Wednesday, September 21, 2011

”აუდი ურბანს” უსადენო დამუხტვაც შეუძლია

გერმანულმა კომპანიამ ამ ავტომობილის პრეზენტაცია ფრანკფურტის შოუს გახსნამდე ორი დღით ადრე ჩაატარა, თუმცა გამოფენის დროს, ის მაინც განსაკუთრებულად იზიდავდა მედიის წარმომადგენლებსაც და სპეციალისტებსაც. ყველას აინტერესებდა, რა გააკეთეს ”აუდის” და ”ფოლკსვაგენის” ინჟინრებმა ისეთი, რითაც ურბანული გადაადგილების რევოლუციას გვპირდებიან.

ინგოლშტადტელებმა ”ურბანი” ორი ტიპის ძარით - სპორტბეკი და როდსტერი, შემოგვთავაზეს. ორივე შემთხვევაში, ძარა კარბონის კომპოზიტისგანაა დამზადებული. ეს არის ორადგილიანი ელექტრომობილი, რომელსაც ორი ელექტრო აგრეგატი ამოძრავებს, რომელთა ჯამური სიმძლავრე, სულ რაღაც 20 ცხენის ძალაა, მაბრუნი მომენტი კი - 47 ნიუტონმეტრი.
ძრავებს ენერგიით ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი კვებავს, რომლის ტევადობაც 7.1 კილოვატსაათია. ეს კი საკმარისია იმისათვის, რომ ერთი სრული დამუხტვით ავტომობილმა 70 კილომეტრი გაიაროს. რა თქმა უნდა, სუსტი ძრავებით აღჭურვილი ”ურბანი” ტემპერამენტით ვერ დაიკვეხნის - ადგილიდან ასის ასაკრეფად, მას 16.9 წამი სჭირდება. თუმცა, ეს სრულიად საკმარისი იქნება იმ შემთხვევაში, თუ ”აუდი” ამ ავტომობილის წარმოებას გადაწყვეტს - ქალაქში მეტი საჭირო არაა!
”ურბანს” კიდევ ერთი კარგი თვისება აქვს: საყოფაცხოვრებო ქსელიდან, მისი აკუმულატორი ერთ საათში იმუხტება, სამფაზიანი ქსელიდან დამუხტვას კი 20 წუთიც ჰყოფნის! მტავარი კი ისაა, რომ ”ურბანის” ორივე ვერსიას, დღესვე შეუძლია უკაბელო დამმუხტავით სარგებლობა. უბრალოდ საჭიროა, რომ პარკირების იმ ადგილზე, სადაც ამ პატარა მანქანებს დააყენებთ, საჭირო ინდუქციური მოწყობილობა იყოს დამონტაჟებული. ასეთ შემთხვევაში, როდესაც ავტომობილი თავის ადგილს დაიკავებს, მოწყობილობა მისი აკუმულატორის დამუხტვას ავტომატურად დაიწყებს. ოღონდ, რა დრო დასჭირდება ამგვარად ენერგიის სრულად შევსებას, ამას ”აუდი” არ აზუსტებს...

No comments:

Post a Comment