Sunday, October 16, 2011

ფეტელმა მოიგო, ”რედ ბული” ჩემპიონია

Vettel wins in Korea, Red Bull champions
16 ოქტომბერი
პოულ პოზიცია კი წააგო, მაგრამ მსოფლიოს აწ უკვე ორგზის ჩემპიონმა სებასტიან ფეტელმა, კორეის დიდი პრიზი მაინც მოიგო და ამ გამარჯვებით, თავის გუნდსაც გაუნაღდა ზედიზედ მეორე ტიტული.
ფეტელმა თავისი მეორე ტიტული წინა რბოლაში, იაპონიის სუძუკაზე გაინაღდა და ბევრმა ჩათვალა, რომ მისთვის ჩემპიონატმა აზრი დაკარგა. ეს ვარაუდი კვალიფიკაციამაც თითქოს დაადასტურა - ავსტრიულმა გუნდმა ამ სეზონში პირველად ვერ შეძლო პოულის დაუფლება. მაგრამ რბოლამ საპირისპირო დაგვანახა - ფეტელი ისევე მონდომებულია, როგორც სეზონის დასაწყისში და ამაზე ნარბოლევს მისი რეაქციაც ადასტურებს. მას რომ თანაგუნდელებმა რადიოთი მიულოცეს, ისეთი ემოციები გამოხატა, იფიქრებდით, ცხოვრებაში პირველი რბოლა მოიგო.

მართალია, ფეტელმა რბოლა მეორე პოზიციიდან დაიწყო, მაგრამ პირველივე მოსახვევში შეასწრო პოულის მფლობელ ლუის ჰამილტონს და აქედან მოყოლებული, თავისი ლიდერობა ეჭვქვეშ ერთხელაც არ დაუყენებია. ლიდერობა მხოლოდ ერთხელ, პირველი პიტ სტოპის შემდგ დაკარგა, თუმცა როგორც კი მისმა ყველა მეტოქემ მოიარა ბოქსები, მაშინვე მოწინავე პოზიციას პოზიციას დაუბრუნდა. რა თქმა უნდა, ფინიშის ხაზიც პირველმა გადაკვეთა და ამ სეზონში მე-10, კარიერაში კი მე-20 გამარჯვება მოიპოვა.
ფეტელი ახლა თავისი ლეგენდარული თანამემამულის, მიხაელ შუმახერის მიღწევის გამეორებას უმიზნებს - შუმის 2004 წლის სეზონში 13 გამარჯვება აქვს მოპოვებული. და თუ ფეტელი დარჩენილ სამ რბოლასაც (ინდოეთი, აბუ დაბი, ბრაზილია) მოიგებს, ამ რეკორდის გაუმჯობესებას შეძლებს.
თუმცა, მთავარი ეს სულაც არაა. მთავარი ისაა, რომ ფეტელტან ერთად, შარშან მოპოვებული ტიტული ”რედ ბულ რეისინგმაც” მოიპოვა. დარჩენილ სამ რბოლაში, ერთ გუნდს მაქსიმუმ 129 ქულის მოპოვება შეუძლია. კორეული ეტაპის შემდეგ კი, ავსტრიული საჯინიბო უახლოეს მდევარ ”მაკლარენს” 140 ქულას უგებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისთვის მიუწვდომელია.

