Monday, August 22, 2011

”ფოლკსვაგენის” მორიგი სიახლე - ”ერთლიტრიანი” ელექტრომობილი

VW to Unveil New Experimental One-Seat Electric Car in Frankfurt
22 აგვისტო
ფრანკფურტის მოტორ შოუს, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილე ”ფოლკსვაგენი” იქნება, რომელიც სპეციალისტებს და დამთვალიერებლებს რამდენიმე სიახლეს უმზადებს. ამ სიახლეთაგან კი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, ექსპერიმენტული ერთადგილიანი ელექტრომობილი იქნება. თუმცა, ფრანკფურტულ მსოფლიო პრემიერამდე, ამ მანქანის პირველად ხილვა ბერლინში, სპეციალურ პრეზენტაციაზე იქნება შესაძლებელი.

”ფოლკსვაგენის” კვლევითი ცენტრის აღმასრულებელმა იურგენ ლეოჰოლდმა განაცხადა, რომ კონცეპტუალური ავტომობილი, საშუალო მანძილზე გადაადგილებისთვის მისწრება იქნება. თუმცა, მას ავტომობილის არც სახელი დაუკონკრეტებია და არც ტექნიკური მახასიათებლები. თუმცა, მაინც აღიარა, რომ ახალ ავტომობილს XL1 SEV-ზე (SEV - სუპერ ეფექტური მანქანა) უკეთესი მაჩვენებლები ექნება.
ვოლფსბურგელებმა XL1 (ფოტოზე) პირველად კატარის ავტო შოუზე წარადგინეს. ეს ავტომობილი ჰიბრიდული სისტემითაა აღჭურვილი, რომელშიც დიზელის ორცილინდრიანი, 48-ცხენისძალიანი ძრავი და 27-ცხენისძალიანი ელექტროძრავი შედს. პირველს 7-საფეხურიანი DSG კოლოფი ემსახურება, რომელსაც ძრავთან ორდისკოიანი ქურო აკავშირებს. მეორეს კი ენერგიით ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი ამარაგებს. მწარმოებლის მონაცემებით, შერეული ციკლით მოძრაობისას, XL1-ს 100 კილომეტრის გასავლელად 0.9 ლიტრი საწვავი ჰყოფნის, ყოველ კილომეტრზე კი ატმოსფეროში მხოლოდ 24 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს. ამასთან, აკუმულატორებში დაგროვილი ენერგია საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა მარტო ელექტროძრავით 35 კილომეტრი გაიაროს.
ვოლფსბურგელები ახლავე აცხადებენ, რომ ერთადგილიანი ექსპერიმენტული ელექტრომობილის წარმოება არ იგეგმება. ის მხოლოდ იმის სადემონსტრაციოდაა განკუთვნილი, რომ ”ფოლკსვაგენი” ინტენსიურად მუშაობს ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ავტომობილების შექმნასა და წარმოებაში დანერგვაზე. გერმანული კომპანიის საწარმოში პირველი ელექტრომობილები ”გოლფის” და Up-ის ბაზაზე შეიქმნება და ისინი ბაზარზე 2013 წელს გამოჩნდება.
სხვათა შორის, ”ფოლკსვაგენის” მთავარ აღმასრულებელ მარტინ ვინტერკორნს ნათქვამი აქვს, რომ 2018 წელს მისმა კომპანიამ 10 მილიონი ავტომობილი უნდა გაჰყიდოს, რომელთაგან 3 პროცენტი, ანუ 300 000 ელექტრომობილი უნდა იყოს.

No comments:

Post a Comment