Wednesday, October 12, 2011

სექტემბერში მეორადი ავტომობილების ფასები შემცირდა

Used vehicle prices fall in September from August, auction companies say
12 ოქტომბერი
მეორადი ავტომობილების ღირებულების ”მანჰაიმის” ინდექსმა სექტემბერში დაიწია და როგორც ”მანჰაიმის” აუქციონის ექსპერტები ვარაუდობენ, უახლოეს პერიოდში ეს ვარდნა გაგრძელდება. თუმცა, ინდექსი მაინც შედარებით მაღალ დონეს შეინარჩუნებს.
აუქციონის ექსპერტი ტომ უები ამბობს, რომ ნახმარი მანქანების ფასების დაწევა კვლავაც გაგრძელდება და მას არ გაუკვირდება, თუ მეოთხე კვარტლის მონაცემებით, ფასების ინდექსი 120-ზე დაბლა ჩამოვა. თუმცა, ის დარწმუნებულია, რომ ინდექსი რეალურად დაბალ დონემდე - 115-მდე არ დაიწევს.
”დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს პერიოდში ნახმარი მანქანების ინდექსი ისევ დაიწევს. არ გამიკვირდება, თუ ინდექსის დაღმავალი ტრენდი 120-იან ზღვარს გამოსცდის. მაგრამ ძალიან გამიკვირდება, თუ ეს მაჩვენებელი 115-მდე ჩამოვა. საერთო ჯამში, ისტორიული სტანდარტებით, საფასო ინდექსი მაინც მაღალ დონეზე დარჩება”, - ამბობს უები.
”მანჰაიმი” ამერიკაში წლიურად გაყიდული 5 მილიონი ნახმარი ავტომობილის ფასების შესაბამისად ადგენს ინდექსს, რომელიც დიდი სიზუსტით ასახავს მეორადი ავტომობილების ბაზარზე არსებულ მდგომარეობას და ზოგად განწყობებს.
მანჰაიმის ინდექსმა ისტორიულ მაქსიმუმს მაისში მიაღწია, როდესაც მისი მაჩვენებელი 127.8-მდე ავიდა. თუმცა, მას შემდეგ, ლოგიკური კლება დაიწყო. აგვისტოში მისმა დონემ 123.7-მდე დაიწია, სექტემბერში კი 122.9-მდე ჩამოვიდა. თუმცა, ეს მაინც გაცილებით მეტია შარშანდელი სექტემბრის მაჩვენებელზე (118.9).
”მანჰაიმის” ექსპერტები ამბობენ, რომ მეორეადი ავტომობილების ფასების ზრდა, იაპონიაში მომხდარი მიწისძვრა/ცუნამისა და საწვავზე მაღალი ფასების შედეგია. ამ პირობებში, მოთხოვნილება განსაკუთრებით კომპაქტურ ავტომობილებზე გაიზარდა, რომლებიც ნაკლებ საწვავს მოიხმარს. უების თქმით, შარშანდელთან შედარებით, ნახმარი მანქანების საშუალო ფასი 3.4 პროცენტითაა გაზრდილი. უების თქმით, ამჟამად მეორადი ავტომობილების ბაზარზე, მაისის მაქსიმალური ფასების კორექტირების პროცესი მიმდინარეობს.
”მანჰაიმის” ინდექსი მეორადი ავტომობილების ბაზარზე 1995 წლიდან შემოიღეს და მისი საწყისი მაჩვენებელი 100 იყო. ინდექსი ნახმარი ავტომობილის მიერ გავლილი კილომეტრების (მილების), ბაზარზე ამათუიმ მოდელზე მოთხოვნის და წლოვანების გათვალისწინებით იანგარიშება. ეს ინდექსი 2009 წლის შემდეგ, 115-ზე დაბლა არ ჩამოსულა, 2010 წლის შემდეგ კი მისი მაჩვენებელი 120-ზე მაღლაა.
პარალელურად, მეორადი ავტომობილების ბაზრის ტენდენციებს კიდევ ერთი დიდი ამერიკული სააუქციონო სახლი - ”ADESA ოქშენზი” აწარმოებს, რომლის შეფასებითაც, ნახმარი ავტომობილების საშუალო ფასი სექტემბერში 9 742 დოლარი იყო. ეს კი 1.4 პროცენტით ნაკლებია აგვისტოს მაჩვენებელზე და 1.0 პროცენტით ნაკლები - შარშანდელი სექტემბრის მაჩვენებელზე.
ADESA-ს დაანგარიშებით, სექტემბერში  დიდი ზომის უგზოობის ავტომობილების საშუალო ფასი 12 584 დოლარი იყო, რაც აგვისტოს მაჩვენებელზე 2.5 პროცენტით მეტია, შარშანდელი სექტემბრის მაჩვენებელზე კი - 10.2 პროცენტით ნაკლები. ADESA-ს სტრატეგიისა და ანალიტიკის განყოფილების ვიცე პრეზიდენტი ტომ კონტოსი ამბობს, რომ დიდი ზომის უგზოობის ავტომობილების ფასების ესოდენ სოლიდური დაცემა (შარშანდელთან შედარებით) იმის შედეგია, რომ შარშან ამერიკაში ბენზინის ფასმა გალონზე (3.7854 ლიტრი) 4 დოლარს მიაღწია. ამას კი შედეგად ხარჯიან ავტომობილებზე მოთხოვნის შემცირება მოჰყვა.
მაგრამ კონტოსის თქმით, არსებობს ერთი ფაქტორი, რომელიც დიდი ზომის უგზოობის ავტომობილებზე შედარებით მაღალი ფასების შენარჩუნებას უწყობს ხელს: ასეთი მანქანების მიწოდება გასულ წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნადაა შემცირებული და მოთხოვნას ჩამორჩება.

No comments:

Post a Comment