Wednesday, September 21, 2011

”ფერარის” ღია ოცნება (ვიდეო)

”ფერარიმ” რომ შარშან ”458 იტალიას” წარმოება დაიწყო, ეჭვიც არავის შეპარვია იმაში, რომ ამ სიახლეს, მალე მისი ღია ვერსიაც მოჰყვებოდა. და აი, ფრანკფურტში ისიც ვიხილეთ. მას ”ფერარი 458 სპაიდერი” ჰქვია.
ამ ავტომობილების წარდგენისას, ორიგინალურად აღინიშნა - ღია 458 თქვენს ყურებს ძრავთან აახლოებსო. ეს ნიშნავს, რომ თუნდაც ეს, ერთი შეხედვით უმნიშვნელო ფაქტორია საკმარისი იმისათვის, რომ არჩევანი სწორედ ამ ავტომობილზე შეაჩეროთ (რა თქმა უნდა, თუ სუპერის შეძენას აპირებთ).
აბა გაიხსენეთ, ფორმულა ერთის შეფი ბერნი ეკლსტოუნი ხშირად იმეორებს - თუ ფ1-ს ჩვეულ ხმას დაუკარგავთ, ის მიმზიდველობას დაკარგავსო. ასეა ”ფერარიც” და პრინციპში, სხვა სპორტული სუპერ ავტომობილებიც (ბოლო ხანს მომრავლებული ელექტრომობილების ჩაუთვლელად). მოკლედ, თქვენს ”ყურებთან მოახლოებული” ხმა, ”458 სპაიდერის” ერთ-ერთი მთავარი კოზირია.
ავტომობილს მყარი მოსახსნელი სახურავი აქვს, რომელიც ალუმინისგანაა დამზადებული. როგორც მარანელოელები ამბობენ, ასეთი სახურავის მექანიზმი 25 კილოგრამით მსუბუქია რბილ ტენტზე. ამასთან ის 14 წამში იღება, ან იხურება (რა თქმა უნდა, ავტომატურად). რა თქმა უნდა, ინჟინრებმა ძარის კონსტრუქცია გააძლიერეს, შეიცვალა საკიდარის მახასიათებლები, ძრავი აქსელერატორზე ზეწოლას უფრო სწრაფად პასუხობს. დაიხვეწა გამომშვები სისტემა, რისი მიზანიც, უფრო ბოხი, ”ბრაზიანი” ხმის მიღება იყო. ასე რომ, მარანელოში ”458 იტალიასთვის” მარტო სახურავი არ მოუხსნიათ.
ბოლო კი ისევ ”ფერარის” წარმდგენებს დავესესხოთ: ”როდესაც მზე ანათებს და გზაც ცარიელია, ამ ავტომობილის მართვას არაფერი სჯობს”...



No comments:

Post a Comment