Wednesday, October 19, 2011

”ჯენერალ მოტორსი” ავტონომიური ავტომობილების წარმოებას აპირებს

General Motor Promises Autonomous Cars by 2020
19 ოქტომბერი
თვითმფრინავებს ავტონომიურ რეჟიმში ფრენა შეუძლიათ, ავტომობილებს კი - ჯერ არა. თუმცა, მალე ასე აღარ იქნება და ამის პირობას ”ჯენერალ მოტორსი” იძლევა. ამერიკული კომპანია ვარაუდობს, რომ 2015 წელს დაიწყებს ისეთი ავტომობილების წარმოებას, რომლებსაც ნაწილობრივ დამოუკიდებლად მოძრაობის უნარი ექნებათ, 2020 წელს კი ბაზარზე სრულიად ავტონომიური ავტომობილებიც გამოვა.
”ჩვენ ვმუშაობთ ტექნოლოგიებზე, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, ავტომობილის მართვა ჯერ ნაწილობრივ, შემდეგ კი მთლიანად ელექტრონიკას ჩავაბაროთ. ოღონდ, ჩვენი მთავარი მიზანი უსაფრთხოების გაუმჯობესებაა და არა ავტონომიური ავტომობილის შექმნა. უსაფრთხოების მომავლის სისტემების წყალობით, ჩვენ ავარიების შესაძლებლობებს სრულად გამოვრიცხავთ. ეს სისტემები ინციდენტებს მანამ აგვარიდებს, სანამ მძღოლი ხიფათს იგრძნობს”, - ამბობს ”ჯენერალ მოტორსის” ვიცე პრეზიდენტი ალან ტაუბი, ვინც გლობალური კვლევებისა და განვითარების დივიზიონს ხელმძღვანელობს.
ის დასძენს, რომ ამ სისტემებიდან ზოგიერთს სერიულ ავტომობილებზე უკვე იყენებენ. ასეთია მაგალითად სისტემა, რომელიც გაფრთხილებას იძლევა, როდესაც მანქანა უწყვეტ ზოლს გადაკვეთს. კონტროლის სისტემებია ვიდეოკამერები და ეგრეთ წოდებული ”მკვდარი ზონების” მაკონტროლებლები.
ამჟამად კომპანიები ავტომობილებს შორის კომუნიკაციების სისტემებზე მუშაობენ. ასეთ სისტემებს საგზაო ინფრასტრუქტურასთან ურთიერთობის უნარიც ექნება, რისი წყალობითაც, ავტომობილი წინდაწინ მიიღებს შეტყობინებას გზის იმ მონაკვეთზე არსებული სიტუაციის შესახებ, სადაც გავლას აპირებს (ამ ინფორმაციას კი სანავიგაციო სისტემა იძლევა). ფეხმავლების გადაადგილების კონტროლის საშუალებას კი ვიდეოკამერები და მათთან დაკავშირებული ანალიტიკური ბლოკები იძლევა. ჯერჯერობით, ამა სისტემათა უმეტესობა ცალ-ცალკე მუშაობს. მაგრამ მომავალში, მათ მიერ შეგროვებული ინფორმაცია ერთ ”ტვინში” მოხვდება, რომელიც ყველაფერს გააკონტროლებს და ავტომობილის მართვას თავის თავზე მაშინ აიღებს, როდესაც, მძღოლს სიტუაციის გაკონტროლების უნარი არ ექნება.
ამჟამად ავტონომიური ავტომობილების ტესტირება უკვე დაწყებული აქვს საინტერნეტო გიგანტ ”გუგლს”, ასევე ”ფოლკსვაგენსა” და ”ბეემვეს”. ”ჯენერალ მოტორსი” კი მსგავს სისტემებზე 2007 წლიდან მუშაობს.

No comments:

Post a Comment