Tuesday, October 25, 2011

”ჰიუნდაი i40-ის” ძარა საუკეთესოდ აღიარეს

Hyundai i40 Wins 2011 EuroCarBody Golden Award
25 ოტომბერი
კონკურს ”ევროქარბოდის” ჟიურიმ, 2011 წლის საუკეთესო ძარის წოდება, ”ჰიუნდაის” უნივერსალ i40-ს მიანიჭა. ამგვარად, კორეული კომპანია გახდა პირველი აზიური ავტომწარმოებელი, რომელმაც ეს საპატიო ჯილდო დაიმსახურა. კონკურსის ჟიური, რომელიც 500 სპეციალისტისგან შედგება, ავტომობილების ძარების კონსტრუქციის ინოვაციურობას, გამოყენებულ მასალებს, დიზაინსა და აწყობის ხარისხს აფასებს.
ჟიურიში უმსხვილესი საავტომობილო კომპანიების და მაკომპლექტებლების მწარმოებელთა წარმომადგენლები შედიან. ერთ მანქანას, მაქსიმუმ 50 ქულის მიღება შეუძლია. ”ჰიუნდაი i40-ს” 37.98 ქულა ერგო. სპეციალისტებმა განსაკუთრებით დააფასეს ამ ავტომობილის ძარის სტრუქტურა, რომელიც დარტყმის კინეტიკურ ენერგიას შთანთქავს.
მეორე ადგილზე ”აუდი A6” გავიდა, რომელმაც 35.86 ქულა დააგროვა და უკან მოიტოვა ”მერსედეს ბენცის” უახლესი, მეორე თაობის B-კლასის ჰეჩბეკი, რომელსაც 34.66 ქულა ერგო. შემდეგ ადგილებზე გავიდნენ ”ბეემვეს” პირველი სერია და ”მაზდას” ქროსოვერი CX-5.
ფრანკფურტის მოტორ შოუს დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, ”ჰიუნდაი i40-მა” EURO NCAP-ის ქრეშ ტესტებზე უმაღლესი შეფასება - ხუთი ვარსკვლავი მიიღო. ამ ტესტების დროს, გამომცდელებმა განსაკუთრებით მოიწონეს უსაფრთხოების ბალიშები, რომლებიც მძღოლის მუხლებს იცავს. ეს ბალიშები ავტომობილის სტანდარტულ კომპლექტაციაში შედის. მოწონება დაიმსახურა საჭის მექანიზმის კონსტრუქციამაც, რომელიც, როგორც წესი, მძღოლის ფეხებისთვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს ხოლმე.
ცნობისათვის, 2010 წელს ”ევროქარბოდისგან” მსგავსი აღიარება ”აუდის” ლუქსის კლასის სედანმა A8-მ მიიღო. 2009 წელს საუკეთესო შეფასებით ”მერსედეს ბენცის” E-კლასის სედანი გამოარჩიეს, 2008-ში ყველას ისევ ”აუდის” მოდელმა, ამჯერად ქროსოვერმა Q5-მა აჯობა, ერთი წლით ადრე კი - ”ფიატ 500-მა”.
”ჰიუნდაი i40” ევროპული კლასიფიკაციის D სეგმენტს შეესაბამება. ეს ავტომობილი რიუსელსჰაიმში, სპეციალურად, ევროპული ბაზრის მოთხოვნების მიხედვითაა შემუშავებული. სხვათა შორის, ბაზარზე ჯერ მისი უნივერსალისძარიანი ვერსია გამოვიდა, შემდეგ კი სედანი.

No comments:

Post a Comment