Saturday, October 8, 2011

ჰამილტონი შუმახერს აკრიტიკებს

Hamilton says Schumacher's move during qualifying was dangerous
8 ოქტომბერი
ლუის ჰამილტონი ძალიან გაწბილებული დარჩა იმის გამო, რომ კვალიფიკაციის დასკვნით ნაწილში, ბოლო სწრაფი წრის გავლა ვერ მოახერხა. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ სტარტის ხაზი, კვალიფიკაციისთვის მესამე სეგმენტისთვის გამოყოფილი 10 წუთის გავლის შემდეგ გადაკვეთა.
ნარბოლევს ჰამილტონმა განაცხადა, რომ მას ხელი მარკ უებერმა და მიხაელ შუმახერმა შეუშალეს. ის გაოგნებულია ორივე პილოტის საქციელით და ამბობს, რომ ორივე ძალიან სახიფათოდ მოიქცა.

”თუ გნებავთ, ჩანაწერი ნახეთ. ჯენსონი ჩემს წინ მიდიოდა. მან სვლა შეანელა, რათა მის წინ ტრასა თავისუფალი ყოფილიყო. ამ დროს, ბოლო მოსახვევში შევდიოდი. მეც ვცდილობდი, რომ ჯენსონს საკმაო მანძილზე ჩამოვრჩენოდი. ჩვენს შორის არც ისე დიდი მანძილი იყო. მოსახვევში შესვლამდე, სარკეში ჩავიხედე და მარკი დავინახე. ის გასწრებას ცდილობდა. მის უკან მიხაელი არ ჩანდა. მანაც გასწრება სცადა და ჩვენ ლამის ერთმანეთს შევეჯახეთ. ეს ძალიან სახიფათო იყო. მე შევანელე და მარცხნივ გავედი”, - ყვება ჰამილტონი.
ბრიტანელი პილოტი პოულის ერთ-ერთი პრეტენდენტი იყო, მაგრამ იმის გამო, რომ კვალიფიკაციის მიწურულს, სწრაფ წრეზე წასვლის საშუალება არ მიეცა, მესამე ადგილს დასჯერდა. თუმცა, ყოველივეს მიუხედავად, ტავის სასტარტო პოზიციას საკმაოდ კარგად აფასებს: ”ეს არის, რაც არის. მაგრამ მეორე რიგში დგომა არც ისე ცუდია. ეს საკმაოდ კარგი პოზიციაა”.
თავის მხრივ, შუმახერი ამბობს, რომ ჰამილტონმა ბალახებისკენ გარიყა: ”ჩემს წინ უებერი იყო, რადგან ჰამილტონმა სვლა შეანელა. მე წარმოდგენაც არ მქონდა, რა ხდებოდა მარკის წინ. სამივესთვის ორიენტირება ძალიან რთული იყო. ყველანი კიდევ ერთ სწრაფ წრეზე წასვლას ვცდილობდით, რის გამოც, პოზიციისთვის ბრძოლა გვიწევდა. იმ მომენტში, მე სწრაფ წრეზე ვფიქრობდი, რადგან არ ვიცოდი, კობაიაში აპირებდა თუ არა ტრასაზე გამოსვლას. მე ლუისის გასწრება ვცადე, იმან გზა არ დამითმო და ბალახებისკენ გამრიყა. საბოლოოდ გავაღწიე, მაგრამ სწრაფი წრის დასაწყისისთვის ცუდი სტარტი გამომივიდა და ამიტომ, ტემპი დავაგდე”.
საბოლოოდ, შუმახერმა სწრაფი წრის დაფიქსირება (ისევე როგორც კიდევ სამმა პილოტმა) ვერ შეძლო და რამდენადაც, წინ სეგმენტში მათზე უკეთესი დრო ჰქონდა, მეშვიდე ადგილიც მას დარჩა...

No comments:

Post a Comment