Sunday, October 9, 2011

ბატონმა მოიგო, ფეტელი ჩემპიონი გახდა

Vettel seals second F1 title, Button wins race
9 ოქტომბერი
სებასტიან ფეტელი ისევ ჩემპიონია. მისი მეტოქეებიც კი, ჯერ კიდევ რამდენიმე რბოლით ადრე იყვნენ დარწმუნებულები, რომ 24 წლის გერმანელს ზედიზედ მეორე ტიტულის მოპოვებაში ხელს ვერავინ შეუშლიდა, თუმცა ყველა თუ-ს და კითხვას იაპონიაში, სუძუკაზე გაეცა პასუხი. ფეტელმა რბოლა მესამე ადგილზე დაასრულა და ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ეტაპით ადრე, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის წოდება გაინაღდა. ამასთან, ფ1-ის ისტორიაში ის ყველაზე ახალგაზრდა ორგზის ჩემპიონიც გახდა.

შეგახსენებთ, რომ აქამდე ყველაზე ახალგაზრდა ორგზის ჩემპიონის საპატიო წოდება ფერნანდო ალონსოს ეკუთვნოდა, რომელმაც მეორე ტიტული 2006 წელს, ”რენოს” მანქანით მოიპოვა. ალონსომ იაპონური რბოლა მეორე ადგილზე დაასრულა და კვარცხლბეკზე, აშკარად დაღონებულმა უყურა მსოფლიოს ახალი ყველაზე ახალგაზრდა ორგზის ჩემპიონის ზეიმს. ფ1-ის ისტორიაში ფეტელი მეცხრე მრბოლია, ვინც ორი ტიტულის ზედიზედ მოპოვება შეძლო.
იაპონიის დიდი პრიზის შემდეგ, ფეტელს 324 ქულა დაუგროვდა და ის ახლა 114 ქულას უგებს ჯენსონ ბატონს, ვინც სუძჲკაზე პირველმა გადაკვეთა ფინიშის ხაზი. დარჩენილ ოთხ რბოლაში, მაქსიმუმ 100 ქულის აღებაა შესაძლებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ფეტელი ყველასათვის მიუწვდომელია.
რბოლის ყველაზე საინტერესო მომენტი, მისი სტარტი იყო - მწვანე შუქნიშნის ანთებისთანავე, ფეტელმა თავისი მანქანა ბატონის მხარეს, მკვეთრად მიმართა და მას შემდეგ, რაც ბრიტანელი ბალახებისკენ გარიყა, ტრასის შუა ნაწილისკენ გადაინაცვლა და პირველი მოსახვევის წინ, ხელსაყრელი ტრაექტორიის დაკავებაც მოასწრო. ბალახებში გადასვლის პერსპექტივის გამო, ბატონს გაზიდან ფეხის აღება მოუხდა, რის გამოც, მას თანაგუნდელმა ლუის ჰამილტონმა გაუარა. თუმცა, პირველ პიტსტოპამდე, როცა ჰამილტონის საბურავები ზედმეტად გაცვეთილი იყო, ბატონმა თავისი პოზიცია ადვილად დაიბრუნა.
ფეტელის სახიფათო მანევრის გამო, ბატონმა რადიოში თავისიანებს მიმართა, ამისთვის ჯარიმას იმსახურებსო, მაგრამ სტიუარდებმა, რომელტა შორისაც, მსოფლიოს 1980 წლის ჩემპიონი, ავსტრალიელი ალან ჯონსიც იყო, გადაწყვიტეს, რომ ფეტელი არ დაესაჯათ.
ბატონმა ფეტელს მეორე პიტსტოპების დროს გაასწრო. გერმანელმა ერთი წრით ადრე შეცვალა საბურავები. ბატონი რომ ტრასაზე დაბრუნდა, ფეტელის წინ აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ორივეს ბოქსებში თითქმის ერთ დროში მოემსახურნენ, იქ ვიზიტამდე კი მათ შორის სხვაობა ორ წამზე მეტი იყო. როგორც ჩანს, ფეტელმა დრო ტრასაზე დაბრუნების შემდეგ დაკარგა...
რბოლის შემდეგ, ფეტელმა გამოთქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა, საბურავების გამო წააგო. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, შედეგით კმაყოფილი დარჩა: ”იმდენი რამის თქმა მინდა, მაგრამ ყველაფერს ერთდროულად ვერ გაიხსენებ. ჩემს გამარჯვებაში წვლილი უამრავ ადამიანს მიუძღვის და ყველას ვერ ჩამოვთვლი და ამიტომ, ყველას ერთად გადავუხდი მადლობას. მათ გარეშე ამდენს ვერ შევძლებდი”, - განაცხადა ფეტელმა.
რბოლის დროს, ტრასაზე უსაფრთხოების მანქანაც გამოვიდა. მისი გამოსვლა ორი ინციდენტის გამო გახდა საჭირო, რადგან ტრასაზე ნამსხვრევები დაიყარა, რაც მრბოლებს ხიფათს უქმნიდა. ერთ-ერთ ინციდენტში ძველი ”მტრები” - ჰამილტონი და ფელიპე მასა მონაწილეობდნენ. მეორეში კი მიხაელ შუმახერი და მარკ უებერი.
რესტარტზე ბატონმა იოლად შეინარჩუნა ლიდერობა და ბოლომდე წინ აღარავინ გაუშვია. საბოლოოდ, ალონსოს, ვინც ფეტელს ასევე პიტსტოპისას გაასწრო, ფინიშთან 1.1 წამით მიასწრო. როგორც მოგვიანებით განაცხადა, მეორე საშინაო რბოლაში (იაპონელი გერლფრენდის გამო ასე უწოდებს) გამარჯვება მისთვის ორმაგად სასიხარულოა.
”დიდებული რბოლა იყო. ძალიან კარგი სტარტი გამომივიდა. მე ვიტყოდი, მეტისმეტად კარგი, მაგრამ შემდეგ ბალახებზე გავლამ ყველაფერი გააფუჭა. სუძუკა ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული ადგილია. აქაური ტრასაც ძალიან საინტერესოა და მაყურებელიც განსაკუთრებულად თბილად გვღებულობს. ჩემთვის ამ გამარჯვებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს”, - განაცხადა ბატონმა, ვისთვისაც ეს ამ სეზონში მოპოვებული მესამე, კარიერაში კი მე-12 გამარჯვებაა.
დაბოლოს, გასარკვევი დარჩა კონსტრუქტორთა პირველობის ჩემპიონი. აქაც ყველაფერი თიტქმის გადაწყვეტილია. მხოლოდ წერტილია დასასმელი - ლიდერ ”რედ ბულ რეისინგს” 518 ქულა აქვს და 130 ქულას უგებს ”მაკლარენს”. ავსტრიულ გუნდს ზედიზედ მეორე ტიტულის მოპოვება ერთ კვირაში, კორეის დიდ პრიზზე შეუძლია.



