Sunday, October 16, 2011

მონსტრი უწყინარი პატარას ბაზაზე

განახლებული ვერსია (ახალი ფოტოებით)
16 ოქტომბერი
არცთუ შორეულ წარსულში, 300 ცხენის ძალა ძრავის სიმძლავრის ის ზღვარი იყო, რომელსაც სუპერ ავტომობილები თუ აღწევდნენ. 1989 წელს, ”ბეემვემ” 300-ცხენისძალიანი V12-ით აღჭურვილი 850i გამოუშვა და ყველა აღტაცებული დატოვა. იმავე წელს, ”ფერარიმ” 348-ს წარმოება დაიწყო, რომლის V8 ასევე 300 ცხენის ძალას იძლეოდა. ”ფორდ მუსტანგის” ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვერსია GT კი 2009 წლამდე 300-ცხენისძალიანი V8 აგრეგატით იყო აღჭურვილი.


მოკლედ, 300 ცხენის ძალა დღესაც კი საპატიო ზღვარია, თუმცა მას უკვე ბევრი იოლად აღწევს. და მაინც, ეს სიმძლავრე პატარა ავტომობილებისთვის (არა სარბოლი) წარმოუდგენელია. უფრო სწორედ, წარმოუდგენელი იყო, რადგან იტალიურმა სატუნინგო კომპანია ”რომეო ფერარიმ”, ეს ზღვარი ისეთ პატარა ავტომობილს აათვისებინა, როგორიც ”ფიატ ჩინკვეჩენტოა” (ფიატ 500).
სანამ ”რომეო ფერარი” თავის ინჟინრებს ”ფიატ 500-სგან” მონსტრის შექმნის დავალებას მისცემდა, ამ საქმის სხვა იტალიელმა სპეციალისტმა - კომპანია ”აბარტმა” შექმნა ავტომობილი, რომლის სრული სახელწოდებაცაა ”ფიატ 500 აბარტ მონცა სპეციალე” და რომელიც 260 ცხენის ძალას ავითარებს. ამ პატარა ავტომობილისთვის ესეც მეტისმეტია, თუმცა ”რომეო ფერარის” უფრო მეტი სურდა. და მიაღწია კიდეც. მართალია, მანამდე 360-ცხენისძალიანი 500 შეიმუშავა, მაგრამ ის მხოლოდ სარბოლი ავტომობილია და საერთო სარგებლობის გზებზე არ დაიშვება. მისი დეფორსირებული საგზაო ვერსია კი, სრული სახელით ”ფიატ 500 აბარტ სტრადალე”, ნებისმიერ გზაზე დაიშვება...
ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ ის, რომ ამ პატარა მონსტრს, რომელსაც მისი შემქმნელები ”ილ მონსტერს” ეძახიან, 1.4-ლიტრიანი ტურბო ძრავი ემსახურება, რომელიც სწორედ იმ ”მაგიურ” 300 ცხენის ძალას ავითარებს, რითაც ადრე სუპერ ავტომობილების შემქმნელები ამაყობდნენ.
ინტერნეტით ”ფიატ 500 აბარტ სტრადალეს დაბალი ხარისხის ფოტოებიც გავრცელდა. მათზე კარგად ჩანს, რომ ”ჩინკვეჩენტო” ძალიან გაგანიერებულია, კაპოტზე მას რადიატორის ჰაერის ორი მასიური ”სასუნთქი” აქვს, უკან დიფუზორი და მის ცენტრში მოთავსებული გამოსაბოლქვი მილი იქცევს ყურადღებას, სახურავის უკანა ნაწილში მოთავსებული მცირე ზომის ანტი ფრთა კი იმით გვაოცებს, რომ ის უფრო დიდი არაა...
სალონშიც ყველაფერი სპორტულადაა გაწყობილი. პირველ რიგში, იქ უკანა სავარძლებს ვერ ნახავთ. ძარას ფოლადის მილებისგან შეკრული უსაფრთხოების კარკასი აძლიერებს, დარჩენილი ორი, OMP-ს წარმოების სავარძელი კი სარბოლი სტილისაა. უსაფრთხოების ღვედებს ოთხი საყრდენი წერტილი აქვს, ინტერიერის ბევრი დეტალი კი კარბონითაა გაწყობილი, რაც ასევე ამ პატარა ავტომობილის ტემპერამენტიანობას უსვამს ხაზს...

No comments:

Post a Comment