Wednesday, October 12, 2011

”მაკლარენი” ჰამილტონზე იზრუნებს

McLaren pledges to 'take care of' under-fire Lewis Hamilton
12 ოქტომბერი
”მაკლარენის” მმართველ დირექტორ ჯონათან ნილის განცხადებით, მიუხედავად ამ სეზონში მისთვის უჩვეულოდ წარუმატებელი გამოსვლისა, ლუის ჰამილტონს ეჭვიც არ უნდა შეეპაროს იმაში, რომ გუნდი მას ბოლომდე მხარში დაუდგება. გერმანიაში გამარჯვების შემდეგ, ჰამილტონს მოწინავე სამეულში ერთი რბოლაც არ დაუსრულებია და რამდენჯერმე ავარიაშიც მოყვა. ეს მაშინ, როცა მისმა თანაგუნდელმა ჯენსინ ბატონმა ორი რბოლა მოიგო და კლასიფიკაციაშიც მეორე ადგილზე გამაგრდა.
ნილი ამბობს, რომ მისი გუნდი არ აპირებს ჰამილტონზე ზეწოლას და მის სრულფასოვან მხარდაჭერას გააგრძელებს: ”ჰამილტონის ყველაზე დიდი კრიტიკოსი თავადაა. ის ყოველთვის გამარჯვებისთვის იბრძვის და ძალიან უკმაყოფილოა, როცა რბოლას სხვა, თუნდაც მისი თანაგუნდელი იგებს. მან ტიტული ”რედ ბულთან” ბრძოლაში დაკარგა და ახლა ამას განიცდის”.
”ლუისი ფენომენალური მრბოლია. მას 16 რბოლა აქვს მოგებული. ის მაყურებელს ყოველთვის აღაფრთოვანებს. ის ყოველთვის იბრძვის და ამის გამო, განსაკუთრებულად ვაფასებთ. მჯერა, მან იცის, რომ ჩვენ მას ასი პროცენტით ვუჭერთ მხარს. ჩვენთან ლუისი ყველას უყვარს და აფასებს. ჩვენ გვინდა, რომ მასზე ზრუნვა გავაგრძელოთ. ისიც ვიცით, რომ ისეთი მანქანა ვერ მოვუმზადეთ, რომელიც მას შეეფერება. მაგრამ იმითაც, რაც აქვს, ფანტასტიკურად იბრძვის”.
ნილი ასევე ამბობს, რომ ხშირად მის პილოტს ზედმეტად აკრიტიკებენ, რაც მასზე უარყოფითად მოქმედებს: ”უნდა გვახსოვდეს, რომ პროფესიული სპორტი დაუნდობელი ბიზნესია. ამას ინგლისის რაგბის ნაკრების წევრებიც გრძნობენ, როცა გაზეთებს კითხულობენ. ერთ ჟურნალისტს ნათქვამი აქვს - ეს ის სპორტია, სადაც გამარჯვებულებს აღმერთებენ, წაგებულებს კი ტალახში სვრიანო. ლუისი ძალიან სწრაფი მრბოლია. და ის ძალიან სასიამოვნო პიროვნებაა. ის საქმეს ყოველთვის გულით აკეთებს”.
იაპონიის ეტაპი, რომელიც ბატონის გამარჯვებით დასრულდა, ჰამილტონმა მეხუთე ადგილზე დაასრულა. ნილი აღიარებს, რომ პირველ პიტსტოპამდე, გუნდის ტექნიკოსებმა ჰამილტონის მანქანის მონაცემები არასწორად შეაფასეს, რის გამოც, ის ნაადრევად იხმეს ბოქსში. მისი თქმით, იყო ტექნიკური მიზეზი (თავიდან ეს საბურავის დაზიანბას მიაწერეს), რის გამოც, ჰამილტონი უკანა საბურავების შესაძლებლობებს ვერ იყენებდა. და ამის მიუხედავად, მან არაერთ მეტოქეს გაასწრო.
ნილი ასევე ამბობს, რომ ბატონის გამოსვლები იმის დასტურიცაა, რომ ჰამილტონი ჯერაც ჩამოყალიბების პროცესშია. ამასთან, ჯენსონი თავის საუკეთესო ფორმაში იმყოფება და ორივე პილოტი ზრდას განაგრძობს. ”მე ლუისზე ორჯერ უფროსი ვარ და ამ ასაკშიც, ბევრი რამის სწავლა მიწევს. ჯერაც ჩამოუყალიბებელი პროდუქტი ვარ და რა გასაკვირია, რომ ეს ბიჭებიც ზრდას განაგრძობდნენ”, - დასძენს ნილი.

No comments:

Post a Comment