Thursday, September 1, 2011

E-11 - ”ფონდტეკის” ელექტრონული ფორმულა


FondTech unveils electric single seater
1 სექტემბერი
დღეს ელექტრონულ ფორმულას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, მაგრამ როგორც ჩანს, ავტოინდუსტრიის ევოლუცია თავისას მოიტანს და ალბათ მოვა დრო, როცა შიდაწვისძრავიან სარბოლ ავტომობილებს წარსულის გადმონაშთად ჩათვლიან. ახლახანს ”ტოიორას” სარბოლმა ელექტრომობილმა ნურბურგრინგის ჩრდილოური მარყუჟი (ნორდშლაიფი) თავბრუდამხვევი სიჩქარით გაიარა და თავის კლასში სარეკორდო დრო დააფიქსირა.

დღეს კი იტალიურმა კომპანია ”ფონდტეკმა”, რომელიც აეროდინამიკის საკითხებში კონსულტაციებზეა სპეციალიზებული, ელექტრონული სარბოლი ავტომობილის (E-11) მასშტაბური პროტოტიპი წარმოადგინა, რომლის მსგავსიც, შესაძლოა მალე სარბოლ ტრასებზეც ვიხილოთ.
ავტომობილი აეროდინამიკის ფრანგი სპეციალისტის, ჟან-კლოდ მიჟოს ხელმძღვანელობითაა შემუშავებული. ცნობისათვის, ამ კაცს უზარმაზარი გამოცდილება აქვს დაგროვილი, როცა ის ფ1-ის გუნდებში (ტირელი, ფერარი, რენო) მუშაობდა. მიჟო თვლის, რომ მის მიერ შემუშავებული სარბოლი ელექტრომობილი, ფ3-ის დონის რბოლებისთვის დღესვე გამოდგება.
ამ ავტომობილის შემუშავებაზე ”ფონდტეკს” სამწლიანი შრომა დასჭირდა. დღეისათვის ის 60-პროცენტიანი მასშტაბური მოდელის სახით არსებობს, რომელსაც აეროდინამიკურ მილსა და კომპიუტერულ სიმულატორზე ინტენსიური ტესტირება უტარდება. უფრო მეტიც, ”ფონდტეკის” სპეციალისტებმა უკვე დაიწყეს E-11-ის შასის შემუშავება. ისინი ცდილობენ, რომ სრულფასოვანი სარბოლი ავტომობილის შექმნა თებერვლამდე დაასრულონ.
ავტომობილის შემუშავების პროცესში ჩატარებული გათვლების მიხედვით, მან ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 3.2 წამში უნდა შეძლოს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 240 კმ/სთ იქნება. ეს კი სწორედ ფორმულა 3-ის დინამიკურ მახასიათებლებს შეესაბამება.
E-11 ორი ელექტროძრავით აღიჭურვება, რომლებიც წინა და უკანა ღერძებზე დაჯდება. მათ ენერგიით ლითიუმ-იონური ელემენტების სამი ბლოკი მოამარაგებს, რომელთა ტევადობაც მხოლოდ 20 წუთის განმავლობაში იქნება საკმარისი. აეროდინამიკურ მილში ჩატარებული ტესტები უჩვენებს, რომ მანქანას თანამედროვე ფ3-ის ბოლიდის აეროდინამიკური დატვირთვის (ჩაჭიდების ძალის) 70 პროცენტი აქვს. სამაგიეროდ, ჰაერის შემხვედრი ნაკადისადმი მისი ძარის წინააღმდეგობაც, ფ3-ის შესაბამისი მაჩვენებლის მხოლოდ 60 პროცენტია.
”რეალურად, E-11 სარბოლი ავტომობილის დიზაინის ფილოსოფიის განვითარების გზაზე, ნახტომისებრი ნაბიჯია. აეროდინამიკურ მილში ჩატარებული ტესტები გვიჩვენებს, რომ ჩვენ მოტორ სპორტის ახალ სფეროში თავგადასავლებს ვიწყებთ. ფ3-ის მანქანის მაჩვენებლების მიღწევა სრულიად რეალური და საპატიო მიზანია. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ელექტრომობილი გაცილებით მძიმეა. ამასთან, როგორც კი ტექნოლოგიას სათანადოდ დავხვეწთ, უფრო მაღალ მიზნებსაც დავისახავთ”, - ამბობს მიჟო, ვისაც სურს, რომ E-11 FIA-ს ახალ, ელექტრულ სარბოლ ფორმულას მოერგოს და მონაწილეობა მიიღოს ელექტრომობილების ჩემპიონატში, რომლის ჩატარებაც პირველად 2013 წელს იგეგმება.


No comments:

Post a Comment