Webber grabs German pole, Hamilton second
23 ივლისი
ავსტრალიელი მარკ უებერი ზედიზედ მეორე რბოლას დაიწყებს მოწინავე პოზიციიდან, სტარტზე მის გვერდით კი ამჯერად ლუის ჰამილტონი დადგება, ვისაც კვალიფიკაციის მოგებამდე 0.055 წამი დააკლდა. არადა, თავისუფალი პრაქტიკების შემდეგ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ „მაკლარენის“ რომელიმე პილოტი პოულისთვის ბრძოლას შეძლებდა.
ამგვარად, „რედ ბულის“ პილოტებმა ზედიზედ ბოლო 11 რბოლაში მოიპოვეს პოული, აქედან 10 ამ სეზონისაა. ოღონდ, ბოლო 15 რბოლაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სებასტიან ფეტელი პირველ რიგში არ დადგება. ამჯერად ის მხოლოდ მესამე შედეგს დასჯერდა.
ჰამილტონი თავისუფალი პრაქტიკების შემდეგმ თავადვე აღიარებდა, რომ მისი გუნდი გერმანიის დიდი პრიზის მოსაგებად მზად არაა. პარასკევს ის წამზე მეტით ჩამორჩა ორივე პრაქტიკის საუკეთესო პილოტებს, მის თანაგუნდელ ჯენსონ ბატონს კი ტექნიკური პრობლემები ჰქონდა - ჯერ იყო და, მის მანქანაზე ახალი ექსპერიმენტული გამოსაბოლქვი სისტემა დაიწვა, შემდეგ კი კერს-იც გაჭირვეულდა.
„ნუ გაგიკვირდებათ. უბრალოდ, მანქანის შესაძლებლობები სათანადოდ ვერ შევაფასე. ახლა კი ძალიან კმაყოფილი ვარ. ალბათ, ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული წრე იყო“, - ნარბოლევს განაცხადა ჰამილტონმა. რაც შეეხება უებერს, ნურბურგრინგის უიკენდის დაწყებამდე, მან იმედი გამოთქვა, რომ გუნდისგან მითითებებს აღარ მიიღებს და ფეტელთან თავისუფალი პაექრობის საშუალება მიეცემა. ახლა კი, რა თქმა უნდა, თავისი შედეგით კმაყოფილი დარჩა: „თანდათან შევდივარ ფორმაში. სეზონი საკმაოდ კარგად მიმდინარეობს. ბიჭებმა მანქანა შესანიშნავად მომიმზადეს, რისთვისაც რამდენიმე დღე, ბოქსში გვიანობამდა დარჩენა უწევდათ“.
სახეზე გაწბილება არც დასტყობია ფეტელს. „მარკს და ლუისს ბევრით არ ჩამოვრჩი. რაც მთავარია, მანქანა კარგად მუშაობდა და იმედია, რბოლაშიც ასე იქნება“, - განაცხადა ჩემპიონმა, ვისაც ამ სეზონში, წინა ცხრიდან 6 რბოლა აქვს მოგებული. სხვათა შორის, კვალიფიკაციის ბოლო წამებზე, ფეტელს ჯერ კიდევ მეორე შედეგი ჰქონდა, თუმცა ჰამილტონმა ბოლო ცდაზე შეძლო მისი შედეგის გაუმჯობესება.გერმანიის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
1. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:30.079
2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:30.134
3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:30.216
4. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:30.442
5. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:30.910
6. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:31.263
7. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:31.288
8. ადრიან სუტილი (გერმანია,ფორს ინდია) 1:32.010
9. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) 1:32.187
10. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:32.482
- - - - - - - - - -
11. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, რენო) 1:32.215
12. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 1:32.560
13. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 1:32.635
14. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) 1:33.043
15. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი) 1:33.176
16. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) 1:33.546
17. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:33.698
- - - - - - - - - -
18. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:33.786
19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:35.599
20. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) 1:36.400
21. კარუნ ჩანდჰოკი (ინდოეთი, ლოტუსი) 1:36.422
22. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი) 1:36.641
23. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია) 1:37.011
24. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ისპანია) 1:37.036
No comments:
Post a Comment