Sunday, October 9, 2011

”ასტრა GTC” – ”ოპელის” ახალი სიამაყე

ორადგილიან ელექტრომობილ RAK e-ს გარდა, ”ოპელმა” ფრანკფურტში ”ასტრას” სპორტული ვერსიაც წარმოადგინა, რომელიც GTC-ს სახელით გაგვაცნო. ეს ავტომობილი ხუთკარიანი ჰეჩბეკისა და კუპეს შუალედი ვარიანტია, თუმცა ამ უკანასკნელივით კარგი მახასიათებლებით გამოირჩევა.
რა თქმა უნდა, პლატფორმას ხუთკარიანი ასტრასგან იზიარებს, თუმცა მასზე 10 მილიმეტრით გრძელი ბაზა და განიერი წინა და უკანა კვალი (შესაბამისად, 40 და 30 მილიმეტრით) აქვს, რაც უკეთესი მანევრულობისთვის სჭირდება. შეცვლილია წინა საკიდარიც.
”ასტრა GTC-ს” ევროპელ მყიდველს ხუთი ძრავს შორის არჩევანს შესთავაზებენ. მათი სიმძლავრე 100-დან 180 ცხენის ძალამდეა. მათ შორისაა ყველაზე ეკონომიური 1.7-ლიტრიანი დიზელი (სერია CDTI ექსოფლექსი), რომელსაც ფორსირების ორი ხარისხი აქვს. ერთის სიმძლავრე 110 ცხენის ძალაა, მეორისა კი - 130 ცხენის ძალა. ორივე ძრავის შემთხვევაში, ავტომობილი ასევე საწვავის დამზოგავი სისტემა სტოპ-სტარტითაც აღიჭურვება.
რა თქმა უნდა, ”ოპელი” ამ ავტომობილის მაღალტემპერამენტიან OPC-ვერსიასაც შესთავაზებს მყიდველს. ამ ვერსიის მახასიათებლები ჯერ უცნობია, თუმცა სავარაუდოდ, ის ტურბოდამჭირხნიანი ძრავით აღიჭურვება, რომლის სიმძლავრეც 300 ცხენის ძალას მიაღწევს.
ევროპულ ბაზარზე ”ასტრა GTC-ს” საბაზო ვერსია 21 750 ევრო ეღირება.

No comments:

Post a Comment