Wednesday, July 13, 2011

„ფისკერის“ პირველ „კარმას“ ლეონარდო დი კაპრიო მიიღებს

First Fisker Karma to be Delivered to Leo Di Caprio
13 ივლისი
კალიფორნული საავტომობილო კომპანია „ფისკერი“, თავის ლუქსის კლასის პლაგ-ინ ჰიბრიდულ სედან „კარმას“ მიწოდებას მალე დაიწყებს, პირველ ავტომობილს კი ჰოლივუდის ვარსკვლავი ლეონარდო დი კაპრიო მიიღებს.
კომპანია აცხადებს, რომ ამ ავტომობილზე უკვე 3 000 წინასწარი შეკვეთა აქვს მიღებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მათს დაკმაყოფილებას მინიმუმ ექვსი თვე მაინც დასჭირდება. ეს კი ბრწყინვალე შედეგია კომპანიისთვის, რომელიც ავტომობილების წარმოებას ახლა იწყებს.

დი კაპრიო ერთადერთი ცნობილი პიროვნება არაა, ვინც 100 000 დოლარად ღირებულ „ფისკერ კარმას“ ყიდულობს. მის გარდა, მალე ამ ავტომობილით ივლიან აშშ-ის ყოფილი ვიცე პრეზიდენტი ელ გორი, ასევე ყოფილი სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი.
კომპანია „ფისკერი“ „ასტონ მარტინის“ დიზაინის ყოფილმა დირექტორმა, დანიელმა ჰენრიკ ფისკერმა ჩამოაყალიბა. სწორედ ისაა თავისი კომპანიის პირველი ავტომობილის ავტორი. „კარმა“ ალუმინისგან შეკრული სივრცულ ჩარჩოზეა აგებული. ელემენტების ბლოკი ავტომობილის შუაშია მოთავსებული, ამძრავ ძალას კი მას ორი ელექტროძრავი ანიჭებს, რომლებიც ავტომობილი უკანაა განლაგებული. წინა ნაწილში მოთავსდა ბენზინის ოთხცილინდრიანი 2.0-ლიტრიანი ტურბო ძრავი, რომელიც 260 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მასთან კი გენერატორია შეწყვილებული, რომელიც ელექტროძრავებისა და ელემენტებისთვის ენერგიას გამოიმუშავებს.
„კარმას“ წარმოება უკვე დაწყებულია. „ფისკერისთვის“ ამ ავტომობილს ფინური კომპანია „ვალმეტი“ აწარმოებს. კვირაში ჯერ მხოლოდ ხუთი ავტომობილის აწყობა ესწრება. თუმცა, ეს რიცხვი მალე 300-მდე გაიზრდება. გარდა სედანისა, „ფისკერი“ მის ბაზაზე კაბრიოლეტის და ჰეჩბეკ/უნივერსალის ტიპის მოდელის წარმოებასაც აპირებს. შესაძლოა, ეს უკანასკნელი მალე ფრანკფურტის ავტო შოუზეც კი ვიხილოთ. და თუ „ფისკერის“ ბიზნესი გეგმის შესაბამისად წარიმართა, კომპანია უფრო მომცრო ზომის მოდელის (ამჟამად მისი კოდური სახელწოდებაა ნინა) წარმოებასაც დაიწყებს, რომლითაც კონკურენციას „ბეემვეს“ მესამე სერიის სედანს გაუწევს.

No comments:

Post a Comment