იაპონიის დიდი პრიზი
სუძუკა. დისტანცია 307.471 კმ (53 წრე, 5.807 კმ)
1. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:30:53.427
2. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                 +00:01.160
3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            00:02.006
4. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                    00:08.071
5. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)         00:24.268
6. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)               00:27.120
7. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            00:28.240
8. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                           00:39.377
9. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო)                           00:42.607
10. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                 00:44.322
11. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)            00:54.447
12. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)          01:02.326
13. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                       01:03.705
14. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)    01:04.194
15. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო)        01:06.623
16. ბრუნო სენა (ბრაზილია, რენო)                                01:12.628
17. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი)          01:14.191
18. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი)                01:27.824
19. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი)                        01:36.140
20. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი)                          2 წრე
21. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი)                2 წრე
22. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ისპანია)            2 წრე
23. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია)                3 წრე
გ. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო)            42 წრე
 
გ - გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: ჯენსონ ბატონი - 1:36.568, 52-წრე

მრბოლთა კლასიფიკაცია
1. სებასტიან ფეტელი - 324 ქულა (ჩემპიონი); 2. ჯენსონ ბატონი - 210; 3. ფერნანდო ალონსო - 202; 4. მარკ უებერი - 194; 5. ლუის ჰამილტონი - 178; 6. ფელიპე მასა - 90; 7. ნიკო როსბერგი - 63; 8. მიხაელ შუმახერი - 60; 9. ვიტალი პეტროვი - 36; 10. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, რენო) - 34; 11. ადრიან სუტილი - 28; 12. კამუი კობაიაში - 27; 13. პოლ დი რესტა - 20; 14. ხაიმე ალგერსუარი - 16; 15. სერხიო პერესი - 13; 16. სებასტიან ბუემი - 13; 17. რუბენს ბარიკელო - 4; 18. ბრუნო სენა - 2; 19. პასტორ მალდონადო - 1

კონსტრუქტორთა პირველობა
1. რედ ბულ-რენო - 518 ქულა; 2. მაკლარენ-მერსედესი - 388; 3. ფერარი - 292; 4. მერსედესი - 123; 5. რენო - 72; 6. ფორს ინდია-მერსედესი - 48; 7. ზაუბერ-ფერარი - 40; 8. ტორო როსო-ფერარი - 29; 9. უილიამს-კოსუორტი - 5

No comments:

Post a Comment