Friday, September 2, 2011

”რენო 4 ევა” - დიზაინერმა ბავშვობის შთაბეჭდლება გააცოცხლა

Renault 4 Ever Concept: David Obendorfer’s Revival of a Childhood Impression
2 სექტემბერი


წელს 50 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ”რენომ” თავის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ (33 წლის განმავლობაში, მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში, 8 მილიონზე მეტი R4 გაიყიდა) მოდელ R4-ის წარმოება დაიწყო. მართალია, ამჟამად ფრანგული კომპანია ამ მოდელს აღარ უშვებს, მაგრამ მის იუბილესთან დაკავშირებით, დიზაინის კონკურსი წამოიწყო, რომლის მიზანიც, კლასიკური R4-ის თანამედროვე ვერსიის შექმნაა.

კონკურსში წარდგენილ ნამუშევრებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია იტალიელ დიზაინერ დავიდ ობენდორფერის კონცეპცია, რომელსაც მან პირობითად ”ბავშვობის შთაბეჭდილების აღორძინება” (მოკლედ რივაიველ - აღორძინება) უწოდა. ისევე როგორც ”ფიატმა”, მოდელ 500-ის აღორძინებისას, ობენდორფერმაც R4-ის კლასიკური ფორმების დატოვება და გათანამედროვება გადაწყვიტა და შესანიშნავი შედეგიც მიიღო.
”ამ მოდელის ზედაპირების ხასიათი შევისწავლე და ვეცადე, დამეჭირა ის პროპორციები, რომელმაც ამ ავტომობილს ავტორიტეტი ჩამოუყალიბა. ეს მონაცემებია R4-ის შედარებით გრძელი ბაზა, საკმაოდ მოკლე წინა გადმონაშვერი, თითქმის ვერტიკალური წინა საქარე შუშა, ერთმანეთთან მცირედით დაშორებული წინა ფარები, თითქმის ვერტიკალური უკანა საყრდენი და ა.შ. რა თქმა უნდა, აუცილებელი იყო უსაფრთხოების თანამედროვე მოთხოვნების, განსაკუთრებით კი ფეხმავლების უსაფრთხოების და კომფორტის გათვალისწინება”, - ნათქვამია ობენდორფერის განმარტებაში.
მოკლედ, სახეზეა თანამედროვე დიზაინი რეტრო ელემენტებით. რაც მთავარია, კონცეპცია ”რენოს” ხელთ არსებული შესაბამისი არქიტექტურის გამოყენებას ითვალისწინებს. რაც შეეხება ძალურ დანადგარებს, ამ შემთხვევაში, პროექტის ავტორი ავტოინდუსტრიის ტრენდს მიჰყვება და ასეთებად ჰიბრიდული სისტემა და ელექტროძრავი შეარჩია.
გარე დიზაინის მსგავსად, ინტერიერიც მარტივია. მაჩვენებლების დაფა პირდაპირ მიგანიშნებთ, რომ ის ორიგინალური ”კვატრელის” შთამომავალია. თუმცაღა, როგორც კი ძრავს ჩართავთ, დაფაზე ”თავს წამოწევს” ორი თხევადკრისტალური მონიტორი, რომლებიც მაშინვე დაიმალება, როგორც კი ძრავა გამოირთვება. ამ ორიდან ერთი ანალოგური მაჩვენებლების პანელს ცვლის, მეორე კი მრავალფუნქციურია და მასთან სანავიგაციო სისტემაცაა მიერთებული.
ძნელი სათქმელია, ამ კონკურსს ფრანგული კომპანია უბრალოდ ”კვატრელის” საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით აწყობს, თუ ამ ერთ დროს პოპულარული ავტომობილის გაცოცხლება სურს. ის კი აშკარაა, რომ ობენდორფერის კონცეპცია ერთ-ერთი საუკეთესოა იმ 50-ზე მეტ ნამუშევარს შორის, რომლებიც სამი ჯილდოსთვის იბრძვიან. მესამე ადგილისთვის ჯილდ 3 000 ევროა, მეორე საუკეთესო პროექტის ავტორს 5 000 ევროს მისცემენ, გამარჯვებული კი აღდგენილ ”რენო 4-ს” მიიღებს, რომელმაც ახლახანს მონტე კარლოს რალიზე, ვეტერანების რბოლაში იასპარეზა. ეს ავტომობილი 15 000 ევროდაა შეფასებული.

No comments:

Post a Comment