Thursday, July 7, 2011

„რენოს“ მორიგი ელექტრონული კონცეპცია

Renault Frendzy Concept Official Details and Images
7 ივლისი
ორი წლის წინ, „რენომ“ ფრანკფურტის ავტო შოუზე, ერთბაშად ოთხი ელექტრომობილი - „კანგუ ZE“, „ფლუენს ZE“, „ზოი ZE“ და „ტვიზი ZE“ წარადგინა. მათგან ზოგის წარმოება უკვე დაიწყო, ზოგისას კი მალე დაიწყებს. თუმცა ამას არ სჯერდება და ეკოლოგიურად სუფთა პარკის გაფართოებაზე მუდმივად ზრუნავს. ამ ზრუნვის ერთ-ერთ ბოლო ნიმუშს კი ფრანკფურტის წლევანდელ ავტო შოუზეც ვიხილავთ.

ესაა კონცეპტუალური ელექტრომობილი „ფრენდზი“, რომელიც ეგრეთ წოდებული საოჯახო ავტომობილია, მიკროვენის ძარით. მიუხედავად იმისა, რომ მისი მსოფლიო პრემიერა ფრანკფურტში უნდა გაიმართოს, „ფრანგულმა კომპანიამ „ფრენდზის“ შესახებ თითქმის მთელი ინფორმაცია ახლავე გაგვაცნო.
„ეს ის ავტომობილია, როგორიც უნდა გყავდეთ. ესაა მუშა ცხენი, რომელიც კომფორტითაც უზრუნველგყოფთ და ეკონომიურიცაა. და რაც მთავარია, გარემოს არ აბინძურებს. მოკლრდ, ოჯახისთვის მისწრება იქნება“, - ამბობს „რენოს“ კონცეპტუალური და საჩვენებელი ავტომობილების დიზაინის დირექტორი აქსელ ბროინი.
რა თქმა უნდა, „ფრენდზი“ ფრანგული კომპანიის ახალ კორპორატიულ (ჯერ კიდევ კონცეპციის ფაზაში მყოფ) სტილშია შესრულებული და ამიტომ, ძლიერ ჰგავს სპორტულ ელექტრომობილ „დეზირს“, რომელიც „რენომ“ შარშან, პარიზის ავტო შოუზე გვიჩვენა. ეს სტილი კი კომპანიის მთავარი დიზაინერის, ლორენს ფან დენ აკერის ხელმძღვანელობით შემუშავდა.
ავტომობილის ძარა ასიმეტრიულია. კერძოდ, მის მარჯვენა მხარეს უკანა კარი გასაწევია, რითაც სალონში მოხვედრას შემჭიდროებული პერკინგის პირობებშიც აადვილებს. ეს, ასე ვთქვათ, სამუშაო კარია, რადგან მას გაუმჭვირვალე შუშა აქვს და სავარაუდოდ, ასე მხოლოდ იმისათვის გაკეთდა, რომ ამ მხარეს სალონში საბარგო სეგმენტია. თანაც, შუშის ადგილზე 37-დუიმიანი მონიტორი მოთავსდა, რომელზეც სხვადასხვა ინფორმაციის გამოტანა შეიძლება. მძღოლის მხარეს კი უკანა კარი წინას საპირისპირო მიმართულებით იხსნება, რითაც ასევე გაადვილებულია სალონში მოხვედრა. ეს რაც ასიმეტრიულობას შეეხება. ისე კი, ძარას უკანა საყრდენი არცერთ მხარეს არ აქვს. სამაგიეროდ, ამ ნაკლს უკანა, მძლავრი საყრდენი ავსებს. სალონში ბარგისთვის გამოყოფილი ადგილის მოცულობა 2250 ლიტრია.
როგორც კონცეპტუალურ მოდელს შეეფერება, „ფრენდზის“ სალონი ფუტურისტული ელემენტებით უხვადაა გაწყობილი. ეს ეხება როგორც ხის და ალუმინის დეტალებს, ასევე უცნაურ, შუქდიოდურ ელემენტებსაც, რომელთა დანიშნულების ახსნა საკმაოდ ძნელია.
კონცეპტუაური ავტომობილი საკმაოდ მოკლეა - სიგრძეში მხოლოდ 4091 მილიმტრი, თუმცა სხვა მხრივ, ფართოცაა და მაღალიც, რაც მისი სალონის კომფორტულობაზე დადებითად მოქმედებს. მისი სიგრძეა 1871 მილიმეტრი, სიმაღლე კი - 1743 მილიმეტრი.
დაბოლოს, ავტომობილს მამოძრავებელი ძალით მცირე სიმძლავრის ელექტროძრავი უზრუნველყოფს, რომელიც 60 ცხენის ძალას და 226 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. მისი დახმარებით, „ფრენდზის“ მაქსიმუმ 130 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა შეუძლია. ძრავს ენერგიით ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი ამარაგებს.
რა ტქმა უნდა, ჯერ ძნელია იმის თქმა, თუ რა შანსია აქვს „ფრენდზის“ იმისა, რომ კონვეიერზე მოხვდეს. თუმცა თუ გავითვალისწინებთ „რენოს“ ელექტრულ მიდრეკილებებს, დიდი ალბათობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს ავტომობილი მალე ფრანგული კომპანიის შოურუმებში მოხვდება.

No comments:

Post a Comment