Wednesday, October 12, 2011

მსოფლიოს უძველესი მოძრავი ავტომობილი 4.62 მილიონ დოლარად გაიყიდა

World's Oldest Running Car Sold for $4.62 Million
12 ოქტომბერი
მსოფლიოს უძველესი ავტომობილი, რომელსაც ჯერაც შეუძლია მოძრაობა, ”დე დიონის” ”ბუტონ ეტ ტრეპარდუ დოს-ა-დოს სტიმ რანებაუტი” (მისი მეტსახელია მარკიზი) მისმა პატრონმა აუქციონზე 4.62 მილიონ დოლარად გაჰყიდა. ეს ავტომობილი ფრანგულმა კომპანია ”დე დიონმა” 1884 წელს გამოუშვა და ის ორთქლის ძალით მუშაობს. ის უკვე 81 წელია, ერთსადაიმავე ოჯახს ეკუთვნოდა სულ კი, 127 წლის განმავლობაში, მხოლოდ ოთხი მფლობელი ჰყავდა.
ავტომობილი თავისი დროისთვის ერთობ კარგი მონაცემებით გამოირჩევა: მისი მაქსიმალური სიჩქარე 62 კმ/სთ-ს აღწევს, წყლის ერთი სავსე ავზი კი დაახლოებით 32 კილომეტრის გავლის საშუალებას აძლევს. რაც მთავარია, მას მხოლოდ სამი ბორბალი აქვს - ორი წინ და ერთიც (შეწყვილებული) - უკან.
ამ ავტომობილს მონაწილეობა აქვს მიღებული კაცობრიობის ისტორიაში პირველ საავტომობილო რბოლაში. ლონდონიდან ბრაიტონამდე კი ოთხჯერ უმოგზაურია. პირველ რბოლაში, რომლის დისტანციაც 32 კილომეტრი იყო, ამ ორთქლის ”რანებაუტმა” 25.6 კმ/სთ საშუალო სიჩქარე განავითარა, მაქსიმალურმა სიჩქარემ კი 60 კმ/სთ-ს მიაღწია. 1997 წელს, პებლ ბიჩის (აშშ, კალიფორნია) ელეგანტურობის კონკურსზე, ამ ორთქლის მანქანამ ორი ჯილდო დაიმსახურა.
”დე დიონს” სულ 20 ცალი სამბორბლიანი ”რანებაუტი” აქვს დამზადებული, რომელთაგან მხოლოდ ექვსია შემორჩენილი. აქედან კი მხოლოდ იმ ეგზემპლარს შეუძლია გადაადგილება, რომელიც აუქციონზე გაიყიდა.
სააუქციონო სახლმა RM ოქშენზმა ამ უიშვიათესი ავტომობილის სავარაუდო ფასად 2.0-2.5 მილიონი დოლარი გამოაცხადა, თუმცა საბოლოოდ, მასში თითქმის ორჯერ მეტი გადაიხადეს.
აუქციონი შტატ პენსილვანიის ქალაქ ჰერშიში ჩატარდა. მყიდველმა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, 4.2 მილიონი დოლარი გადაიხადა, სააუქციონო სახლის 10-პროცენტიანი დანამატით კი მანქანა სულ 4.62 მილიონი დაუჯდა.

No comments:

Post a Comment