Saturday, August 6, 2011

„ჯენერალ მოტორსი“ ისევ პირველია

GM is World’s Number One Automaker
6 აგვისტო
მას შემდეგ, რაც იაპონიას დამანგრეველი მიწისძვრა და ცუნამი დაატყდა თავს, ეს ადრე თუ გვიან, უნდა მომხდარიყო - „ტოიოტამ“ მსოფლიო ლიდერობა, რომელიც სამი წლის წინ „ჯენერალ მოტორსს“ ჩამოართვა, ისევ ამერიკულ კომპანიას გადააბარა. უფრო მეტიც, წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, იაპონურ კომპანიას გაყიდვებში „ფოლკსვაგენის“ ჯგუფმაც გადაასწრო.

„ტოიოტამ“ გამოაცხადა, რომ წლის პირველი ნახევარში მისმა გაყიდვებმა 3.37 მილიონი ავტომობილი შეადგინა, დაახლოებით 23 პროცენტით ნაკლები, ვიდრე შარშან, წლის ამავე მონაკვეთში. ამ რიცხვში შედის „ლექსუსის“, „სციონის“, „დაიჰაცუს“ და „ჰინოს“ გაყიდვებიც.
მისგან განსხვავებით, „ჯენერალ მოტორსმა“ და „ფოლკსვაგენმა“ გაყიდვები გაზარდეს. ამერიკულმა კომპანიამ 4.536 მილიონი ავტომობილის გაყიდვა მოასწრო, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 8.9 პროცენტით მეტია. გერმანულმა კომპანიამ და მის ჯგუფში შემავალმა კომპანიებმა კი 4.13 მილიონი ავტომობილი გაჰყიდეს.
„ტოიოტას“ გაყიდვების კლების მთავარი ფაქტორი ისაა, რომ კარგა ხანს მისი საწარმოების დიდი ნაწილი გაჩერებული იყო. უფრო მეტიც, ბევრი მათგანი ჯერ ისევ ნაწილობრივაა დატვირთული. იაპონური კომპანია აცხადებს, რომ წარმოების სრულმასშტაბიან რეჟიმს მალე დაუბრუნდება.
თუმცა, ბევრი ანალიტიკოსი სკეპტიკურად აფასებს „ტოიოტას“ შესაძლებლობებს, რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდეს წარმოების ჩვეულ ტემპს. ჯერ ერთი, ავტომობილის დამზადებიდან მის გაყიდვამდე რამდენიმე თვეა საჭირო. მეორეც, იმ მყიდველთა უმეტესობამ, რომელტაც კომპანიის კრიზისის პერიოდში უნდა შეეძინათ „ტოიოტას“ ავტომობილი, სხვა კომპანიის ავტომობილი შეიძინეს. და დიდი შანსია იმისა, რომ მათი სოლიდური ნაწილის შემდეგი ავტომობილიც არ იქნება „ტოიოტა“...

No comments:

Post a Comment