”იეს, იეს, იეს. ათი გამარჯვება, ჩემო მეგობრებო”, - ფინიშის ხაზის გადაკვეთისას, თანაგუნდელებს ასე მიესალმა ფეტელი, შემდეგ კი დასძინა: ”რბოლის მსვლელობამ უზარმაზარი სიამოვნება მომანიჭა. ჩვენ მანქანისგან მაქსიმუმის მიღება შევძელით. წინა კვირაში მე გავინაღდე ტიტული, ახლა კი გუნდმა. ეს ფანტასტიკურია”.
ჰამილტონი გამარჯვებულს 12 წამით ჩამორჩა და ფინიშთან მეორე მივიდა, მას კი 0.4-წამიანი ჩამორჩენით მიჰყვა ფეტელის თანაგუნდელი მარკ უებერი. ჰამილტონი კვალიფიკაციაზე შეუდარებელი იყო, თუმცა რბოლისას, გარდა იმისა, რომ ფეტელის შეკავება დასაწყისშივე ვერ შეძლო, დიდი გარჯა დასჭირდა იმისათვის, რომ უებერის შეტევები მოეგერიებინა. სხვათა შორის, ავსტრალიელმა მას რამდენჯერმე გაასწრო კიდეც, თუმცა მსოფლიოს 2008 წლის ჩემპიონმა ყველა შემთხვევაში შეძლო მეორე პოზიციის დაბრუნება.
49-ე წრეზე, უებერმა ჰამილტონზე გადამწყვეტი იერიში მიიტანა და სუფთა სლიპ-სტრიმით, მეტოქე უკან მოიტოვა, თუმცა მოსახვევში შესვლისას, სიჩქარე ვერ გათვალა, რამაც ბრიტანელს პოზიციის დაბრუნების საშუალება მისცა. ამის შემდეგ კი მათ შორის ბრძოლა აღარ განახლებულა.
ამჯერად მეოთხე ადგილს დასჯერდა ფეტელის უახლოესი მდევარი ჯენსონ ბატონი, ვინც იაპონიაში გაიმარჯვა. ბატონმა სტარტი მესამე პოზიციიდან აიღო, თუმცა მესამე მოსახვევისთვის, უებერმა და ორივე ”ფერარიმ” გაასწრო. მართალია, კვიცებს რბოლის მსვლელობისას, პირველი პიტ სტოპის შემდეგ გაასწრო, თუმცა უებერის ჩამოტოვება ვეღარ მოახერხა. არადა, ნახევარი რბოლა მის სიახლოვეს იმყოფებოდა.
რბოლის მე-17 წრზე მომხდარი ავარიის გამო, ტრასაზე პეისკარი გამოვიდა, რომელმაც პელოტონი ოთხი წრის განმავლობაში ატარა. ავარია კი ვიტალი პეტროვსა და შუმახერს შორის მოხდა: რუსმა მესამე მოსახვევის წინ სიჩქარე დროულად ვერ დააგდო და მისი ”რენო” ცხვირით შუმის ”მერსედესს” დაეჯახა. ეგ კი არა, ინერციით მოძრავმა მისმა მანქანამ რბოლიდან ფერნანდო ალონსოც ლამის გამოთიშა. ესპანელმა სასწაულებრივად მოარიდა უკონტროლო ”რენოს” თავისი ”ფერარი” და საბოლოოდ, ფინიშთან მეხუთე მივიდა. შუმისთვის რბოლა იქვე დასრულდა, პეტროვმა კი ბოქსებს სარემონტოდ მიაშურა, თუმცა ტრასაზე დაბრუნება ვეღარ შეძლო. რბოლის შემდგ კი სტიუარდებმა ინციდენტში მისი ბრალი დააფიქსირეს. მათი ვერდიქტით, ინდური დიდი პრიზის სტარტზე, რუსი მრბოლი, კვალიფიკაციაზე მოპოვებულზე ხუთი ადგილით უკან დადგება.




კორეის დიდი პრიზი

იონგამი, დისტანცია 305.909 კმ (55 წრე, 5.615 კმ)
1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)           1:30:01.994
2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)        +12.019
3. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                  +12.477
4. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)             +14.694
5. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                +15.689
6. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                          +25.133
7. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო)        +49.538
8. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                  +54.053
9. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო)           +1:02.762
10. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)         +1:08.602
11. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)           +1:11.229
12. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი)         +1:33.068
13. ბრუნო სენა (ბრაზილია, რენო)                               +1 წრე
14. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი)               +1 წრე
15. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                      +1 წრე
16. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                        +1 წრე
17. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი)                       +1 წრე
18. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი)                          +1 წრე
19. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ისპანია)           +1 წრე
20. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი)                +1 წრე
21. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია)               +3 წრე
გ. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)     31 წრე
გ. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო)                          17 წრე
გ. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)              16 წრე

უსწრაფესი წრე: სებასტიან ფეტელი - 1:39.605 (202.941 კმ/სთ, 55-ე წრე)
შენიშვნა: გ - გამოეთიშა

მრბოლთა კლასიფიკაცია
1. სებასტიან ფეტელი - 349 ქულა; 2. ჯენსონ ბატონი - 222; 3. ფერნანდო ალონსო - 212; 4. მარკ უებერი - 209; 5. ლუის ჰამილტონი - 196; 6. ფელიპე მასა - 98; 7. ნიკო როსბერგი - 67; 8. მიხაელ შუმახერი - 60; 9. ვიტალი პეტროვი - 36; 10. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, რენო) - 34; 11. ადრიან სუტილი - 28; 12. კამუი კობაიაში - 27; 13. ხაიმე ალგერსუარი - 22; 14. პოლ დი რესტა - 21; 15. სებასტიან ბუემი - 15; 16. სერხიო პერესი - 13; 17. რუბენს ბარიკელო - 4; 18. ბრუნო სენა - 2; 19. პასტორ მალდონადო - 1

კონსტრუქტორთა პირველობა
1. რედ ბულ-რენო - 558 ქულა; 2. მაკლარენ-მერსედესი - 418; 3. ფერარი - 310; 4. მერსედესი - 127; 5. რენო - 72; 6. ფორს ინდია-მერსედესი - 49; 7. ზაუბერ-ფერარი - 40; 8. ტორო როსო-ფერარი - 37; 9. უილიამს-კოსუორტი - 5

No comments:

Post a Comment