფასზე სტატიაში არაფერი იყო ნათქვამი. მთავარი კი ისაა, რომ გენერლებმა შეთავაზება იუარეს...
გავიდა ცოტა ხანი და „ფოლკსვაგენში“ შეიტყვეს, რომ „ოპელის“ შეძენა „ჰიუნდაისაც“ სურს. უფრო მეტიც, კორეულმა კომპანიამ დეტროიტს თავისი შეთავაზებით მიმართა. ამან ვოლფსბურგელების ინტერესი „ოპელისადმი“ კიდევ უფრო გააძლიერა. სხვათა შორის, „ჰიუნდაის“ ევროპული შტაბ-ბინა „ოპელის“ ქალაქ რიუსელსჰაიმში მდებარეობს და ლოგიკურია, რომ კორეულ გიგანტს მეზობელი კომპანიის თავის ქოლგის ქვეშ გაერთიანება სურდეს. მითუმეტეს, მართალია დღეს არ აღიარებს, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია, მასაც „ფოლკსვაგენივით“ მსოფლიო პირველობა არ სურდეს. და თუ სურს, მაშინ პირველი, ან ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი სწორედ „ოპელის“ შეძენა უნდა გახდეს.
„ფოლკსვაგენშიც“ სწორედ ასე ჩათვალეს და „ჯენერალ მოტორსს“ მეორედ მიმართეს. ოღონდ, ამჯერად ამერიკელებს გაცილებით მეტი თანხა შესთავაზეს. მაგრამ გენერლებმა მიღებულ შეთავაზებას არასაკმარისი უწოდეს. ეს ყველაფერი მხოლოდ „მენეჯერ მეგზინის“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციაა, რომელზეც არცერთი მხარე კომენტარს არ აკეთებს და ყველაფერს „სპეკულაციას“ უწოდებს.
ფაქტი კი ისაა, რომ „ფოლკსვაგენის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მარტინ ვინტერკორნმა ცოტა ხნის წინ გამოთქვა ვარაუდი, რომ თუ „ჯენერალ მოტორსი“ „ოპელის“ გაყიდვას გადაწყვეტს, მაშინ ამ უკანასკნელს რომელიმე ჩინური კომპანია შეიძენს. ის თვლის, რომ ამერიკელებისთვის „ოპელის“ გაყიდვა ლოგიკური ნაბიჯი იქნება, რადგან 1999 წლის შემდეგ, მათ გერმანული ბრენდისგან სულ 14.5 მილიარდი დოლარი იზარალეს. ამასთან, „ფოლკსვაგენის“ პრესსამსახურმა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს მიმართა თხოვნით, რომ ვინტერკორნის ნათქვამი განეხილათ როგორც ვარაუდი და არა იმის მტკიცება, რომ „ოპელი“ აუცილებლად გაიყიდება.
მაშინ „ჯენერალ მოტორსმა“ ასეთი განცხადება გაავრცელა: „1928 წლიდან მოყოლებული, „ოპელი“ „ჯენერალ მოტორსის“ ოჯახის წევრია და დრესაც ჩვენი კომპანიის მნიშვნელოვანი ნაწილია“.
შეგახსენებთ, რომ ორი წლის წინ, გენერლები ახლოს იყვნენ „საკუთარი ოჯახის წევრის“ გაყიდვასთან. მაშინ მყიდველი რუსული სახელმწიფო ბანკი „სბერბანკი“ იყო, რომელიც ფარად რუსების მიერვე კონტროლირებად კანადურ „მაგნას“ იყენებდა. თავიდან „ჯენერალ მოტორსი“ თანახმა იყო, რომ „ოპელი“ რუსებისთვის მიეყიდა, თუმცა შემდეგ ისინი ხახამშრალი დატოვა. ამას კი წინ პუტინის საზეიმო განცხადებები უძღოდა, რომელიც „ოპელს“ უკვე ლამის რუსულ კომპანიად მოიხსენიებდა.
რაც შეეხება „ფოლკსვაგენს“, ახლახანს ის იტალიურ „ალფა რომეოსაც“ წაეპოტინა, თუმცა „ფიატისგან“ მყარი უარი მიიღო. ვინტერკორნი დარწმუნებულია, რომ ეს უარი სიმყარეს მხოლოდ ორი წელი შეინარჩუნებს და ტურინელებს თავიანთი მილანური შტოს გაყიდვა მას შემდეგ მაინც მოუწევთ, რაც „ალფას“ მორიგი რესტრუქტურიზაციაც ფიასკოთი დასრულდება.
ისე, სხვათა შორის, მალე ძირეულ რესტრუქტურიზაციას „ოპელიც“ დაიწყებს...
No comments:
Post a Comment