Friday, November 25, 2011

„მაზდამ“ ენერგიის კონდენსატორიანი დამგროვებელი შეიმუშავა

Mazda announces world first capacitor-based regenerative braking system
25 ნოემბერი
საავტომობილო კომპანიები, თავიანთ ავტომობილებში სულ უფრო ხშირად იყენებენ მუხრუჭების კინეტიკური ენერგიის რეგენერაციის სისტემებს, რომლების მეშვეობითაც, მნიშვნელოვნად მცირდება საწვავის ხარჯი. მათი უმეტესობა, ენერგიის დაგროვების საშუალებად აკუმულატორებს იყენებს, ცოტამ არჩევანი მექანიკურ დამგროვებელზე შეაჩერა. კონდენსატორიანი სისტემა კი აქამდე მხოლოდ „ტოიოტამ“ გამოიყენა (2007 წელს, ტოკაჩის 24–საათიან რბოლაში, ჰიბრიდულ სუპრა HV-R–ზე), რის შემდეგაც, აკუმულატორებზე გადავიდა.

მაგრამ როგორც ჩანს, კონდენსატორიანი სისტემა დასავიწყებელი არ იყო და ამას სხვებზე ადრე „მაზდაში“ მიხვდნენ – იაპონურმა კომპანიამ სრულიად ახალი ტიპის სისტემა შეიმუშავა, რომელსაც i-ELOOP (ინტელიჯენტ ენერჯი ლუპ, ანუ ენერგიის საზრიანი მარყუჟი) უწოდა. სისტემა პირველად კონცეპტუალურ მოდელ „ტაკერიზე“ დააყენეს, რომელსაც საზოგადოება პირველად ტოკიოს მოტორ შოუზე იხილავს.
აკუმულატორიან დამგროვებელთან შედარებით, i-ELOOP–ს რიგი უპირატესობანი გააჩნია. მაგალითად, მას არ სჭირდება ელექტროძრავი და აკუმულატორების ბლოკი, რომლებიც მანქანას ამძიმებს და დიდ ადგილს იკავებს. ამასთან, ძალიან სწრაფად იმუხტება და აკუმულატორთან შედარები, დიდხანს ინარჩუნებს მუშა მდგომარეობას.
სისტემაში შედის 12–25 V ცვლადი ძაბვის ალტერნატორი, დაბალი წინაღობის ორშრიანი კონდენსატორი და DC/DC გარდამქმნელი. სისტემა იმ ენერგიას აგროვებს, რომელიც ავტომობილის შენელების პროცესში გამოყოფილი სითბოს სახით იკარგება ხოლმე. დამუხრუჭების პროცესში, სისტემა 25 ვოლტამდე ელექტრობას გამოიმუშავებს და კონდენსატორს გადასცემს, სადაც წამებში გროვდება. იმავდროულად, DC/DC ბლოკი ძაბვას 12 ვოლტამდე ამცირებს და მას ავტომობილის დამხმარე ელექტრულ სისტემებს აწვდის. საჭიროების შემთხვევაში, ეენრგია აკუმულატორსაც მიეწოდება.
„მაზდა“ აცხადბს, რომ სტარტ–სტოპ სისტემა „i–სტოპთან“ ერთად, i-ELOOP–ი საწვავის ხარჯს დაახლოებით 10 პროცენტით ამცირებს. რაც მთავარია, სერიულ ავტომობილებზე ის მომავალი წლიდან გამოჩნდება. რაც შეეხება კონცეპტუალურ „ტაკერის“, ამ ავტომობილით იაპონური კომპანია მალე „მაზდა6–ს“ შეცვლის.

No comments:

Post a Comment