Saturday, October 1, 2011

”პორშე კაიენის” ბრიტანელი შთამომავალი

Eterniti Motors arrives in Frankfurt with exotic Hemera SUV
1 ოქტომბერი

”ეტერნიტი მოტორსი” ახალი სახელია საავტომობილო სამყაროში, რომლის მსოფლიო პრემიერისთვისაც მისმა ხელმძღვანელობამ ფრანკფურტის მოტორ შოუ შეარჩია. პირველი ავტომობილი კი, სახელად ”ჰემერა”, რომელიც ამ ახალმა კომპანიამ გვიჩვენა, რეალურად ახალი სულაც არაა. მასზე უფრო გადაკეთებული ”პორშე კაიენი” ითქმის. ოღონდ, საფუძვლიანად გადაკეთებული.
მთავარი სულაც არაა, რომ ის ”კაიენს” ჰგავს. მსგავსებას ვერსად გაექცევი, თუმცა ”უკვდავი” (დაახლოებით ასე შეიძლება ეტერნიტის გადათარგმნა, რომელიც პირდაპირ ითარგმნება, როგორც მუდმივი) აშკარად უფრო განვითარებული (დახვეწილი ვერ ვთქვი - პორშეზე უფრო დახვეწილი რა უნდა იყოს) აეროდინამიკით გამოირჩევა. რაც მთავარია, ”კაიენზე” მსუბუქია - მისი ძარის პანელები კარბონის კომპოზიტითაა დამზადებული და შესაბამისად, ძარა მსუბუქი გამოვიდა.
”ეტერნიტის” ფრანკფურტში თავისი პირველი ავტომობილის ინტერიერი არ უჩვენებია - ის ჯერაც არაა დასრულებული. შექმნილია ინტერიერის პროტოტიპი, რომლის ტესტირებაც მალე დასრულდება. ამ ეტაპზე არავინ იცის, სალონიც ”კაიენის” გადაკეთებული ვარიანტი იქნება, თუ მთლიანად ალბიონელების შემოქმედების შედეგი. სამაგიეროდ, ”ეტერნიტი” გვარწმუნებს, რომ სალონი ლიმუზინივით მდიდრულად გაეწყობა და იქაც არაერთი პანელი კარბონის კომპოზიტისგან დამზადდება.
”ეტერნიტის” არ დაუკონკრეტებია, თუ რომელი პლატფორმა გამოიყენა ”ჰემერას” ბაზისად. რელიზში წერია, რომ ესაა ”ფოლკსვაგენის” ყველაზე თანამედროვე უგზოობის პლატფორმა. რა თქმა უნდა, ადვილი მისახვედრია, რომ ეს ისევდაისევ, ”კაიენია”, რომელსაც ”ფოლკსვაგენ ტუარეგი” და ”აუდი Q7” ენათესავებიან. ძრავიც ”კაიენისგან” უნდა იყოს აღებული: ესაა ბენზინის წყვილ ტურბოიანი V8, რომლის მუშა მოცულობა 4.8 ლიტრია და რომელიც 620 ცხენის ძალას ავითარებს. ”ეტერნიტის” ვარაუდით, ამ აგრეგატის მეშვეობით, ”ჰემერას” მაქსიმალური სიჩქარე 288 კმ/სთ-ს მიაღწევს.
”ჰემერას” ბრიტანული კომპანიის ლონდონური ფაბრიკა გამოუშვებს, სადაც ავტომობილებს ხელით ააწყობენ. წარმოება მერმისს დაიწყება, პირველი მყიდველი კი სასურველ შენაძენს ზაფხულში მიიღებს. ავტომობილის საბაზო ღირებულება ბრიტანეთში 150 000 გირვანქა სტერლინგია, რაც ამჟამინდელი კურსით, დაახლოებით 240 000 დოლარის და 170 000 ევროს ტოლფასია. ეს ფასი კი სრულად შეესაბამება ”ეტერნიტისეულ” განსაზღვრებას, რომლის მიხედვითაც, ”ჰემერა” მსოფლიოში პირველი უგზოობის სუპერავტომობილია.

No comments:

Post a Comment