Sunday, October 2, 2011

”პორშე” საქართველოშია

Porsche in Tbilisi
2 ოქტომბერი
ეს დროც დადგა, სუპერ ავტომობილების მწარმოებელმა გერმანულმა კომპანიამ საქართველოშიც დაიდო ბინა. ამიერიდან, ”პორშეს” ავტომობილების თბილისში შეძენა იქნება შესაძლებელი და მათ თბილისშივე მოემსახურებიან. ამ საპატიო მისიას კი ქართულ ბაზარზე კომპანია ”თეგეტა მოტორსი” და მისი შტო - ”თეგეტა პრემიუმ ვიიქლზი” შეასრულებს.
უნდა ითქვას, რომ ”პორშემ” ბევრი იფიქრა ქართველი პარტნიორის შერჩევაზე და თითქმის ერთი წლის წინ, არჩევანი ”თეგეტა მოტორსზე” შეაჩერა, კომპანიაზე, რომელსაც თავისი ბიზნესი მთელ საქართველოში აქვს გაშლილი და საქმესაც საუკეთესოდ ართმევს თავს. თანაც, არაერთი ცნობილი ბრენდის პროდუქციის იმპორტს აწარმოებს.
უნდა ითქვას, რომ ”თეგეტა მოტორსი” აქამდე მსუბუქი ავტომობილების იმპორტით დაკავებული არ იყო. ამ მხრივ, ”პორშე” მისი პირველი პარტნიორია და თანაც, როგორი. მის მზარდ გლობალურ ბიზნესზე ლეგენდები დადის. თქვენ წარმოიდგინეთ, ცოტა ხნის წინ, ცუფენჰაუზენელები ისეთი გიგანტის შეძენასთანაც კი იყვნენ ახლოს, როგორიც ”ფოლკსვაგენია”...
”პორშეს” შოურუმის და სერვისცენტრის თბილისური პრეზენტაცია 30 სექტემბერს, პარასკევ საღამოს ჩატარდა. ძლიერი ქარის მიუხედავად, ღონისძიებაზე საკმაოდ ბევრი სტუმარი მივიდა, რომლებსაც მასპინძლებმა ძალიან საინტერესო სანახაობა (უკრაინული ჯგუფის მიერ დადგმული) - ლაზერშოუ დაახვედრეს, რომლის მეშვეობითაც, ლაკონურად და ძალიან ეფექტურად გაგვაცნეს ”პორშე” და მისი შესაძლებლობები.
მერე კი ”პორშეს” ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პრაღის ოფისის გაყიდვების და მომსახურების მენეჯერმა კრისტიან შტეკელმა, ”თეგეტა პრემიუმ ვიიქლის” დირექტორს, ბატონ დავით ნოზაძეს სიმბოლური საჩუქარი - ”პორშეს” ავტომობილის სამუხრუჭე დისკო გადასცა, რომელსაც გერმანული კომპანიის პრეზიდენტის და მთავარი აღმასრულებლის, მათიას მიულერის ხელმოწერა ამშვენებს. მერე კი, ორივემ ერთად, შოურუმი გაიხსნა. იქ შესულ სტუმრებს ის ავტომობილები დახვდათ, რომლებითაც გერმანული კომპანია თავს იწონებს და რა თქმა უნდა, რომელთა შეძენაც, ამიერიდან ამ ბრენდის პროდუქციის ქართველ (შეძლებულ) თაყვანისმცემლებსაც შეუძლიათ.
სიტყვა შეძლებული კი ვახსენეთ, მაგრამ აქვე ისიც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ უგზოობის მოდელ ”კაიენის” საბაზო ვერსიის ღირებულება, სულ რაღაც, 48 000 ევრო ღირს. ეს კი უსაშველო ფასი ნამდვილად არაა, თუ იმ ფაქტსაც გავითვალისწინებთ, რომ ამ ფასის (და გაცილებით ძვირიც) სხვა ბრენდების არაერთი ავტომობილი სერავს თბილისის ქუჩებს. ეგ კი არა, ბევრი მეორე ხელის ავტომობილიც ამის ნახევარი ღირს. ყოველივეს შედეგი ისაა, რომ დღეს თუ ”კაიენის” საბაზო ვერსიის შეძენას გადაწყვეტთ, სასურველ ავტომობილს აპრილზე ადრე ვერ მიიღებთ... თუმცა, ეს ფაქტი მყიდველს სულაც ვერ აფრთხობს!
მთავარი კი ისაა, რომ საქართველოში ”პორშეს” შემოსვლა, ჩვენი ქვეყნის განვითარების ახალ, უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლის მომასწავებელია - ”პორშე” იმ ბაზარზე არაფრით შევა, სადაც მისი ავტომობილების პოტენციური მყიდველი თითზე ჩამოსათვლელია. ანუ, ქვეყანაში ძვირი ავტომობილების მყიდველუნარიანი მოქალაქეების რაოდენობა გაზრდილია (სამწუხაროდ, მდიდრების რიცხვის ზრდის ტემპს, საშუალო ფენის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად ჩამორჩება), რაც ბევრის მეტყველია...
გახსნის დღიდანვე, ”თეგეტა პრემიუმ ვიიქლზი” ქართველ მყიდველს, გერმანული კომპანიის სამოდელო გამის უკლებლივ ყველა ავტომობილს სთავაზობს. გახსნის მომენტში, შოურუმში მხოლოდ კუპე ”კაიმანი” და მისი ღია ვერსია ”ბოქსტერი” არ იდგა. და ეს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მალე ეს ორი ავტომობილი შეიცვლება (სავარაუდოდ, დეტროიტის ავტო შოუზე ახალი ბოქსტერის პრემიერა შედგება, ჟენევაში კი კაიმანისაც) და ”თეგეტა პრემიუმ ვიიქლზი” სწორედ ახალ ავტომობილებს შემოიყვანს.
იგივე ითქმის ახალ ”911 კარერაზეც”, რომლის მეცხრე თაობის პრემიერაც ახლახანს, ფრანკფურტის მოტორ შოუზე შედგა. გახსნის ცერემონიაზე, მერვე თაობის ”კარერა” კი იდგა, თუმცა ის მხოლოდ საჩვენებელი ეგზემპლარი იყო და პრეზენტაციის მეორე დღესვე, გერმანიაში გასამგზავრებლად შეფუთეს. სავარაუდოდ, ახალი ”კარერა” ქართველი მყიდველისთვის ხელმისაწვდომი მომავალი წლის დასაწყისიდან იქნება.
დაბოლოს, ”თეგეტა პრემიუმ ვიიქლზი” თავის კლიენტებს ეგრეთ წოდბულ VIP სერვისსაც სთავაზობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მყიდველს შეძენილი ავტომობილის უშუალოდ ”პორშეს” ქარხნიდან წამოყვანის საშუალება მიეცემა. ამასთან, მას ”პორშეს” ქარხანას და ულტრათანამედროვე (ძალიან საინტერესო) მუზეუმსაც დაათვალიერებენ.
მოკლედ, საქართველოს საავტომობილო ბაზარი ახალ ცხოვრებას იწყებს, ცხოვრებას პორშესთან ერთად...

No comments:

Post a Comment