Sunday, September 11, 2011

დი მონტეძემოლო: გამარჯვებისთვის ნიუი არ გვჭირდება

Montezemolo says Ferrari doesn't need Newey to return to the top

10 სექტემბერი
”ფერარის” პრეზიდენტი ლუკა დი მონტეძემოლო დარწმუნებულია, რომ მის გუნდს ედრიან ნიუის ნიჭი არ სჭირდება იმისათვის, რომ ფორმულა 1-ის მწვერვალებს დაუბრუნდეს. თუმცა არც იმას უარყოფს, რომ დიზაინის გენიოსს სიამოვნებით გადაიბირებდა.
”ფერარი” იმედოვნებს, რომ მომავალ სეზონში ინოვაციური გადაწყვეტების უფრო გაბედულად გამოყენებით, ”რედ ბულ რეისინგის” დომინაციას წერტილს დაუსვამს. დი მონტეძემოლო დარწმუნებულია, რომ გაბედული საინჟინრო გადაწყვეტები და თავისი კომპანიის განვითარებული ინფრასტრუქტურა საკმარისია ამ მიზნის მისაღწევად.
კითხვაზე, არის თუ არა ”ფერარი” ნიუის გადაბირებით დაინტერესებული, დი მონტეძემოლო პასუხობს: ”რა თქმა უნდა, კი. მაგრამ ასე უკვე 20 წელია, გრძელდება - ჩვენ ვცდილობთ, საუკეთესო ინჟინრები და მრბოლები გვყავდეს. მის მიღწევებს პატივს ვცემ, მაგრამ მისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ვიცით, რომ უმისოდაც, მომავალ სეზონში ძალიან კონკურენტული მანქანა შეიძლება გვქონდეს. მე კარგად ვიცნობ ჩვენს პერსონალს და 2000 წლის შემდეგ, სწორედ მათი გარჯის წყალობით, არაერთი ტიტული მოვიპოვეთ. ნიუიზე საუკეთესო შეხედულება მაქვს, მაგრამ ჩემი ტექნიკური პერსონალითაც ძალიან კმაყოფილი ვარ და მსოფლიოს საუკეთესო მრბოლიც გვყავს ფერნანდოს სახით. ამასთან, სეზონის მეორე ნახევარში ფელიპემაც ძალიან მოუმატა”.
დი მონტეძემოლოს აზრით, ის ფაქტი, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ”ფერარი” ტიტულისთვის რეგულარულად იბრძვის, არის იმის საწინდარი, რომ მომავალ სეზონში წარმატების იმედი იქონიოს. კითხვაზე, რა არის მომავალი სეზონისთვის მთავარი მიზანი, ლუკა პასუხობს: ”გამარჯვება. ამ სეზონში თავიდან არაკონკურენტუნარიანი მანქანა გვქონდა. ძალიან დამღალა სეზონის ბოლო რბოლებში ტიტულის წაგებამ. ბოლო წლებში, ასე ძალიან ხშირად ხდება”
”ალბათ გახსოვთ, რა შეემთხვა 2008 წლის ბოლო რბოლაში ფელიპეს. შარშან კი ფერნანდოს. ასე რომ, მომავალ სეზონში კონკურენტუნარიან მანქანას ველი. და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, რეგლამენტი ყველასთვის ერთი უნდა იყოს, ინტერპრეტაციების გარეშე”.
დი მონტეძემოლომ არ უპასუხა კითხვას, რომელიც პოლიტიკაში მის შესაძლო წასვლას და იტალიის პრემიერ მინისტრის პოსტზე კენჭისყრას ეხებოდა. რამდენად მყარია მისი დამოკიდებულება ”ფერარისადმი”? - ამ კითხვაზე ამბობს: ”ძალიან მყარი. მყარი, როგორც არსდროს. წინა კვირაში, ჩვენს კლიენტებს ახალი ”458 სპაიდერი” წარვუდგინეთ, ახლა აქ ვართ და გამარჯვებისთვის ვიბრძვით. აქედან კი ფრანკფურტში გავემგზავრები, რათა მოტორ შოუს დავესწრო. ძალიან, ძალიან დაკავებული ვარ და ეს მხოლოდ კმაყოფილებას მგვრის, რადგან როგორც ”ფიატის” თანათავმჯდომარეს, შემიძლია, მთელი დრო მხოლოდ ”ფერარის” დავუთმო. და ახლა ჩემი მთავარი საზრუნავი, მომავალი სეზონისთვის კარგად მომზადებაა”.

No comments:

Post a Comment