Thursday, September 1, 2011

”ფორვიჟნ” - ”სმარტი” გარეგნობას იცვლის

Smart's Forvision Conceptualizes the Next-Generation of the Fortwo
1 სექტემბერი

ფრანკფურტში ”დაიმლერი” ”სმარტის” კონცეპტუალურ მოდელ ”ფორვიჟნს” წარადგენს, რომლითაც არამხოლოდ ამ ჯუჯა ავტომობილის დიზაინის მომავალს გაგვაცნობს, არამედ იმ ახალ ტექნოლოგიებსაც, რომლებსაც ახლო მომავალში, არამხოლოდ ამ ჯუჯა ავტომობილებზე, არამედ ”მერსედესის” მოდელებზეც გამოიყენებს.


რა თქმა უნდა, ”ფორვიჟნ” ელექტრომობილია, მის შემუშავებაში კი მონაწილეობა გერმანულ ქიმიურ კონცერნ BASF-ის სპეციალისტებმაც მიიღეს, რომლებიც ავტომწარმოებლებს ახალი ტექნოლოგიების შემუშავებაში დაეხმარნენ. კერძოდ, მანქანის სახურავი მზის ორგანული პანელებითაა დაფარული, რომელთა მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიაც მულტიმედიურ სისტემას და კლიმატ კონტროლს ამუშავებს.
კარების და ინტერიერის პანელების შესაქმნელად, ნახშირბადოვანი ბოჭკოთი არმირებული ეპოქსიდის ფისის კომპოზიტი გამოიყენეს. ამის წყალობით კი, ავტომობილის ძარა, ფოლადის კონსტრუქციაზე დაახლოებით 50 პროცენტით, ალუმინისაზე კი 30 პროცენტით მსუბუქი გამოვიდა. სპეციალურად შემუშავებული პლასტიკური მასით დამზადდა ბორბლები, რომლებიც ალუმინის ანალოგზე დაახლოებით 3 კილოგრამით მსუბუქია.
სალონშიც სრულიად ახალი ტექნოლოგიები გამოიყენეს. კერძოდ, შემუშავდა მასალა სახელად ”e-ტექსტილ”, რომლითაც სავარძლებია გამოკრული. ესაა ქსოვილის ტიპის მასალა, რომლითაც სავარძლის კონსტრუქციაში მოთავსებული სპეციალური სითბოგამტარი მასალებია დაფარული. ”სმარტი” აცხადებს, რომ ”ფორვიჟნზე” გამოყენებული ტექნოლოგიების უმეტესობა ჯერ საბოლოოდ არაა დამუშავებული, თუმცა ისინი მასობრივ წარმოებაში მალე აუცილებლად დაინერგება.
რაც შეეხება მესამე თაობის ”ფორთუს”, მას ალბათ სწორედ ”ფორვიჟნის” მსგავსი გარეგნობა ექნება. რაც შეეხება პლატფორმას, რომელზეც ის აიგება, მას ”დაიმლერი” ”რენო-ნისანთან” თანამშრომლობით შექმნის. სავარაუდოდ, ახალი ”ფორთუს” წარმოებას ”სმარტი” მერმისს დაიწყებს.

No comments:

Post a Comment