Sunday, September 11, 2011

აუდი ურბანის პრეზენტაცია ფრანკფურტში

IAA 2011: Audi Urban Concepts Revealed in the Flesh
11 სექტემბერი
პრეზენტაცია ფრანკფურტის შოუს გახსნამდე ორი დღით ადრე ჩატარდა. ”აუდი” აღარ დაელოდა შოუს გახსნას, რომლის პირველ ორ დღესაც, უამრავი პრეზენტაციის გამო, ჟურნალისტებს ყურადღების გამახვილება უჭირთ. სწორედ ამის გამო, ინგოლშტადტელებმა გამოფენის გახსნას ორი დღით დაასწრეს და ახალი საქალაქო ელექტრომობილები გვიჩვენეს...

პრეზენტაცია ფრანკფურტის შოუს დაწყებამდე ორი დღით ადრე ჩატარდა. ”აუდი” აღარ დაელოდა შოუს გახსნას, რომლის პირველ ორ დღესაც, უამრავი პრეზენტაციის გამო, ჟურნალისტებს ყურადღების გამახვილება უჭირთ. სწორედ ამის გამო, ინგოლშტადტელებმა გამოფენის გახსნას ორი დღით დაასწრეს და საზოგადოებას ორი ახალი პატარა, საქალაქო ელექტრომობილი წარუდგინეს.
ორივე ფაქტობრივად ერთი ავტომობილია - ”ურბანი”. ოღონდ ერთს სპორტბეკის ძარა აქვს, მეორეს კი სპაიდერისა. ”ურბანი” ორადგილიანი მანქანაა. მასში მძღოლის სავარძელი მარცხნივ მდებარეობს, მგზავრისა კი მარჯვნივ და ის ოდნავ უკანაა დაწეული. ამ ავტომობილ(ებ)ის სახელის მიხედვითაც ადვილად მიხვდებით, რომ ის(ინი) მეგაპოლისების გადატვირთული გზებისთვისაა განკუთვნილი.
”ურბანის” გაბარიტებია: სიგრძე 3 219 მილიმეტრი, სიგან 1 678 მილიმეტრი, სიმაღლე - 1 189 მილიმეტრი. მისი დიზაინი სრულიად ახალია, თუმცა ექსტერიერში ბევრ ისეთ ელემენტს ნახავთ, რომლებიც ”აუდის” ძველი და ახლანდელი მოდელებიდანაა ცნობილი. მაგალითად, ძარიდან გამოტანილი ბორბლები (30-იანი წლების აუტო უნიონებისგან), ექვსკუთხა რადიატორი, წითელი ზოლი ტანზე (R8). ამასთან, ავტომობილს ორიგინალური ელემენტებიც აქვს. ესაა სამხედრო თვითმფრინავის სანთელის ტიპის ხუფი, რომელიც უკან იღება. ღია ვერსიას კი სალონის ირგვლივ შუშა აქვს შემოვლებული, მისი კარები კი ”ლამბორგინის” სუპერ ავტომობილების სტილში, ქვევიდან ზევით იღება.
ავტომობილის ძარა, კარბონის ბოჭკოს და პოლიმერის კომპოზიტისგანაა დამზადებული, მისი სალონის ნაწილი კი კარბონის კომპოზიტისა და ალუმინისგან შეკრული მონოკოკია. ამის შედეგი ისაა, რომ ”ურბან სპორტბეკი” (დახურული ვერსია) დაახლოებით 480 კილოგრამს იწონის. ორივე მანქანა 21-დუიმიან წვრილ ბორბლებზე დგას, რომლებზეც 125/60 და 145/50 ზომის (შესაბამისად, წინ და უკან) საბურავებია ჩაცმული.
გერმანული კომპანიის განცხადებით, ”ურბანის” საკიდარი სარბოლი ავტომობილების სტილში, ჩანგლისებრ საწევარებს ეყრდნობა, რომლებიც ძარის შიგნითაა მოთავსებული და თითქმის ჰორიზონტალურად განლაგებულ დრეკად ელემენტებს, მბიძგველის მეშვეობით უკავშირდება. ავტომობილის შენელებას და გაჩერებას კი დისკური მუხრუჭები უზრუნველყოფს.
რაც შეეხება აგრეგატებს, ”ურბანს” ამძრავ ძალას ორი ელექტროძრავი ენიჭებს, რომლებიც ჯამში სულ რაღაც, 20 ცხენის ძალას და 47 ნიუტონმეტრს იძლევიან. ორივე ძრავი უკან, ბორბლებს შორისაა მოთავსებული და ისინი ამ ბორბლებს ერთსაფეხურიანი ტრანსმისიით უკავშირდება.
ძრავებს ენერგიით ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკი უზრუნველყოფს, რომელიც 90 კილოგრამს იწონის და 7.1 კილოვატსაათ ენერგიას აგროვებს. ეს ბლოკი, სავარძლების უკან, განივადაა მოთავსებული 400-ვოლტიანი სამფაზა დამმუხტველით, ის სრულად 20 წუთში იმუხტება, საყოფაცხოვრევო ქსელიდან დამუხტვას კი ერთი საათი მაინც სჭირდება. ”აუდი” ირწმუნება, რომ აკუმულატორების უსადენო დამმუხტავით შევსებაც შესაძლებელია.
დაბოლოს, ”ურბანს” ადგილიდან 60 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა დაახლოებით 6 წამში შეუძლია, 100 კმ/სთ-ს კი ის 16.9 წამში აღწევს. მაქსიმალური სიჩქარე შეზღუდულია და ის 100 კმ/სთ სიჩქარის ნიშნულზე ჩერდება. შეზღუდვა იმისთვისაა საჭირო, რომ ძრავებმა ნაკლები ელექტროენერგია დახარჯონ. რაც შეეხება სვლის სიშორეს, ის 70 კილომეტრის ფარგლებშია.


ნახეთ პრეზენტაციის ვიდეო

Audi Urban Sportback Concept



Audi Urban Spyder Concept Part 2


No comments:

Post a Comment