Monday, October 31, 2011

”მინი როდსტერის” ოფიციალური დებიუტი

MINI Roadster Makes its Official Debut
31 ოქტომბერი
”მინის” უახლოეს მომავალში თავისი სამოდელო გამის ათამდე გაზრდა აქვს დაგეგმილი, ამ ათიდან მეექვსე კი ორადგილიანი ”როდსტერი” გახდება, რომლის გაყიდვებიც მერმისს გაზაფხულზე უნდა დაიწყოს. თუმცა ბრიტანულმა კომპანიამ მისი სერიული ვერსიის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია უკვე გაავრცელა. ”როდსტერი” არის ზაფხულში ანონსირებული კუპეს ღიასახურავიანი ვერსია. ბრიტანული კომპანიის ისტორიაში, ის პირველი ორადგილიანი ღია ავტომობილია.
ისევე როგორც ”კუპე”, ”როდსტერიც” ”მინის” ჰეჩბეკის პლატფორმაზეა ბაზირებული და გაბარიტებითაც, პრაქტიკულად მისი ზომისაა. კერძოდ, სიგრძე 3734 მილიმეტრი, სიგან 1683 მილიმეტრი, სიმაღლე 1390 მილიმეტრი, ბორბლებს შორის ბაზა კი 2467 მილიმეტრია. მაგრამ იმის გამო, რომ სავარძლების მხოლოდ ერთი რიგი აქვს, მასში ბარგისთვის გაცილებით მეტი ადგილია (240 ლიტრი), ვიდრე ჰეჩბეკში. ამასთან, საქარე მინა ძლიერ (13 გრადუსით) არის დახრილი და მთლიანობაში, როდსტერი ჰეჩბეკზე 20 მილიმეტრით დაბალია რაც სალონის მოცულობას ამცირებს.
”მინი” ირწმუნება, რომ დაბლა დაწეული სიმძიმის ცენტრის, შასის გაზრდილი სიხისტის, უკეთესი აეროდინამიკისა და სპორტულ ყაიდაზე მომართული საკიდარის წყალობით, ჰეჩბეკთან შედარებით, ”როდსტერი” (ისევე როგორც კუპე) მოსახვევებს გაცილებით უკეთ ”ითვისებს”. ეს ორი ავტომობილი მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ კუპეს მყარი სახურავი აქვს, როდსტერს კი - რბილი. ისინი ერთიდაიმავე ძრავებითაც არიან აღჭურვილნი, რომლებიც კუპე ”კუპერისგან” გაიზიარეს.
ამ ძრავებიდან სამი ბენზინზე მუშაობს, ერთი კი - დიზელზე. ბენზინის ყველა აგრეგატის მუშა მოცულობა 1.6 ლიტრია. მათგან პირველი, ყველაზე სუსტით, რომელიც 122 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, საბაზო ვერსია ”კუპერი” აღიჭურვება. ამავე ძრავის ტურბოვერსიას (184 ცხენის ძალა) ”კუპერ S” მიიღებს, ფლაგმანი ”ჯონ კუპერ უორკსი” კი ასევე ტურბინიან ძრავს მიიღებს, ოღონდ მისი სიმძლავრე 211 ცხენის ძალას მიაღწევს. რაც შეეხება დიზელს, მისი მუშა მოცულობა 2.0 ლიტრია და ტურბოდამჭირხნის დახმარებით, მისი სიმძლავრე 143 ცხენის ძალას აღწევს.
რაც შეეხება ტრანსმისიას, ყველა ძრავის შემთხვევაში, სტანდარტულია 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფი. ოპციის სახით, მყიდველს 6-საფეხურიან ავტომტურ კოლოფებსაც შესთავაზებენ. თუმცა, ეს ოპცია ”ჯონ კუპერ უორკსზე” არ გავრცელდება.
ბაზარზე ”მინი როდსტერის” კონკურენტი, მეტად პოპულარული ”მაზდა MX-5” იქნება, თუმცა მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ უფრო სპორტული ხასიათის წყალობით, ბრიტანული ავტომობილი სწრაფად მოიპოვებს პოპულარობას.

No comments:

Post a Comment