Sunday, October 9, 2011

”პოლო R” – ”ფოლკსვაგენის” რალის ბედაური

”ფოლკსვაგენმა” რალის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა გადაწყვიტა, საასპარეზოდ კი ჰეჩბეკ ”პოლოს” სპეციალური ვერსია R მოამზადა, რომელიც ფრანკფურტის 64-ე მოტორ შოუზე წარმოადგინა. გამოფენაზე ითქვა, რომ მთავარი ფაქტორი, რამაც გერმანულ კომპანიას მსოფლიო ჩემპიონატძე გამოსვლისკენ უბიძგა, ტექნიკური რეგლამენტის შეცვლაა, რომელიც გუნდებს 1.6-ლიტრიანი მანქანებით ასპარეზობას ავალდებულებს. ძრავები ტურბოკომპრესორიანი იქნება, საწვავი ნარევის უშუალოდ წვის კამერაში მიწოდების სისტემით.
ამ ცვლილების მიზანი ერთადერთია - მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის ხარჯების შემცირება და ამ გზით, ჩემპიონატში უფრო მეტი ავტომწარმოებლის მიზიდვა. ძრავების ლიტრაჟის შემცირება კი საავტომობილო მრეწველობის ანალოგიურ ტრენდს ეხმიანება, რისი მიზანიც, უფრო ეკონომიური და ეკოლოგიურად შედარებით სუფთა ძრავების დამკვიდრებაა.
სარბოლი ”პოლო” 1.6-ლიტრიანი ტურბო TSI ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც მაქსიმუმ 300 ცხენის ძალას და 350 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. მაბრუნ მომენტს, სპეციალურად მომზადებული სეკვენტალური ტრანსმისია, ოთხივე წამყვან ბორბალს აწვდის. ავტომობილის წონა 1 200 კილოგრამით არის შეზღუდული.
გარდა იმისა, რომ ავტომობილი უსაფრთხოების სავალდებულო სისტემებითაა აღჭურვილი, მისი გარეგნობაც შეიცვალა - ავტომობილის უკან უზარმაზარი, ორსართულიანი ფრთა დააყენეს, მისი საბორბლე თაღები კი დაბერეს.

No comments:

Post a Comment