Sunday, August 21, 2011

”ფოლკსვაგენ Up” ფრანკფურტული პრემიერის წინ

Volkswagen Up Revealed Ahead of Frankfurt Debut
21 აგვისტო
მალე ”ფოლკსვაგენის” სამოდელო გამას ერთი სრულიად ახალი ავტომობილი შეემატება, რომლის წყალობითაც, გერმანული ავტოგიგანტი, გაყიდვების მნიშვნელოვან ზრდას გეგმავს. ამ ავტომობილის პირველი კონცეპტუალური ვერსიის დებიუტი ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ შედგა და მას შემდეგ, ბაზარი მის გამოჩენას მოუთმენლად ელოდა. და აი, პრემიერის დროც მოახლოვდა...
ფრანკფურტის მოტორ შოუს ერთ-ერთი გამორჩეული ექსპონატი, უთუოდ ”ფოლკსვაგენ Up” გახდება, პატარა სამკარიანი ავტომობილი, რომლის ბაზაზეც ვოლფსბურგელები დიდ ოჯახს ჩამოაყალიბებენ და მას თავიანთ ჯგუფში შემავალ კომპანიებსაც გაუზიარებენ.

ახალი ავტომობილი, ვოლფსბურგელთა ყველაზე მომცრო მოდელ ”პოლოზე” პატარაა. მისი სიგრძე სულ რაღაც 3.54, სიგანე 1.64, სიმაღლე 1.48 მეტრი, ბაზა კი 2.42 მეტრია. საბარგულის მოცულობა 250 ლიტრია, თუ უკანა სავარძლებს დავკეცავთ, ის 951 ლიტრამდე იზრდება. სიგრძესთან შეფარდებით, ბაზა საკმაოდ გრძელია. ამასთან, ბორბლები მაქსიმალურად კუთხეებისკენაა გარიყული, რამაც დიზაინერებს სალონის სივრცის გაზრდის საშუალება მისცა. თავისი ზომებით, ავტომობილი ”მინიზე” პატარაა და ბაზარზე ისეთ დამკვიდრებულ ავტომობილებს გაუწევს კონკურენციას, როგორებიცაა ”სიტროენ C1”, ”პეჟო 107”, ”ტოიოტა აიგო” და ”ფიატ 500”.
კონცეპტუალური Up-ზე თუ ძრავი უკან იყო მოთავსებული და უკანა ბორბლებსვე ამოძრავებდა, ავტომობილის დაბალი ფასის მისაღწევად, ინჟინრებმა უფრო ტრადიციული შეთანწყობა აარჩიეს - ძრავი წინ მოთავსდა და გამომუშავებულ მაბრუნ მომენტს ის წინა ბორბლებს გადასცემს.
ძრავი ჯერჯერობით ორია. ორივე ბენზინზე მუშაობს და სამცილინდრიანია, 1.0 ლიტრი მუშა მოცულობით. ოღონდ, მათ ფორსირების განსხვავებული ხარისხი აქვთ. ერთის სიმძლავრე 59 ცხენის ძალაა, მეორისა კი - 74 ცხენის ძალა. ასევე დაგეგმილია ავტომობილის ბუნებრივ აირსა და ელექტრულ ენერგიაზე მომუშავე ძრავებით აღჭურვა. ორივე ძრავი ეკონომიურობუთ და სუფთა გამონაბოლქვით გამოირჩევა. ჯერ ზუსტი მონაცემები არ გამოქვეყნებულა, თუმცა ცნობილია, რომ გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა 100 გრ/კმ-ზე ნაკლები იქნება.
სალონში ოთხი სავარძელია. აქ ინოვაციაა პორტატული სისტემა ინფოტაინმენტი, რომელიც არაერთ ფუნქციას ითავსებს. ამასთან, მყიდველს აღჭურვის სამ დონეს შესთავაზებენ. ესენია საბაზო, საშუალო და ტოპ ვერსიები. ავტომობილი ასევე აღჭურვილია უსაფრთხოების სრულიად ახალი სისტემით (სიტი ემერგენსი ვრეიკინგ), რომელიც დაბალი სიჩქარით (30 კმ/სთ-მდე) მოძრავ მანქანას მომენტალურად აჩერებს, თუ დაადგენს, რომ შეჯახების რეალური საფრთხე წარმოიქმნა.
სავარაუდდ, ”ფოლკსვაგენის” ევროპელი დილერების შოურუმებში, ეს პატარა ავტომობილი დეკმბერში გამოჩნდება.

No comments:

Post a Comment